სატვირთო მანქანების რიგი საზღვართან

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

120
(განახლებულია 14:21 22.06.2020)
ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 11,6%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 13,1%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 29,7%-ით.

როგორ გაიაფდა ბინები და მანქანები და გაძვირდა სურსათი - ღირებულებათა გადაფასება თუ...>>

მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,4%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები მაისში, 2019 წლის მაისთან შედარებით, 6,3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში – 11,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 6,9%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 8,4%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 19,9%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 50,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 16,8%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 23,4%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 20,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 5,4%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 4,8%-ით, მათ შორის კვების პროდუქტები – 13,6%-ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ მაისში შეადგინა 6,5%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. საკვებზე ფასები ერთ წელიწადში გაიზარდა 14,7%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, განაკვეთი 9%-დან 8,5%-მდე შეამცირა. როგორც ბანკის განმარტებაშია აღნიშნული, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის.

120
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (639)
რთველი კახეთში

გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

25
(განახლებულია 09:36 10.07.2020)
სახელმწიფო ქართველ მევენახეებს 60 მლნ ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოუყოფს და თუ საჭირო გახდება, ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%–ით დაეცა.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მათი ფასი მინიმუმ 80 თეთრი იქნება. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.

„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.

პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.

გასულ წელს საქართველოში 271 ტონა ყურძენი მოიკრიფა.

25
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
სვანეთის კოშკები

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში დაეხმარებიან

30
(განახლებულია 00:09 10.07.2020)
ერთი პროექტისთვის ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა 5-დან 50 ათას ევროს შეადგენს, კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის სფეროში პროექტებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის რეგიონებში მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორში ადგილობრივი განვითარების ინიციატივების 860 ათასი ევროს მოცულობის მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადეს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსური მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. კანდიდატის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და მაქსიმუმ 24 თვით. ყველა დაგეგმილი ღონისძიებები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 3 აგვისტოს 18:00 საათი თბილისის დროით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომელთა საქმიანობის ძირითადი ნაწილი პროექტით დაფარულ არეალებში ხორციელდება ან განხორციელდება.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება >>

კონკურსი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ოთხწლიანი პროექტის - GRETA-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

GRETA-ს მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს - ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს. მისი ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს.                         

30
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში
ირანის სახელმწიფო დროშები

მესამე აფეთქება ბოლო სამ კვირაში: ირანში უცნობი სამხედრო ობიექტი შენიშნეს

0
(განახლებულია 10:32 10.07.2020)
პარასკევს მომხდარი აფეთქება უკვე მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რომლებიც ირანის სამხედრო ობიექტებზე მოხდა

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თეირანის დასავლეთ ნაწილში აფეთქება მოხდა, რასაც ორ საცხოვრებელ რაიონში ელექტრომომარაგების მასიური გათიშვა, იუწყება The New York Times–ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. 

​აღსანიშნავია, რომ ეს ირანში მომხდარი მესამე ინციდენტია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, აღნიშნულ რაიონში რამდენიმე სამხედრო და სასწავლო ობიექტი მდებარეობს.

„არსებობს ორი მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც ქიმიური იარაღის კვლევას უკავშირდება, და ასევე უცნობი სამხედრო ქარხანა“, — განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ირანის საკითხებში ფაბიან ჰინცმა.

​აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო მედიის განცხადების მიუხედავად აფეთქების შესახებ, პარლამენტის წევრი ჰოსეინ აგვერდი უარყოფს მსგავსს და აცხადებს, რომ დენის მიწოდება ადგილობრივ ელექტროსადგურზე წარმოქმნილი პრობლემის გამო შეწყდა.

შეგახსენებთ: წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ხანძრის შესახებ, რაც სავარაუდოდ აფეთქება მოჰყვა, ხოლო კიდევ უფრო ადრე, 26 ივნისს, აფეთქება დაფიქსირდა ფარჩინის სამხედრო ბაზაზე.

0
თემები:
მსოფლიო დღეს