სატვირთო ავტომობილების რიგი ზემო ლარსზე

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ექსპორტი და იმპორტი კვლავ ეცემა

79
(განახლებულია 15:40 16.06.2020)
მიმდინარე წლის მაისში საქართველოს საგარეო ბრუნვა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 30,6%-ით, ხოლო იმპორტი – 34,3%-ით.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ექსპორტი კვლავ ეცემა – იანვარი-მაისში გატანილია 1,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია – 16,2%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

იმპორტმა 2020 წლის პირველ ხუთ თვეში დაახლოებით 3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.

მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის იანვარი-მაისთან შედარებით, 16,8%-ით შემცირდა და 4,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საგარეო ვაჭრობა 33,2%-ით დაეცა, მათ შორის ექსპორტი 30,6%-ით, ხოლო იმპორტი – 34,3%-ით.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. იზარალეს სასტუმროებმა, რესტორნებმა, სავაჭრო ცენტრებმა, დასვენებისა და გართობის სფეროებმა, ტრანსპორტმა. საფრთხის წინაშეა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და განათლების სფეროები.

როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები>>

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან ერთ მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

პროგნოზები

საგარეო ვაჭრობის შემცირების მიზეზი ეპიდემიური სიტუაციის გამო მიღებული საკარანტინო ღონისძიებები, ასევე თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, გადაზიდვების დაბრკოლებები და გადახდისუნარიანობის ვარდნაა, მიიჩნევს ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე.

აბულაძის განცხადებით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 2020 წელს, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე, 9–32%-ის დიაპაზონში იქნება.

„აღსანიშნავია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მილიარდ ევროს, ხოლო იმპორტის ვარდნა – 245 მლრდ ევროს“, – განაცხადა აბულაძემ.

ის მიიჩნევს, რომ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის უკან დახევისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – ეს მხოლოდ დასაწყისია.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება>>

„მართალია, გლობალური ბაზარი ნელ-ნელა ცოცხლდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის გადახდისუნარიანობის გამოცოცხლება ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზეა დამოკიდებული. კრიზისის გავლენის შედეგად ქართული ოჯახების ეკონომიკური პროფილი აჩვენებს – დაცარიელებულ საფულეს, მთავრობის შერჩევითი დახმარების მოლოდინს, პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებულებასა და მღელვარებას“, – აღნიშნა აბულაძემ.

რა ზომებს იღებს მთავრობა

მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიხედვით ხელისუფლება ფინანსურად დაეხმარება უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ცალკე გეგმა შემუშავდა ბიზნესის დასახმარებლად. მას მთავრობა განსაკუთრებულ შეღავათებს შესთავაზებს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ამჯერად გაკეთდება ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და პროფილის შეცვლაზე.

ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან სამი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს.

79
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (980)
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

14
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
14
თემები:
ლარის კურსი დღეს
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას  ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

32
დოკუმენტს თბილისში ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველომ და ტაჯიკეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და ტაჯიკეთის ტრანსპორტის მინისტრმა აზიმ იბრაგიმმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში.

ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა.

დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოდან არსებობს.

ქვეყნები თანამშრომლობენ TRACECA-ს („ახალი აბრეშუმის გზა“) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოს ტაჯიკეთში გააქვს კვების პროდუქტები, წამლები, ხე-ტყე, ელექტრომოწყობილობა და ავეჯი.

 

32
გიორგი გახარია

პირველი განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ - გახარია შეტევაზე გადადის?

0
(განახლებულია 08:30 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ გახარია ჯერ დუმილს ინარჩუნებს და გეგმებს არ ასაჯაროებს, მის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება

საქართველოს ყოფილ პრემიერს პარტია ჯერ არ შეუქმნია, მმართველი პარტია კი უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და გახარიას გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. ახლა პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა და მმართველ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვასთან ცხრა ადამიანი აშორებს.

„ქართული ოცნება“ სამშაბათს ყველასთვის მოულოდნელად ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არიან ყოფილი ომბუდსმენი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და სამი მსხვილი რეგიონის - სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის - ყოფილი ხელმძღვანელები.

ყველა მათგანი მთავრობის ყოფილი მეთაურის, გიორგი გახარიას თანამოაზრე იყო და ახლა მათ ღიად განაცხადეს, რომ მისი გუნდის წევრები გახდებიან.

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, - აღნიშნა „ოცნებიდან“ წასულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ გახარიას და მისი პარტიის გეგმებში არჩევნებში მონაწილეობა შედის.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში,“- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მან აღნიშნა ასევე, რომ ახლო მომავალში გაიმართება პარტიის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი აქტივი და ამის შემდეგ პოლიტიკური ძალა მოემზადება შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ლილუაშვილმა მომავალი პოლიტიკური ძალის გეგმებზე ისაუბრა.

„პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ რეაქცია

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გახარიას გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება ვერ დამალეს.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ აქტიურმა წევრმა დიტო სამხარაძემ კი ისიც შეახსენა ყოფილ თანაგუნდელებს, ვინ მოიყვანა გახარია პოლიტიკაში.

„ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ გახარიას, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“, - განაცხადა სამხარაძემ.

რატი იონათამიშვილმა კი აღნიშნა, რომ გახარიას პარტიის ადგილი პარლამენტში საერთოდ არ არის.

„საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები ერთი პარტიის რესურსით სარგებლობენ, როცა არჩევნებს იგებენ და შემდეგ პარტიიდან გასული ადამიანები ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ განხეთქილება გარდაუვალი იყო.

„როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დარჩნენ ადამიანები, ვინც მისი მხარდამჭერები იყვნენ და „ქართულ ოცნებაში" მისი ფაქტორის გამო იყვნენ. შესაბამისად, დღეს სხვა მოცემულობაა. ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენები განხეთქილების მხოლოდ დასაწყისია.

პარტიის ლიდერები, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ განხეთქილება არ მოხდება.

„ქართული ოცნების" გუნდს ექნება სრული უმრავლესობა ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაიმე ტიპის საფრთხე რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები... ასეთი რისკები გამორიცხულია“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

გახარიას ფაქტორი

ამჟამად გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. ნებისმიერი მისი გამოჩენა სოციალურ ქსელში ათასობით მოწონებას აგროვებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

IRI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში გახარიამ ყველაზე პოპულარული ადამიანების რეიტინგში პატრიარქის ილია მეორის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ გახარია იქნება არა მმართველი პარტიის, არამედ იმათი კონკურენტი, ვინც თავს მესამე ძალად წარმოაჩენს.

„უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გახარიას აქვს პოპულარობა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ხმა წაართვას. „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების ერთგული კოჰორტა ჰყავს - დაახლოებით 35%. „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ხმებს შეინარჩუნებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არსად წავა, მაგრამ გახარიამ სერიოზული დარტყმა შეიძლება მიაყენოს პარტიებს, რომლებიც თავს მესამე ძალას უწოდებენ“, - აღნიშნა სიხარულიძემ Sputnik-საქართველოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჯერ გაუგებარია, კონკრეტულად რას შესთავაზებს გახარია საზოგადოებას და ახლა მას მოუწევს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის საკითხზე ჩამოყალიბება.

„ამ საკითხში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი პოზიცია: მელიას ციხეში დატოვება ან გათავისუფლება. გახარიას მესამე, ალტერნატიული პოზიცია ვერ ექნება“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, გარკვეულმა ნაწილმა გახარია შეაფასა, როგორც ივანიშვილის პროექტი.

„მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს“, - განაცხადა „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარია კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და გეგმებზე არ საუბრობს.

0