საქართველოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი: რას ითვალისწინებს პროექტი

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ეკონომიკური კუთხით ამ კრიზისის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს არაპროგნოზირებადობა, ეს დიდი პრობლემაა მსოფლიო ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის ეს არის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციისას. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
როგორ სრულდება ბიუჯეტი საქართველოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე

სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი 50,3 მლრდ ლარია, მაშინ, როდესაც გასულ წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 53,1 მლრდ ლარი შეადგინა. საბიუჯეტო დეფიციტი 8,5%-ით განისაზღვრა.

საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტი 1,8 მლრდ ლარით მცირდება. ამასთან, ყველა მიმდინარე კაპიტალური და საბიუჯეტო ხარჯები 600 მლნ ლარით მცირდება.

პრემიერის სიტყვებით, მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილდეს ეკონომიკის ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს შორის.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველ რიგში ეხებოდა ტურისტულ სექტორს, შემდეგ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ჩვენ ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) მოლაპარაკებები დაიწყო და დაასრულა და მათთან ახალი პროგრამა შეათანხმა. ვარიანტი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე იქნა წარმოდგენილი, სსფ-თან არის შეთანხმებული.

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გეგმა საქართველოს პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

ყველა ახალი ამბავი
0