ბანკი

რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი? დეპოზიტი ლარში, დოლარში თუ ევროში?

1230
(განახლებულია 19:08 29.06.2020)
საბანკო სექტორის ერთი თვის მონაგარი. შემოსავლები და მოგება, საკრედიტო პორტფელის მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები. მართალია თუ არა, რომ სესხი გაძვირდა, როგორია დეპოზიტების მოცულობა, რა იკითხება ეროვნული ბანკის მონაცემების მიღმა?

სამსონ ხონელი

მკათათვე მიიწურა, ეროვნული ბანკი ვარდობისთვის ანგარიშს აქვეყნებს... საკამათო არ არის, ჯობს საფინანსო-საბანკო სექტორის მთავარი მარეგულირებელი ყოველთვიურ შემაჯამებელ ინფორმაციას ოპერატიულად ავრცელებდეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ხანდაზმულობის ვადას მომხმარებლებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტული ციფრები და თანდართული ანალიტიკური მასალა საფინანსო ბაზარზე არსებულ ტენდენციაზე მიანიშნებს.

კობა გვენეტაძის უწყების ყოველთვიური ანგარიში მოიცავს მონაცემებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში კომერციული საბანკო სექტორის ჯამური შემოსავლებისა და მოგება-ზარალის, საკრედიტო პორტფელის მოცულობის, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტზე საპროცენტო განაკვეთებისა და დეპოზიტების შესახებ. მივყვეთ თანმიმდევრულად.

მიმდინარე წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 15 კომერციული ბანკი ოპერირებს. მაისში საბანკო სექტორის შემოსავლებმა 362.625 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2.625 მილიონი ლარით ნაკლებია. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 306.333 მილიონი ლარი საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. კომერციულმა ბანკებმა 1.217 მილიონი ლარი ჯარიმა/საურავებიდან, ხოლო 20.937 მილიონი ლარი საკომისიოებიდან და სხვა მომსახურებიდან მიიღეს.

მართალია, უმნიშვნელოდ, მაგრამ შემოსავლები შემცირდა. ეს მოგების მაჩვენებელზეც აისახა. კომერციულმა ბანკებმა მაისი 53.353 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.631 მილიონი ლარით ნაკლებია. გასული წლის მაისში ბანკების წმინდა მოგება 63.984 მილიონ ლარს შეადგენდა.

გადავხედოთ კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელს. ეროვნული ბანკის მონაცემებით:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 25.40 მილიონი ლარით, 0.20 პროცენტით შემცირდა და სულ 34.18 მილიარდი ლარი შეადგინა. ახლა საინტერესოა, საერთო საკრედიტო პორტფელში როგორია ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი. პასუხი ამ კითხვაზე საშუალებას მოგვცემს, მეტ-ნაკლებად გავარკვიოთ ტენდენცია, დაკრედიტებისას კრედიტორი და დებიტორი რომელ ვალუტას ანიჭებენ უპირატესობას. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მილიონი ლარით, 0.20 პროცენტით შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მილიონი ლარით, 0.02 პროცენტით გაიზარდა. მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა.

სხვისი არ ვიცი, ჩემთვის კი ეს მონაცემები მოულოდნელი არ ყოფილა. რატომ? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ: კომერციული ბანკი დაინტერესებულია სესხი მყარ ვალუტაში გასცეს. ამით კრედიტორი თავს იზღვევს საფინანსო ბაზარზე არსებული სავალუტო რყევებით გამოწვეული რისკებისგან. გარდა ამისა, გაცილებით მარტივად პროგნოზირებადია საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში მისაღები შემოსავლების მოცულობა დროის როგორც მოკლე და საშუალო, ისე შედარებით გრძელვადიან პერიოდში. შეგახსენებთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 12 პროცენტით გაუფასურდა. ამგვარი მსჯელობისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომერციულ ბანკს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება მხოლოდ მაშინ აქვს, როცა კრედიტის მოცულობა 200 ათას ლარს აღემატება. რაც შეეხება მსესხებელს, სპეციალისტების რჩევაა კრედიტი იმ ვალუტაში აიღოს, რაშიც შემოსავალი აქვს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა სავალუტო რყევების პირობებში. თუმცა ტენდენცია სხვაგვარია. რატომ? – შესაძლოა კვლავაც ჩამეძიოს მკითხველი. უპასუხოდ არც ამ კითხვას დავტოვებ.

სავარაუდოდ, დებიტორი, თუ საკრედიტო თანხის მოცულობა 200 ათას ლარს აჭარბებს და, შესაბამისად, არჩევანის უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ის სავალუტო რისკებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და საპროცენტო განაკვეთით ხელმძღვანელობს. მაგალითად: თუ ჩვენ 200 ათას ლარს 10 წლის ვადით, წლიურ 12 პროცენტში ვისესხებთ, ყოველთვიური საბანკო ვალდებულება 2 870 ლარს შეადგენს. ახლა ვნახოთ ყოველთვიურად რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ დღევანდელი კურსით 200 ათასი ლარის ეკვივალენტ 66 ათას დოლარს იმავე 10 წლის ვადით და წლიური 6 პროცენტით ვისესხებთ. ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 734 დოლარი იქნება, რაც იმავე კურსით 2 211 ლარია. სხვაობა შთამბეჭდავია – 649 ლარი! არავინ იფიქროს, რომ სპეციალისტების რჩევას უგულებელვყოფ და კრედიტის დოლარში აღების აგიტაციას ვეწევი. არა, უბრალოდ დასმულ კითხვას გავეცი პასუხი. აქვე მკითხველი შესაძლოა დაინტერესდეს, რა ხდება, როცა საბანკო რეგულაციებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო კრედიტის უცხოურ ვალუტაში გაცემა ვერ ხერხდება? პასუხი მარტივია, კომერციული ბანკი მსესხებელს კრედიტის აღებას ლარში სთავაზობს. ამასობაში „თიბისი კაპიტალი“ ახალი კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ მოსალოდნელია, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3.15-ს გაუტოლდეს, ხოლო წლის ბოლოს 3.0-მდე გამყარდეს. გამართლდება თუ არა პროგნოზი და შესაძლო სავალუტო რყევას რა გავლენა ექნება ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობასა და საპროცენტო განაკვეთებზე, დრო გვიჩვენებს. ახლა კი ვნახოთ, როგორი იყო საპროცენტო განაკვეთების დინამიკა მაისის თვეში.

კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში (1-31 მაისი) წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მთლიან სესხებზე 13.6 პროცენტს შეადგენდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით მეტია. მიაქციეთ ყურადღება, ბოლო ერთ წლიწადში ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 14.8 პროცენტიდან 16.6 პროცენტამდე გაიზარდა. საპოცენტო განაკვეთის ზრდა ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 21.6 პროცენტს შეადგენდა. ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.5 პროცენტით მეტია. საპროცენტო განაკვეთი 10.6 პროცენტიდან 12.3 პროცენტამდე გაიზარდა იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზეც. სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობის შეფასებით, ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას პირველ რიგში ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობებს.

უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთის შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.2 პროცენტი იყო. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთს, ის 7.3 პროცენტიდან 6.8 პროცენტამდე შემცირდა.

ამასობაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ე.წ. რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა და 8.25 პროცენტი გახდა. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსთა ჯგუფი გამოეხმაურა. მათი შეფასებით, სასურველია, ეროვნულმა ბანკმა შემდეგ სხდომებზე უფრო მკვეთრად შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს, ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე და, მეორე მხრივ, დადებით მოლოდინს გააჩენს, რადგან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების ერთ-ერთი სიგნალია. ეს მომავალში, მანამდე კი სესხზე ყოველთვიური

შენატანი 119 200 მსესხებელს შეუმცირდება. დიახ, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სწორედ ამ რაოდენობისა და 6140.55 მილიონი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

ორიოდე სიტყვა საბანკო სექტორში განთავსებულ არასაბანკო დეპოზიტებზეც უნდა ვთქვათ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისის ბოლოს დეპოზიტების მოცულობამ 28.22 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის მაჩვენებელზე 636.68 მილიონი ლარით, 2.31 პროცენტით მეტია. კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში ვადიანი დეპოზიტები 490.18 მილიონი ლარით, ანუ 3.92 პროცენტით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 146.50 მლნ ლარით, ანუ 0.97 პროცენტით გაიზარდა. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის მაისის თვის ბოლოს 35.92 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.57 პროცენტია. ამ პერიოდში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სულ 7.02 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.53 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.93 პროცენტი. ვეჭვობ, არავის გაუკვირდება, რომ უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში უდიდესი წილი, 84.34 პროცენტი ამერიკულ დოლარზე მოდის. მომდევნო პოზიცია ევროს უკავია 14.3 პროცენტით.

და, ბოლოს, თავად ვუპასუხებ სტატიის სათაურში დასმულ კითხვას. ეცადეთ არ ისესხოთ. თუ აღება გარდაუვალია, მოიძიეთ უპროცენტო ფული. თუ ესეც არ ხერხდება, გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი − სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევა თუ შედარებით ნაკლები ყოველთვიური სასესხო შენატანი? ორივეს ერთად ვერ შეძლებთ! რაც შეეხება დეპოზიტს, გამოცდილება არ მაქვს და ვერაფერს ვიტყვი. ისე კი, მახსოვს, წლების წინ ერთ ბანკირს რჩევისთვის მივმართე – დანაზოგი რომ მქონდეს, დეპოზიტზე რომელ ვალუტაში შევინახო-მეთქი. მოკლედ მიპასუხა, შენი რაც არის, შენთანვე იყოსო! დანარჩენი თქვენ იცით...     

 

1230
ისტიციის სახლი, სადაც ეროვნული ბანკის ოფისია განლაგებული

რა იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდის მიზეზი 2021 წელს

31
(განახლებულია 00:31 30.10.2020)
გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს საგარეო მოთხოვნის შემცირებაზე, მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ძირითადად, წინა თვეებთან შედარებით, ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.

„საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს საქონლის ექსპორტზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო და, იანვრის შემდეგ პირველად, სექტემბერში წლიურად 8.6 პროცენტით გაიზარდა. გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდაც“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ინფლაცია კონტროლს ქვეშაა

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

„წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან (3%) ახლოს იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გავლენა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, ყურადღება მისაქცევია ასევე საგარეო მოთხოვნის შემცირება.

„კორონავირუსის გააქტიურებისა და პანდემიის გახანგრძლივების მოლოდინების ფონზე, 2021 წელს, წინა პროგნოზებთან შედარებით, გლობალური  ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც საგარეო მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, - ასეთ პროგნოზს დებენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის ვარდნით იყო გამოწვეული.

რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში მარტიდან კომენდანტის საათი და კარანტინი დაწესდა. ეკონომიკური აქტიურობის წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან რეფინანსირების განაკვეთი სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა.

რამდენი სესხია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკები“ მონაცემებით, 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოში მთლიანობაში 6,7 მილიარდი ლარის 122,9 ათასი სესხია გაცემული. სესხების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

რატომ არის შეუძლებელი სესხებზე პროცენტების მკვეთრი დაწევა: გვენეტაძის განმარტება >>

არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 ოქტომბრისთვის ქვეყანაში 2,3 მილიარდი ლარის 49,8 ათასი იპოთეკური სესხია გაცემული. მათზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10,47%-ს შეადგენს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ძველ დონეზე დატოვა, შესაბამისად, უკვე აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც არ შეიცვლება.

ეროვნული ბანკი ეკონომიკაში წონასწორობას უზრუნველყოფს

ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა შეაფასა.

„პანდემიის ფონზე ძალიან რთულია დაადგინო, რამდენად ზუსტად აკეთებს დასკვნებს ცენტრალური ბანკი შექმნილ სიტუაციაში. პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდია გაურკვევლობის ფაქტორი და ეკონომიკაში მუდმივი შოკები ხდება“, - განუცხადა ცომაიამ Sputnik-საქართველოს.

მისი თქმით, ამჟამად მცირდება მოთხოვნა, მაგრამ ამავე დროს მიწოდებაც მცირდება.

„მოთხოვნის შემცირება იწვევს ფასების შემცირებას სასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებებზე, ხოლო მიწოდების შემცირება, პირიქით, ხელს უწყობს ფასების ზრდას იგივე საქონელსა და მომსახურებაზე. ამ კონტექსტში, გაურკვევლობის ფაქტორი დიდ როლს ასრულებს, ძნელია განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთების ის ოპტიმალური დონე, რომელიც ინფლაციურ-ტარგეტირებულ დონეს უზრუნველყოფს", - განაცხადა ცომაიამ.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვებით, შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკი არ ცდება, რადგან ინფლაციის დონე თანდათან მცირდება.

31
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ავიაკომპანია Wizz Air

Wizz Air–ი საქართველოში ბაზას, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულზე აღადგენს

29
(განახლებულია 11:00 30.10.2020)
ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების სამომავლო პერსპექტივებს, განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის კუთხით, ოპტიმიზმით უყურებენ

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air–მა შეიძლება ქუთაისში ფრენების ბაზა 2021 წლის გაზაფხულზე აღადგინოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მინისტრის თქმით, კომპანიას თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის პანდემიის გამო მოუხდა. თუმცა, ახლა საქართველოში ბაზის აღდგენის საკითხს კვლავ განიხილავს.

 „Wizz Аir–ი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში ბაზებს აღადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო პანდემიით გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ ქვეყანაში  ავიაკომპანიებს და Wizz Аir–ს  თავისი ბაზების შემცირება და ფრენების შეწყვეტა მოუწია, მაგრამ ახლა  ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში ხედავს პოზიტიურ ტრაექტორიას  და აცხადებს, რომ გაზაფხულზე, დიდი ალბათობით, ბაზა აქ აღდგება“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანიები ოპტიმიზმით უყურებენ საქართველოში ფრენების სამომავლო პერსპექტივებსა და ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობებს. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთბაშად არ მოხდება და პროცესი ეტაპობრივი იქნება.

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას. ავიაკომპანია ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს.

29
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
საარჩევნო პლაკატები

მრავალპარტიული არჩევნები მრავალეროვან საქართველოში ანუ არჩევანის თავისუფლების ხარისხი

0
(განახლებულია 09:28 30.10.2020)
ერთხელ „ქართული ოცნების“ სულისჩამდგმელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: საქართველოში ისეთი დემოკრატია უნდა შევქმნათ, ევროპელები გავაოცოთო...

გაოცებისა რა გითხრათ, მაგრამ მისი მმართველობის 8 წლის თავზე, მართალია კორონასა და პირაკრული საზოგადოების ფონზე, საქართველოში, ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, მართლაც ტარდება ისეთი არჩევნები, სადაც ბელადი და ცალსახა ლიდერი ერთმნიშვნელოვნად არ არის გამოკვეთილი.

მართალია, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა ხმების 60 პროცენტს მიიღებს, მაგრამ რეალურად ასეთი განცხადებები ყველა პარტიის წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალებაა და უფრო რეალისტები რომ ვიყოთ, მმართველი ძალა 40 პროცენტზე მეტის მიღების შედეგადაც ძალიან კმაყოფილი უნდა დარჩეს. ცნობილია, რომ ზოგადად, 8 წლის შემდეგ, როგორი უნაკლოც არ უნდა იყოს მმართველი ძალა, მოსახლეობას ის ბეზრდება და ახალი ძალა სურს იხილოს მმართველობის სადავეებთან. თუმცა უახლოეს ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და ეს გამონაკლისია მაგალითად გერმანია, სადაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია რამდენიმე ვადით მართავდა ქვეყანას და გერმანელები ამით არც თუ უკმაყოფილო ჩანდნენ.

...თუმცა, სანამ გერმანიის სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობას მივაღწევთ, ქართველებს 24-საათიანი შრომა დაგვჭირდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მანამდე კი ხვალ მოსალოდნელ არჩევნებს და მის შედეგებს შევეხოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილად ძალიან კარგია ამომრჩევლისათვის, რომ ეს არჩევნები ორპოლუსიანობით აღარ ხასიათდება და ყველა ჯურისა და გემოვნების ადამიანს საკუთარი სინდისისა და გემოვნების, ასევე უშიშრად შეუძლია ხმის მიცემა. არჩევნებამდე პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ ექსპერტთა უმრავლესობა მაინც დარწმუნებულია, რომ პირველ ადგილს მმართველი გუნდი დაიკავებს. მეორე საპრიზო ადგილს, ბუნებრივია, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისია გაერთიანება - „ძალა ერთობაშია“.

აი, შემდეგ კი მონასტერი ირევა და არავინ იცის, ვინ დაიკავებს ბრინჯაოს საპრიზო ადგილს. კარგი სასტარტო პირობები და სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის „პატრიოტებს“, მაგრამ, ამ ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევებით, რომელთა სანდოობა კიდევ ცალკე განსჯის საკითხია, „ევროპული საქართველო“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, იგივე „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაწინაურებულან. ისე, გასაკვირი არცაა, რადგან ბოლო დროს საკმაოდ მოდური გახდა გამოთქმა - ვაშაძე უფრო ხშირად გირეკავთ თუ შეყვარებულიო! ჰოდა, ხომ იცით, მიჩვევაა ყველაფერი...

საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მიუხედავად, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა „ლელომ“, თუმცა იმაზე არავინ დავობს, რომ „ლელო“ 5-6 ადამიანს შეიყვანს პარლამენტში.

მართალია, 2020-ის არჩევნები ნამდვილად არ აღმოჩნდა ისეთი გარდამტეხი დ საოცარი, როგორც 2-3 წლით ადრე გვეგონა, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ახლა მაინც ვერ დაიწუწუნებს - არჩევანი არა მაქვსო. არა, ბატონო, არჩევანიც გვაქვს და არადანიც, რადგან ჩემი და კიდევ რამდენიმე ნაცნობის გარდა, ყველა კენჭს იყრის იმ იმედით,  1 პროცენტს როგორ ვერ ავიღებ და საოცნებო პარლამენტში როგორ ვერ მოვხვდებიო. ერთმა პარტიამ ასეთი საოცარი ნოუ ჰაუც კი მოიგონა - პოპულარული ადამიანები დაპატიჟა პარტიაში და პირობა დადო, თითოეული ჩვენგანი მხოლოდ 6 თვე ვიქნებით პარლამენტარი და შემდეგ სხვას დავუთმობთ ადგილსო. ამ ლოგიკით სულ ცოტა, 8 ადამიანს მხოლოდ ამ პარტიიდან მოუწევს 6-თვიანი დეპუტატობა და შემდეგ - 560 ლარიანი ხელფასი. ცოტა კურიოზული ამბავია და დავით კლდიაშვილის კალმის ღირსი, მაგრამ სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოს რეალობაა. რეალობა, რომელშიც ღირსეული შრომით ადამიანები დეპუტატის პენსიაზე ნაკლებ თანხას ძლივს მოიპოვებენ...

და ყველას, ვინც 30 ოლქსა თუ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, სწორედ მწყობრი გეგმა უნდა ედოს მაგიდაზე, როგორ აპირებს ამის შეცვლას და ღირსეული ქვეყნის ჩამოყალიბებას, სადაც საშუალო ფენა გაჩნდება, პროდუქციას აწარმოებს და პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებისათვის არ დასჭირდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი, თუმცა არჩევანის სიმწირეს ვერავინ დაიკვეხნის და მათ შორის ისეთი ღირსეული ცალკეული ინდივიდები გამოჩნდნენ პოლიტიკაში, ადრე ქუდის გამოსატანადაც რომ არ შევიდოდნენ...

 

0