ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტში კიდევ ერთი ტერმინალი აშენდება

101
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში „ტავ ჯორჯია“ 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბათუმის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა, იუწყება საქართველოს მთავრობის ვებგვერდი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 1,2 მლნ მგზავრს მოემსახურება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი განსაკუთრებულ შემთხვევაში წელიწადში 1,5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მინისტრის განცხადებით, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება აეროპორტის როგორც გაფრენის, ისე მოფრენის დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მგზავრობის კომფორტის ხარისხს.

„მას შემდეგ, რაც დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევა, საქართველოში კვლავ გაგრძელდება ტურიზმის განვითარება და ტურისტების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას დაუბრუნდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და აღნიშნული პროექტი არის იმ ოპტიმისტური ხედვის ნაწილი, რომელსაც ჩვენთან ერთად, სრულად იზიარებს აეროპორტის მენეჯმენტ-კომპანია, ჩვენ კი ამ პროცესს ხელს ვუწყობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რეკონსტრუქციას აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ - ჯორჯია“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობის გაფართოება მოფრენის მხარეს - 30 მეტრით, გაფრენის კი - 42 მეტრით.

ბათუმის  საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ 14 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

2020 წლის პირველ კვარტალში ბათუმის აეროპორტი დაახლოებით 47,6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველომ 21 მარტიდან ყველა მიმართულებით მთლიანად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახსნას, ხოლო 31 ივლისიდან საზღვრები გარკვეული კატეგორიის საერთაშორისო ტურისტებს გაუხსნას. კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის კი საქართველო ცას 1 ივლისიდან გახსნის.

101
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (144)

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

47
(განახლებულია 16:15 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას – საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, იანვარი-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარი–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, გერმანია - 168,1 მლნ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი – 30,6%-ით, იმპორტი – 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

47
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მშენებლობა

ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა

67
(განახლებულია 15:28 15.07.2020)
უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში ამოქმედდა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბინის ყიდვა წლის ბოლომდე სურთ, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, პროგრამის მიმართ კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქტიურობაა.

„ძალიან მალე ჩვენ უკვე საშუალება გვექნება, რომ ბანკებთან ერთად სტატისტიკა ვაწარმოოთ. აპლიკაციების მიღება დაწყებულია, უკვე მუშავდება და პირველი ნაკადის სტატისტიკას აუცილებლად მალე მოგაწვდით“, – განაცხადა ხიდურელმა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირება ხორციელდება მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამშენებლო სექტორის დახმარებისკენაა მიმართული.

უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადაჭრის მიზნით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს. ვისაც სურს ბინის შეძენა 2020 წლის ბოლომდე, მთავრობა მათი იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მოახდენს. იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე 200 ათას ლარამდე თანხის შემთხვევაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების თანახმად, იპოთეკური სესხები 20 წლამდე ვადით გაიცემა და ბინის შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ს შეადგენს. ანუ დანარჩენი 30% მყიდველმა უნდა შეიტანოს ბინის შეძენისას. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მიღების მსურველი კი, რომელიც იპოთეკურ სესხს აიღებს, გადასახდელი 30%-დან მინიმუმ 10%-ს დაფარავს, დანარჩენ 20%-ზე კი სახელმწიფო იძლევა გარანტიებს, რომლის თანახმად მყიდველს ამ თანხის გადახდა გადაუვადდება.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

გეგმის მიხედვით, მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მლნ ლარს გამოყოფს, იპოთეკური კრედიტების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიებისთვის – 14 მილიონ ლარს.

პროგრამა წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე იმოქმედებს. საქართველოში ლიცენზირებული 15 ბანკიდან პროგრამაში ხუთი დაწესებულება მონაწილეობს. ახალ პირობებში ბინებს მოსახლეობას დაახლოებით 70 სამშენებლო კომპანია სთავაზობს.

საკრედიტო გარანტიების სქემა

ხიდურელის განცხადებით, ასევე დიდი აქტიურობაა საკრედიტო–საგარანტიო სქემის ნაწილშიც.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი წილი რესტრუქტურირებულ სესხებზე მოდის, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ კვირაში უკვე პირველი რამდენიმე შემთხვევა გვექნება ახალი ბიზნესების, სადაც სახელმწიფო გარანტორად გამოვა“, – აღნიშნა ხიდურელმა.

პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ კრედიტზე გარანტიის მოცულობა ნაცვლად სესხის არაუმეტეს 70%-ისა, იქნება 90%.

კორონავირუსი უძრავი ქონების ბაზარს ურტყამს: რა ელის სფეროს?>>

საკრედიტო–საგარანტიო უზრუნველყოფის სქემის მიხედვით, მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის და არაუმეტეს 5 მლნ ლარის კრედიტის აღებას.

ასევე სახელმწიფო, კრედიტის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, 30%-ის უზრუნველყოფას მოახდენს.

67
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ნაგვის გადავსებული ურნა

ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იზრდება თბილისის მერია სანქციებს ამკაცრებს

0
(განახლებულია 15:36 15.07.2020)
ქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გარემოს დაბინძურებას საშიში სამედიცინო და სამშენებლო ნარჩენებით

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით ფიზიკური პირებისთვის 25–ჯერ და იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს და ჯარიმები იწერება, გარემოს დაბინძურება მაინც გრძელდება. ამიტომ თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მოიწონა. ახლა ჯარიმების თანხები დამაჯერებლად გაიზრდება.

საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები გაიზრდება>>

მერის განცხადებით, დაწყებულია ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი – პარკები, სკვერები, საქალაქო პარკების რეაბილიტაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისი თქმით, ქალაქში სერიოზული გამოწვევაა სამედიცინო და ინერტული ნარჩენები.

„სამედიცინო ნარჩენები ანტისანიტარიისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი წყაროა. ინერტული მასალები როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, ბევრი ჯარიმა გამოიწერა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯარიმების გამოწერა დამრღვევებისთვის შვება იყო. ეს ადამიანები უპრობლემოდ იხდიდნენ ჯარიმას, გრძელდებოდა ამ ნარჩენების დაყრა ქალაქის სხვადასხვა კუთხეში, უბნებში“, – განაცხადა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის იზრდება 25–ჯერ, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 10–ჯერ. სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში სანქციები როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ათჯერ გაიზარდა.

კალაძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გამოსწორება, რაც საზოგადოების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

„სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემთხვევაში, ფიზიკური პირი, ნაცვლად 500 ლარისა, დაჯარიმდება 5 000 ლარით, იურიდიული პირი  – 1000 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 10 ათასი ლარით. რაც შეეხება სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების შემთხვევებს, ფიზიკური პირი, რომელიც 200 ლარით ჯარიმდებოდა, დაჯარიმდება 5000 ლარით, იურიდიული პირი, 1500 ლარის ნაცვლად, დაჯარიმდება 15 000 ლარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ეს მიმართულება მერიის მუშაობის ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი გახდება.

0
თემები:
თბილისის მერია