მაღაზია თბილისის ისტორიულ ცენტრში

როგორ გაიზარდა ფასები და შემცირდა ეკონომიკა - კორონაეკონომიკის შედეგები

1099
(განახლებულია 22:07 04.06.2020)
ეკონომიკა ციფრებში... რაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა... რამდენით შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი და როგორია ფასების დინამიკა?

სამსონ ხონელი

ეკონომიკა მცირდება, ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტა უფასურდება! ასეთია ის რეალობა, რომელიც ახალი კორონავირუსის, COVID-19-ის გავრცელებით შეიქმნა... არახალია, - ბრძანებს მკითხველი, თუმცა შესაძლოა მეტი კონკრეტიკით დაინტერესდეს, ჩამეძიოს, მაინც რამდენით? რა გაეწყობა, ვეცდები კითხვას მაქსიმალური სიზუსტით ვუპასუხო და საამისოდ სხვადასხვა სტრუქტირათა მონაცემებს მოვიშველიებ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა -3.6 პროცენტია. საგულისხმოა, რომ შემცირება გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგის გარდა.

„შემცირება განსაკუთრებით დაეტყო მშენებლობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებს. ამასთან ერთად, აპრილის თვეში საქონლის ექსპორტი 28 პროცენტით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 39 პროცენტით შემცირდა. კლება დაფიქსირდა საწარმოთა რეგისტრაციის კუთხითაც. საანგარიშო პერიოდში 307 საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის აპრილის მაჩვენებელს 93 პროცენტით ჩამორჩება...“, აცხადებს „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

არავინ იფიქროს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენის ეფექტი სულ ეს არის... ეროვნული ბანკის ცნობით, საზღვრების დახურვის შედეგად, ქვეყანა შემოსავლებს კარგავს ტურიზმიდან. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, პანდემიის გამო, მხოლოდ აპრილში ქვეყანას ტურიზმიდან შემოსავლები 97 პროცენტით შეუმცირდა. აქვე შეგახსენებთ, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრების გახსნას 1 ივლისს გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახდება დასაშვები.    

ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში აპრილში შემოსული ფულადი გზავნილებიც დააჯამა და გაირკვა, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება 42.3 პროცენტია. ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები რუსეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან შემცირდა. მთელი წლის განმავლობაში დანაკარგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი იქნება. არადა, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფულად გზავნილებზე დამოკიდებულებით მსოფლიოში ხომ 24-ე ადგილზეა?! ქვეყნის ეკონომიკის 11.6 პროცენტს კი სწორედ საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აკმაყოფილებს.

ერთი სიტყვით, კორონაეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად გაუარესდა ყველა ის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსს აყალიბებს და სიმყარეს განსაზღვრავს. შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის მესამე დეკადიდან მოყოლებული ლარმა პოზიციები დათმო და მარტის თვეში რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა...   

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებებით, ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ძლიერი შოკი მოსალოდნელი იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული სამთვიანი შეზღუდვების ლოგიკური შედეგია და ეს ადვილად პროგნოზირებადი იყო. საქართველო გამონაკლისი არ არის, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ეკონომიკური რეცესიაა და ეს პროცესი ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე აისახება.

„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის. ახლა კი პრინციპულად მნიშვნელოვაია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას...“, აცხადებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი და დასძენს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა პირველ რიგში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული სესხებისა და ფულადი დახმარების ეფექტურ გამოყენებასა და ეკონომიკის სტიმულირებას გულისხმობს.

მოსახლეობისთვის მთავარი და დრამატული გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა... ათეულობით პროცენტით გაძვირდა საკვები პროდუქტი, კერძოდ, რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. საგრძნობლად მომატებულია პურის ფასიც... სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხილი 45 პროცენტით, რძე და რძის ნაწარმი 23 პროცენტით, ხორცპროდუქტები 15 პროცენტით, ხოლო პურპროდუქტები 8.4 პროცენტით გაძვირდა. აპრილის თვეში ფასებმა 5 პროცენტით მოიმატა ჯანდაცვის მიმართულებითაც. წლიური ინფლაციის დონემ კი 6.9 პროცენტი შეადგინა. ერთი სიტყვით, ცხოვრება საგრძნობლად გაძვირდა. სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებით და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან. ფასების მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება, განსაკუთრებით მცირეშემოსავლიან ნაწილს. არ უნდა დავივიწყოთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება...

კიდევ ერთი პრობლემური საკითხია საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნათა დარღვევისთვის ცხრა ათასამდე მოქალაქისათვის გამოწერილი ჯარიმები და საურავები... შეგახსენებთ, რომ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 ათასი, იურიდიული პირი კი 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა... საგანგებო მდგომარეობის დროს.

ჩამოიწერება თუ არა ჯარიმები? შესაბამისი ინიციატივა მმართველი გუნდის ოპონენტებს ეკუთვნით. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ახლა ჯარიმების ჩამოწერა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მომავალში მსგავსი პრევენციული ღონისძიება აღარ იმოქმედებს.

„არ დაგვავიწყდეს, პანდემია გრძელდება და არავინ იცის, შემზღუდავი ღონისძიებების მიღება როდის და რა დროით მოგვიწევს. ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებისკენ. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა არ იმუშავებს. ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივაა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას ვერ მივცემთ პარლამენტს...“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობა ჯარიმების შემსუბუქების საკითხს უკვე განიხილავს და უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას შევიტყობთ...

ეკონომიკას დავუბრუნდეთ... რა იქნება ხვალ? საზოგადოებაში არის მცირე ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამოჩენილი სიფრთხილე და ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო და არის გადამეტებული, რომ ვირუსის შიშით ჩვენ „მოვკალით ეკონომიკა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდეთ მომავალი“... გავბედავ და ვიტყვი, ეს მცდარი აზრია... ეკონომიკურად.

მოლოდინების თვალსაზრისით, არჩეული პოლიტიკა გამართლებულია – როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ვირუსთან ბრძოლაში თავს გრძნობს დაცულად, როდესაც ხვდება, რომ მთავრობა აკონტროლებს სიტუაციას და მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობს და თან ისე, რომ არ დგამს ზედმეტად მკაცრ ნაბიჯებს, მისი მოქმედებები უფრო რაციონალურია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში, შესაბამისად, მომავალიც განჭვრეტადია და ეს არის მთავარი.

 

1099
გაზის მრიცხველი

Tbilisi Energy გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ტარიფს ამცირებს

18
გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი „თბილისი ენერჯის“ სალიცენზიო არეალში შევიდა და შესაბამისად მათთვის ტარიფი შეიცვალა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 1 დეკემბრიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ბუნებრივ აირს შემცირებული ტარიფით მიიღებს, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს განცხადებაში.

საუბარია შემდეგი სოფლების მოსახლეობაზე: მუხრანთელეთი, ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი და კუმისი.

თუ ადრე ბუნებრივი აირის ტარიფი შეადგენდა 48,7460 თეთრს, დღეიდან ისინი მას შემცირებულ ფასად - 46,1374 თეთრად იღებენ.

„სემეკის გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან  ზემოთ ჩამოთვლილი სოფლები თბილისი ენერჯის სალიცენზიო არეალში შევიდნენ. საქართველოში ბუნებრივი გაზის აბონენტებს  ყველაზე დაბალ ტარიფს „თბილისი ენერჯი“ სთავაზობს.  შესაბამისად, მას შემდეგ რაც გარდაბნის სოფლები „თბილისი ენერჯის” აბონენტები გახდნენ, ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური შეუმცირდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ადრე სემეკში განაცხადეს, უახლოეს სამ წელიწადში ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.

18
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
Tbilisi Energy 114-ის მორიგე ბრიგადა

„თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფს აძვირებს

37
(განახლებულია 21:31 01.12.2020)
ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი მხოლოდ პურის საწარმოებისთვის დარჩება, სხვა დანარჩენი კომერციული ობიექტები კი 3 იანვრიდან ერთ კუბურ მეტრ მოხმარებულ გაზში 1.10 ლარს გადაიხდიან.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „თბილისი ენერჯის“ კომერციული მომხმარებლებისთვის 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება პურის საწარმოების გარდა, ნათქვამია კომპანიის გვერდზე.

2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი აირის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ამ პერიოდისთვის არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არის 0,86 ლარი. 

კომპანიის განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლარის მიმართ სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.

„შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე დღიდან ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს, მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლებას, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აბონენტების, დედაქალაქის მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის.

„დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
37
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სასამართლოების მუშაობის რეჟიმი იცვლება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები

0
(განახლებულია 21:51 01.12.2020)
საერთო სასამართლოებმა და პროცესების მონაწილეებმა უნდა გადადონ საქმეების განხილვა, გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელთა მიღება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოებისთვის არის სავალდებულო.

რეკომენდაციების ძირითადი არსი მდგომარეობს დისტანციურ რეჟიმზე მაქსიმალურ გადასვლასა და პროცესებზე მოქალაქეთა დასწრების მინიმიზაციაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაადგინა, რომ საერთო სასამართლოებმა

წარმოებაში არსებული საქმეები (გარდა შემჭიდროებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) უნდა გადადონ, ხოლო განხილვა საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა წარიმართოს (საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

პროცესის მონაწილეები სასამართლო განხილვაში მონაწილეობს მიიღებენ დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობა არაუმეტეს 10 ერთეულამდე იზღუდება, ხოლო სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით მოხდება.

გარდა ამისა, სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, სასწავლო ვიზიტები, მოქალაქეთა მიღებები, ასევე სამსახურებრივი მივლინებები უნდა გადაიდოს.

საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეს აქვს უფლება საქმე განიხილოს დისტანციურად ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც კანონით არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შენობაში შესვლისას ყველამ უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი, ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე და იცავდეს ორმეტრიან დისტანციას. თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს ბუკლეტები და განცხადებები საპრევენციო ზომების შესახებ. სასამართლოს თანამშრომლები უნდა უზრუნველყონ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარით.

საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის პირებს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მიეცა.

სექტემბრიდან საქართველოში მკვეთრად გაუარესდა ეპიდვითარება. COVID-19-ით გამოწვეული გართულებებისგან უკვე 1303 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობა იძულებული გახდა შემოეღო მკაცრი შეზღუდვები. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები, სასწავლო დაწესებულებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში