ყურძენი

როგორ დაეხმარება სახელმწიფო მევენახეებს რთვლის დროს

199
(განახლებულია 13:30 23.06.2020)
მიმდინარე წელს სუბსიდიები, დიდი ალბათობით, გამოიყოფა მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძნისთვის, მიიჩნევს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთვლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების ფონზე საქართველოდან ღვინის ექპორტის მოცულობა შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%-ით, 73 მლნ დოლარამდე დაეცა.

მეხუზლას განცხადებით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ „საფერავი“ თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე სუბსიდირება არ შეეხება იშვიათი ჯიშის ყურძენს, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაა. ერთი შეიძლება ითქვას, რომ „რქაწითელის“ სუბსიდია იქნება აუცილებელი“, – განაცხადა მეხუზლამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში პროდუქციას ჩაიბარებს სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მთავარი ამოცანაა მთელი ყურძნის მოსავლის ჩაბარება და გამოყენება.

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. ეს გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღეს პრემიერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აღარ გამოყოფს სუბსიდიას ღვინის წარმოებასა და ღვინის ქარხნებისთვის ყურძნის ჩაბარებაზე. ყურძნის შესყიდვის ფასს ბაზარი განსაზღვრავს, ანუ ფერმერები და ღვინის კომპანიები პირდაპირ თანხმდებიან ღირებულების შესახებ.

199
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (72)

ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში

38
(განახლებულია 10:16 15.07.2020)
პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას - საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან 16,8%-ით შემცირდა 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით და 4,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო პანდემიის პირობებში
© Sputnik / Konstantin Ivanov.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის") მონაცემებით, იანვარ-მაისში საქართველოდან 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,2%-ით ნაკლებია.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში 1,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,2%-ს შეადგენს.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–მაისში 1,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: აზერბაიჯანი - 409,1 მლნ დოლარზე მეტი, აშშ - დაახლოებით 187,7 მლნ დოლარი, უკრაინა - 205,7 მლნ დოლარზე მეტი, სომხეთი - 216,5 მლნ დოლარზე მეტი, გერმანია - 168, 1 მლნ დოლარზე დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 175 მლნ დოლარი, იტალია - დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი.

საქართველო ასევე ვაჭრობს ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნებთან.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 30,6%-ით, იმპორტი კი 34,3%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

38
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მშენებლობა

ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა

58
(განახლებულია 10:09 15.07.2020)
უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში ამოქმედდა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბინის ყიდვა წლის ბოლომდე სურთ, განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, პროგრამის მიმართ კერძო სექტორის მხრიდან დიდი აქტიურობაა.

„ძალიან მალე ჩვენ უკვე საშუალება გვექნება, რომ ბანკებთან ერთად სტატისტიკა ვაწარმოოთ. აპლიკაციების მიღება დაწყებულია, უკვე მუშავდება და  პირველი ნაკადის სტატისტიკას აუცილებლად მალე მოგაწვდით“, – განაცხადა ხიდურელმა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირება ხორციელდება მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამშენებლო სექტორის დახმარებისკენაა მიმართული.

უძრავი ქონების გაყიდვის შემცირების პრობლემის გადაჭრის მიზნით ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებს ბინების შეძენის პროცესი გაუმარტივოს. ვისაც სურს ბინის შეძენა 2020 წლის ბოლომდე, მთავრობა მათი იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მოახდენს. იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე 200 ათას ლარამდე თანხის შემთხვევაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების თანახმად, იპოთეკური სესხები 20 წლამდე ვადით გაიცემა და ბინის შეძენის შემთხვევაში უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ს შეადგენს; ანუ, სესხს ბანკი გასცემს. რადგან უზრუნველყოფის კოეფიციენტი 70%-ია, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მიღების მსურველმა, რომელიც იპოთეკურ სესხს აიღებს, გადასახდელი 30%-დან მინიმუმ 10% უნდა დაფაროს, დანარჩენ 20%-ზე კი სახელმწიფო იძლევა გარანტიებს, რომლის თანახმად მყიდველს ამ თანხის გადახდა გადაუვადდება.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

გეგმის მიხედვით, მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მლნ ლარს გამოყოფს, იპოთეკური კრედიტების პორტფელზე სახელმწიფო გარანტიებისთვის  - 14 მილიონ ლარს.

პროგრამა წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე იმოქმედებს. საქართველოში ლიცენზირებული 15 ბანკიდან პროგრამაში ხუთი დაწესებულება მონაწილეობს. ახალ პირობებში ბინებს მოსახლეობას დაახლოებით 70 სამშენებლო კომპანია სთავაზობს.

საკრედიტო გარანტიების სქემა

ხიდურელის განცხადებით, ასევე დიდი აქტიურობაა საკრედიტო–საგარანტიო სქემის ნაწილშიც.

„რა თქმა უნდა, უფრო მეტი წილი რესტრუქტურირებულ სესხებზე მოდის, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ კვირაში უკვე პირველი რამდენიმე შემთხვევა გვექნება ახალი ბიზნესების, სადაც სახელმწიფო გარანტიაში შედის“, – აღნიშნა ხიდურელმა.

პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ კრედიტზე გარანტიის მოცულობა ნაცვლად სესხის არაუმეტეს 70%-ისა, იქნება 90%.

კორონავირუსი უძრავი ქონების ბაზარს ურტყამს: რა ელის სფეროს?>>

საკრედიტო–საგარანტიო უზრუნველყოფის სქემის მიხედვით, მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის და არაუმეტეს 5 მლნ ლარის კრედიტის აღებას.

ასევე სახელმწიფო, კრედიტის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, 30%–ის უზრუნველყოფას მოახდენს.

58
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქუთაისი

რატომ აღარ მოსწონთ მერებსა და მოადგილეებს თანამდებობები? ვინ შეელია სავარძელს

0
(განახლებულია 13:47 15.07.2020)
საპარლამენტო არჩევნების წინ ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებია - ჩინოვნიკები თანამდებობებს ტოვებენ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მერის ერთ-ერთმა მოადგილე ნინო თვალთვაძემ ყველასთვის მოულოდნელად თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვალთვაძის გადადგომა ბოლო თვეებში ჩინოვნიკების მიერ თანამდებობის დატოვების რიგით მეექვსე შემთხვევაა. მარტსა და აპრილში საკუთარი სურვილით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს კასპის, თერჯოლის, ონის, ქუთაისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მერებმა.

„ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ამიტომაც, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ქუთაისის სამსახურში. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე იყო რთული დღეებიც და დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას", - დაწერა თვალთვაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ამ დროისთვის უცნობია თვალთვაძის გადადგომის მიზეზი და მისი სამომავლო გეგმები. მან ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის მაისში დაიკავა.

ორი დღით ადრე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გუნდში.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. თუმცა, ბათუმის მერიაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ადრე, მერების გადადგომის ტალღასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), რომელმაც განაცხადა, რომ მოკლე პერიოდში არჩეული ჩინოვნიკების თანამდებობებიდან გადადგომა იწვევს ეჭვს და შეიძლება იგი „არაჯანსაღი პროცესის" შედეგი იყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ყოფილ ჩინოვნიკებს მოუწოდა საზოგადოებას საჯაროდ და ნათლად განუმარტონ გადადგომის მიზეზები.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება