ვეფხია გიორგაძე

რაში სჭირდება ქვეყანას უცხოური ინვესტიცია და როგორ მოვიზიდოთ უცხოური კაპიტალი

1227
(განახლებულია 19:02 19.06.2020)
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 165,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსთვის ინვესტიციების მოცულობა ბოლო 10 წელიწადში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე იქნება.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მიმდინარე წლის მეორე და მესამე კვარტალშიც გაგრძელდება, კიდევ უფრო შემცირდება რეინვესტირების მაჩვენებელიც, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესი იმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, რაც უკვე დააბანდა და, შესაბამისად, გაფართოებაზეც უახლოეს მომავალში არ იფიქრებს“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

რატომ შემოდის ქვეყანაში ნაკლები უცხოური ინვესტიცია

ვეფხია გიორგაძის აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საქართველოში რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული და ეს მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის ბრალი არაა.

„თუ ბოლო წლების ტენდენციას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის და ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების მოკლევადიანი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ, მართალია, ინვესტორები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეიტინგებს ეცნობიან, სადაც საქართველოს პოზიციები საკმაოდ კარგია, მაგრამ გადაწყვეტილებებს მაინც მათივე დაკვეთით მომზადებული ბაზრის კვლევის საფუძველზე იღებენ. საქართველოში ფულის დაბანდების მსურველისთვის ასევე მნიშვნელოვანია სტაბილური ეროვნული ვალუტა და მიზნობრივ მაჩვენებელზე მყოფი ინფლაცია.

„რადგან ქვეყანაში მაკროეკონომიკური ფაქტორები არასტაბილურია, ინვესტორს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მან რომ შემოიტანოს ინვესტიცია და შემდეგ ინფლაცია მოხდეს, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ბიზნესი არათუ მოგებას ვერ ნახავს, არამედ ჩადებულ თანხასაც ვერ ამოიღებს“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ინვესტიციების შემოდინებას ამცირებს, ეკონომისტის აზრით, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონებაა, რომლის პრივატიზაციასაც ეკონომიკის სამინისტრო ნელი ტემპით ახორციელებს, შესაბამისად, დროში იწელება საბაზრო ეკონომიკის ბოლომდე ფორმირებაც.

რაც შეეხება საქართველოს მიერ გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, ვეფხია გიორგაძის თქმით, იმისათვის, რომ ინვესტორმა მათგან სარგებელი ნახოს, საქართველოში პროდუქცია უნდა აწარმოოს და ევროკავშირის ან ჩინეთის ბაზრებზე გაიტანოს. ამისათვის კი მას საქართველოში იაფი მუშახელი და კარგად აწყობილი ლოგისტიკური ქსელები სჭირდება.

„საქართველოში მუშახელი ევროპასთან შედარებით იაფია, მაგრამ ძვირია ჩინეთთან შედარებით, რასაც ემატება მათი დაბალი კვალიფიკაციაც“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის ქვეყნებთან (EFTA), დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, ჰონკონგთან და ჩინეთთან.

რატომ გახდა არაპოპულარული ინვესტორებისთვის ის, რაც ადრე მიმზიდველი იყო

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში შემოსული თანხა 165,4 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების 87,5%-ს.

„კორონავირუსის პანდემიამ მშენებლობაც და ტურიზმიც სერიოზულად დააზარალა და ეს დარგები ახლა არ შეიძლება ინვესტორებისთვის მიმზიდველ სექტორებად ჩაითვალოს, ანალოგიური ვითარებაა ვაჭრობასა და ენერგეტიკაშიც“, – აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტის აზრით, იმისათვის რომ მომავალში სქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება მოხდეს, სტაბილური ეროვნული ვალუტის და თარგეთირებული ინფლაციის გარდა, საჭიროა მთავრობამ მოამზადოს ინვესტორებისთვის სპეციალური შეთავაზება, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ რა შეღავათებით ისარგებლებენ ბიზნესები საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში.

რაში სჭირდება საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

ვეფხია გიორგაძის თქმით, საქართველოსთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას, აძლიერებს კონკურენციას, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს როგორც პროდუქციის ხარისხზე, ასევე მუშახელის კვალიფიკაციაზე“, – აღნიშნა ექსპერტმა.

გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანიობას.

„რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს დაბალი შემოსავალი და ფულის დაზოგვას ვერ ახერხებს. ეს გარემოება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების აუცილებლობას საქართველოში. ამასთან უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტით შემოდის, რაც ლარის გაცვლით კურსზეც დადებითად მოქმედებს“, – აღნიშნა გიორგაძემ

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ 2020 წლის პირველ კვარტალში ლიდერობენ დიდი ბრიტანეთი, აშშ და პანამა. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 120,8 მლნ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტიციების მთელი მოცულობის 73%-ია.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა დანიიდან (11,6 მლნ დოლარი), ნიდერლანდებიდან (11,2 მლნ დოლარი), თურქეთიდან (11,1 მლნ დოლარი), რუსეთიდან (10,8 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

კიდევ როგორ მოვიზიდოთ ქვეყანაში უცხოური კაპიტალი

ვეფხია გიორგაძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარდა უცხოური კაპიტალის მოზიდვა ქვეყანაში მეორადი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებითაც არის შესაძლებელი (პორტფელური ინვესტიცია)

როგორც ეკონომისტმა განმარტა, ფასიანი ქაღალდების მეორედი ბაზარი აქციების მფლობელებს ფასიანი ქაღალდების ხელახლა გადაყიდვის შესაძლებლობას აძლევს. აქციების ფასი და მათზე მოთხოვნა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებულია გამომშვები კომპანია (ემიტენტი). რაც უფრო მაღალია მოთხოვნა კომპანიის აქციაზე, მით მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეუძლია აქციის გამომშვებს.

ვეფხია გიორგაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარება კომპანიებისთვის ხელმისაწვდომს გახდიდა იაფ ფულს, რითიც გაუწევდა კონკურენციას ბანკებს.

 

ნატა პატარაია 

 

1227
საკვები შინაური ცხოველებისთვის

სიღნაღში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა

77
(განახლებულია 18:16 11.07.2020)
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში თვეში 80 ტონამდე შინაური ცხოველების და თევზების საკვების წარმოებაა შესაძლებელი.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდ „ტაოფუდის“ სახელით ხდება.

საწარმოში ჯამში 900 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 600 ათასი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 300 ათასი  ლარი კი -  ბენეფიციარის ინვესტიცია.

კომბინირებული საკვების საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფოს დახმარებით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 225 ახალი საწარმო ამოქმედდა.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პროგრამა  „ერთიანი აგროპროექტი" რამდენიმე ნაწილისგან შედგება – წარმოებისა და პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობა, მის რეალიზაციაში დახმარება, აგროსექტორის დაზღვევის სისტემის განვითარება, ჩაის წარმოების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

 

77
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
პლასტიკის გადამუშავება

ხობში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

73
ახალი საწარმო პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია, მიიჩნევს თურნავა

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. უახლოეს დროს ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა დაიწყება, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო კომპანიამ Global recycling co, „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში აუქციონზე ხობში 300 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. პირველ ეტაპზე კომპანია განახორციელებს 50 მლნ ლარის ინვესტიციას და 400 ადგილობრივი მოსახლეს დაასაქმებს.

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტი სამინისტროს უკვე წარუდგინეს.

კომპანიის გეგმებშია - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს გადმოტანა, შემდეგ კი აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების გახსნა. მათი თქმით, ეს გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მდგომარეობას, ისე მთლიანად ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

საწარმოში წარმოებული პოლიმერული გრანულები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე გაიყიდება.

„ვეფხისტყაოსნის ტყე“ ყოფილ ნაგავსაყრელზე - რას სთავაზობენ ქალაქის მერს >>

როგორც ადრე იუწყებოდა ეკონომიკის სამინისტრო, კომპანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას და პოლიმერგადამამუშავებელი უცხოური კომპანიების მოზიდვას გეგმავს. შედეგად ადგილზე ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების მთლიანი ჯაჭვი შეიქმნება.

საინვესტიციო შეთავაზებები ბიზნესს

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება“ საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 48,8 მილიონი ლარის ღირებულების 45 ობიექტი გაიყიდა.

ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.

აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ღირებულება 150 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში 2,5 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 200 მილიონი ლარია.

73
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ყარაბაღი

ბაქოსა და ერევანს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

0
მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ დაპირისპირების გაღვივებაში და ინტენსიური საარტილერიო სროლის შესახებ იუწყებიან

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ერევანმა და ბაქომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების შესახებ განაცხადეს.

12 ივლისს შუადღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა თოუზის რაიონში აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციების მისამართით საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გახსნეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამია, ორივე მხრიდან არის მსხვერპლი. ამჟამად ბრძოლები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. აზერბაიჯანის ქვედანაყოფები ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ დაახლოებით 12:30 საათზე აზერბაიჯანის სამხედროებმა УАЗ-ის მარკის ავტომობილით სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა განახორციელეს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

სომხეთის მხარის გაფრთხილების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მიატოვეს ავტომობილი და თავის პოზიციებზე დაიხიეს. თუმცა ამით ინციდენტი არ ამოწურულა.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა და სომეხი სამხედროების დასაყრდენი პუნქტის აღება სცადა. თუმცა საპასუხო ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს, მათ ცოცხალ ძალებში დანაკარგებია, იუწყება სტეპანიანი.

აზერბაიჯანული მხარე ორი დაღუპულისა და ხუთი დაჭრილის შესახებ იუწყება, სომხური მხარე იუწყება, რომ ინციდენტი მათი მხრიდან მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

0
თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა