ბანკის საქმიანობა

რა ცვლილებები შედის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც პარლამენტი მალე დაამტკიცებს

171
(განახლებულია 16:11 22.06.2020)
პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის ცვლილებების საკომიტეტო განხილვები დაასრულა და, ალბათ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს. ცვლილებების მიზეზი კორონა-კრიზისია, რამაც ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკური მდგომარეობა.

პანდემიამდელი პროგნოზი, რომ მშპ 4.5%-ით გაიზრდებოდა, ცვლილებების მიხედვით, პირიქით, 4%-ით მცირდება. შემოსულობები თითქმის 4 მლრდ-ით იზრდება და 18.4 მლრდ იქნება. შემოსავლები შემცირდება 1 მლრდ ლარით და 10,2 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, შემოსულობები საერთაშორისო დონორებისგან ნასესხები ფულით იზრდება. მოქმედი ბიუჯეტიდან დაგეგმილი ხარჯები 547 მლნ ლარით შემცირდა, სამაგიეროდ, იზრდება ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროების ბიუჯეტები. საბოლოოდ ხარჯები თუ 10,846 მილიარდი ლარი იყო, ცვლილებებით 12.556 მლრდ ლარი ხდება. ბიუჯეტის დეფიციტი 4.3 მლრდ ლარი იქნება, რაც დაახლოებით მშპ-ის 8.5%-ია. ასევე ცნობილია, რომ საქართველო წელს რეკორდული რაოდენობის ვალს იღებს. კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 4,5 მლრდ ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ცვლილებების პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და 15 923 800 000 ლარს შეადგენს.

მთავრობა წლევანდელ ბიუჯეტში დაახლოებით 1.8 მლრდ ლარის შემოსავლის კლებას ვარაუდობს. თუმცა, გაზრდილი ვალის ხარჯზე უნდა მოხდეს ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსება.

მთავრობის გეგმით, ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

საბიუჯეტო ცვლილებების შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ 16 ივნისს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც პროექტის მთავარ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკის 4%-იანი კლება „ოპტიმისტური მოლოდინია“ და მთავრობას ურჩევს, ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარები წარმოადგინოს.

იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ნაწილმა თანხა საერთოდ ვერ მიიღო, ან სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სათანადოდ ვერ დაეხმარა, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ „საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის“ იპოთეკური სესხების დაფინანსების შესახებ მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ბანკების სუბსიდირებაზე უარის თქმით მთავრობას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია

„მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღმდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება“, – ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ აუცილებელია ბიუჯეტის რეალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის ტვირთის შემცირება, რათა ქვეყანა „უფრო მდგრადი გახდეს მოსალოდნელი, თუ მოულოდნელი ეკონომიკური გართულებების წინაშე“.

ორგანიზაციამ მოუწოდა მთავრობას, რომ მოქმედი ბუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა დაზოგოს. „პირველ რიგში ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს“.

ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებისთანავე ხელისუფლების სიცრუის გამოაშკარავებას ელოდება საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. დეპუტატი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებების პროექტი არ შეესაბამება იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა.

„როგორც კი ბიუჯეტი გამოჩნდება, აღმოჩნდება, რომ მთელი ეს დაპირებები არის სიცრუე, – ამბობს გოცირიძე. – თქვეს, რომ ბიზნესს ვეხმარებით 1.5 მილიარდითო. გავიდა ნახევარი წელიწადი და 1.5 მილიარდი დოლარის, ანუ 5 მილიარდი ლარის შესაბამისი პროექტები არსებობს საქართველოში? ერთადერთი, იმ 1.54 მილიარდიდან რაც შეიძლება მოვიდეს, ეს არის ბანკებისთვის საკრედიტო რესურსის მიცემა. ესეც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

გოცირიძის თქმით, დასახელებული 5 მილიარდიდან წლის ბოლომდე მაქსიმუმ 1 მილიარდის ათვისება შეიძლება მოხდეს.

გოცირიძეც უარყოფითად აფასებს ბანკების დასაკრედიტებლად 600 მლნ ლარის შიდა ვალის აღებას. მისი თქმით, კომერციულ ბანკებს საქართველოს მთავრობამ ისედაც მისცა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ საპენსიო ფონდის ფულზე, ასევე კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე უდევს ხაზინის ნაშთზე არსებული ფული.

რაც შეეხება ბიზნესის დასახმარებლად ნასესხები ფულის მიმართვას, გოცირიძე სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ფერმერების სუბსიდირების მიმართულებით ხელისუფლებამ მოიტყუა, რადგან ლიტრი დიზელის საწვავის 1 ლარით სუბსიდირების თანხა ბიუჯეტის პროექტში არ არის, ასევე 1 ჰა ფართობზე 200 ლარის გაცემის დაპირებაც ტყუილია, რადგან ცვლილებების პროექტში არ არის ასახული.

გოცირიძე აგრეთვე ტყუილს უწოდებს მთავრობის განცხადებას, 350 ათასამდე უმუშევრად დარჩენილს მივცემთ დახმარებასო.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ სულ 100 ათასამდე ადამიანია აღრიცხული. დავუშვათ, კიდევ დაემატოს 50 ათასი ადამიანი, ვინც სამსახური დაკარგა. თუმცა, რაც ეკონომიკა გაიხსნა, დიდი ნაწილი დაბრუნდა სამსახურებში და როგორც კი მიიღებენ პირველ ხელფასს, დახმარება აღარ მიეცემათ.

მისი გათვლით, დაახლოებით 250 მლნ ლარი ამ მიმართულებით არ იქნება გაცემული, ისევე, როგორც თვითდასაქმებულებზე 75 მილიონ ლარს ამბობდნენ და მხოლოდ 90 000 კაცია რეგისტრირებული. თვითდასაქმებულთა რაოდენობა 100 ათასამდეც რომ გაიზარდოს და თითოეულს 300 ლარი გადაუხადონ, სულ 30 მილიონი ლარი გამოდის.

„დაახლოებით 300 მილიონი მხოლოდ აქედან არის სიცრუე. გამოდის, რომ მთელი 5.5 მლრდ გრანტითა და კრედიტებით დაფინანსებული ბიუჯეტი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, სოციალურ ნაწილში 10 პროცენტიც კი არ არის“, – ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება ვალის გაზრდას, გოცირიძე ამბობს, რომ მაგ მიმართულებითაც არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან თანხის უმეტესობა მიდის ბიუჯეტიდან და არ ხმარდება ეკონომიკას, გარკვეული ბიზნეს-სტიმულირებები კი კორუფციული ინტერესებით კეთდება.

„მაგალითად, ის 75 მილიონი, რომელიც საკუთარი სამშენებლო კომპანიებისთვის იქნება გაცემული სუბსიდირების სახით. ამიტომ ვალის ათვისების ხარისხია ძალიან ცუდი“, – ამბობს რომან გოცირიძე.   

თემურ იოსელიანი

171
კორონავირუსმა სარესტორნო ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია

რა შემცირდა, რა გაიზარდა და რატომ? ანუ კოვიდ-ეკონომიკის კალეიდოსკოპი...

421
(განახლებულია 18:13 23.10.2020)
COVID-19 და ეკონომიკა, სავალუტო კურსი, ფულადი გზავნილებისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდულად გაზრდილი მოცულობა, მოქალაქეთა შემცირებული შემოსავლები და მომავალი წლის პროგნოზი...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიაში ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში მიმდინარე პროცესებზე გიამბობთ. ვფიქრობ, მოულოდნელი არ იქნება, თუ ცალკეულ მოვლენებს, პარამეტრებსა და ტენდენციებს ეკონომიკაზე კორონავირუსის პანდემიის ეფექტის კონტექსტში განვიხილავ.

მკითხველის ყურადღებას, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის კურსზე გავამახვილებ. არ არის უცხო, რომ გლობალური გამოწვევა საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ ლარის გაცვლით კურსზე აისახა. ეროვნულ ვალუტას არც მანამდე ულხინდა! − ბრძანებთ თქვენ და მართალიც იქნებით, მაგრამ ფაქტია, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ცხრა თვეში ლარი ამერიკული დოლარის მიმართ დაახლოებით 12 პროცენტით გაუფასურდა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ, გაუფასურების სწრაფი ტემპის მიუხედავად, ბოლო ჟამს პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება.

თუ სექტემბრის მეორე დეკადიდან მოყოლებული დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდებოდა და მისი კურსი მკვეთრად მერყეობდა, უკვე ოქტომბრის პირველი რიცხვებში ლარის გაუფასურების ტემპი შენელდა და კურსიც თანდათან დასტაბილურდა.

თითქმის სამი კვირაა, რაც ლარის კურსი ერთი ამერიკული დოლარის მიმართ 3.22-3.27 ფარგლებში მერყეობს. არის მოსაზრება, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსი უფრო დასტაბილურდება და მკვეთრი გაუფასურება ან გამყარება მოსალოდნელი არ არის.

მოგეხსენებათ, ეროვნული ვალუტის კურსს, სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც განსაზღვრავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 28 პროცენტით გაიზარდა და 192.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე მეტი თანხა – 35.1 მილიონი დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე პოზიციაზე იტალიაა, საიდანაც 29.2 მილიონი დოლარი შემოვიდა.

COVID-19-ის პანდემიისას ეკონომიკური შოკის პირობებში, როცა წარმოებაც შემცირდა და გლობალურად მოთხოვნა საგრძნობლად ნაკლებია, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა გაიზარდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ადგილობრივმა ექსპორტმა 1 720.4 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება. „საქსტატი“ იუწყება, რომ ადგილობრივი ექსპორტის ეს მაჩვენებელი წლის აღნიშნული პერიოდისთვის ისტორიული მაქსიმუმია. ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში გასული წლის იანვარი-სექტემბრის 61.2 პროცენტიდან მიმდინარე წელს 71.6 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, ადგილობრივი ექსპორტის 87 პროცენტზე მეტი საქართველოზე ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებში გადის. რაც ქვეყნის მზარდ სამეწარმეო პოტენციალსა და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.

არახალია, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი იზრდება. გამონაკლისი არც 2020 წელია. 30 სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 3.172 მილიონი დოლარით გაიზარდა და 6.761 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საინტერესოა, ვისი გვმართებს ყველაზე მეტი? მსხვილ კრედიტორებს შორის ლიდერობს აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართ საქართველოს ვალი 1.412 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მეორე პოზიციაზეა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი. ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის 1.066 მილიარდი დოლარი გვმართებს. პირველ სამეულშია მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია, რომელმაც ქვეყანას სხვადასხვა დროს ჯამურად 909.533 მილიონი დოლარი ასესხა.

საკამათო არ არის, კორონავირუსის პანდემია მკვეთრად ნეგატიურად აისახა საქართველოს მოქალაქეთა შემოსავლებზე. ათასობით დასაქმებულმა და თვითდასაქმებულმა სამსახური დაკარგა. მთავრობის ინფორმაციით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა. ეს რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას დაასახელა. აღნიშნა, რომ შემოსავალდაკარგული მოქალაქეების რაოდენობის განსაზღვრისას პირადად ის კომპანიების მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე საკომპენსაციოდ გაცემული თანხის მოცულობას დაეყრდნო.

ამასობაში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს და აცხადებს, რომ მომდევნო წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზრდება. საგულისხმოა, რომ საბიუჯეტო ოფისის ეს მონაცემი მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ამავე საპროგნოზო მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. და რა არის ოპტიმიზმის საფუძველი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი. ვეცდები განვმარტო. საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ ვირუსის გავრცელება ჩვენში მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი და რადიკალური შეძღუდვების გარეშე გაივლის, ხოლო მომავალი წლის პირველი კვარტლიდან ეკონომიკა აღდგენას სწრაფად დაიწყებს. საბიუჯეტო ოფისი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებებსაც დაეყრდნო. ზოგადად, 2021 წელს ეკონომიკური აქტორების პანდემიასთან უკეთ ადაპტირებაა მოსალოდნელი.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ოპტიმიზმს იზიარებს და საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. კერძოდ როგორ აისახება გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი ახლო აღმოსავლეთისა და ცენრალური აზიის რეგიონზე – ამ საკითხზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს. მოგვიანებით ამავე დეპარტამენტის დირექტორმა ჯიჰად აზურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რამაც საშუალება მისცა გაეუმჯობესებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს კი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიური შოკის დროს, რომელმაც მძიმედ დაარტყა საქართველოს ეკონომიკას. ჯიჰად აზურის თქმით, ცენტრალურმა ბანკმა მაკროეკონომიკური პოლიტიკის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა დაეცვა ქართული ეკონომიკა, მათ შორის გაცვლითი კურსი, იმ შოკისგან, რომელსაც საქართველო განიცდიდა. მთავრობამ მიიღო ზომები დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების მიზნით. ყველა რეფორმა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. „კრიზისის დროს ჩვენ დავინახეთ ერთგვარი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს საქართველოს პოტენციალს – სწრაფად განვითარდეს ეკონომიკა“, − განაცხადა ჯიჰად აზურმა.

გამართლდება თუ არა ოპტიმისტური პროგნოზი და როგორი იქნება მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი არსებულ რეალობას დავუბრუნდეთ.

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებსა და მთავრობის მხრიდან ბანკებთან სასესხო ვალდებულებების გადავადებაზე შუამდგომლობას ითხოვენ. რესტორნების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გლობალური პანდემიის პერიოდში ეტაპობრივად შემოღებული შეზღუდვების გამო რესტორნების 70 პროცენტამდე დაიხურა და გაკოტრდა. მისივე თქმით, 100 ათასმა ადამიანმა სამსახური უკვე დაკარგა. „პრობლემა იმდენად დიდია, 300 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს... საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“, − დასძინა შოთა ბურჯანაძემ. ბრიფინგის დამთავრებიდან მალევე გაირკვა, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამავე დროს მასმედიამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსისგან ბექა ფერაძისგან შეიტყო, რომ 22:00 საათის შემდეგ რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევის გამო 12 ობიექტი დაჯარიმდა და თითოეულ მათგანს ბიუჯეტში ათი ათასი ლარის გადახდა მოუწევს...

და, ბოლოს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება. „მომავალში მოქმედების სტრატეგია იქნება ბალანსის დაჭერა და ამ ბალანსის დაჭერაში ვგულისხმობთ იმას, რომ იქნება წერტილოვანი ღონისძიებები. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ელემენტარული წესები დაიცვან... ამ წესების დაცვაში უნდა მოგვეხმაროთ ყველგან, ყველა მიმართულებით“, − განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალი წლის ეკონომიკური სტიმულირებისთვის რესურსი შეზღუდულია. მთავრობამ და ბიზნესმა ერთად უნდა გადაწყვიტონ სად და რა მიმართულებით მიმართონ ეს რესურსი როგორც დახმარების, ისე განვითარების თვალსაზრისით.

წამზომი ღვინობისთვის მესამე დეკადას ითვლის. როგორი ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდება ქვეყანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, დრო გვიჩვენებს. გაირკვევა, როგორ ეკონომიკურ მემკვიდრეობას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა...

 

421
გზის მშენებლობა

მალე თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა დაიწყება

58
(განახლებულია 15:56 23.10.2020)
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, ასევე შეამცირებს გადაადგილების დროს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში თბილისი–საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთზე ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კილომეტრიანი გზა აშენდება.

საუკუნის პროექტი: აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა უღელტეხილზე გრძელდება>>

პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ავსტრიული და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

„თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო კორიდორის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული მონაკვეთი მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა და ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.

ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მონაკვეთზე გადაადგილების დროს.

ხაშურის შემოვლითი ახალი გზა გაიხსნა - მარშრუტის ვიდეო>>

თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი.

58
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:51 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0