უმუშევრები მშრალ ხიდზე

უმუშევართა დათვლის სისტემა საქართველოში შესაძლოა წლის ბოლომდე შეიცვალოს

113
ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულებიდან ამოიშლება, ეს კი უმუშევრობის დონეს ავტომატურად გაზრდის

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკა „თვითდასაქმებულის“ დეფინიციის ცვლილების ხარჯზე შეიცვლება, განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სამსახურის საქმიანობის შესახებ 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერმა უმუშევრობის კომპენსაციის დროულად გაცემის ბრძანება გასცა >>

დღეს ყველა დასაქმებულ მოქალაქეს „საქსტატი“ ყოფს დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად. ამჟამად ყველა დასაქმებულს ყოფენ დაქირავებულებად და თვითდასაქმებულებად. თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოჯახურ საწარმოში უანგაროდ მუშაობს, ან მესაკუთრეა, რომელიც გარკვეული პერიოდი მოგების მიღებისთვის მუშაობს.

„თვითდასაქმებულთა კატეგორია, რომელიც პროდუქციას აწარმოებს უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის, ახლებური სტანდარტით აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად და დასაქმებულად. შესაბამისად, ეს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვრიდან დათვლა მიმდინარეობს ერთდროულად ძველი და ახალი მეთოდოლოგიით.

„ძველი კვლევების პარალელურად, იანვრიდან ჩვენ დავიწყეთ მონაცემების შეგროვება ახალი კითხვარით. მიმდინარე კვლევა გაგრძელდება პირველი ორი კვარტალის განმავლობაში და ამ ორი კვარტალის მონაცემები შესაძლებლობას მოგვცემს, გადავიდეთ ახალ სტანდარტზე მიმდინარე წლის ბოლოდან“, - განმარტა თოდრაძემ.

ამიერიდან თვითდასაქმებულების შესახებ მონაცემები ახალი მეთოდით დაითვლება. თუ ადრე თვითდასაქმებულად მიიჩნეოდა საკუთარ მიწაზე მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, აწარმოებდა ის პროდუქციას თავისთვის თუ ბაზარზე გასაყიდად, ახალი მეთოდოლოგიით, ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუშაობს, თვითდასაქმებულებიდან ამოიშლება.

საქართველოში უმუშევრობის დონეს ამჟამად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობების თანაფარდობის საფუძველზე ითვლიან.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა, უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.

„საქსტატის“ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონემ 11,1% შეადგინა - ოფიციალურად უმუშევრად 221 ათასი ადამიანი მიიჩნეოდა.

ექსპერტები ახალ სისტემას მიესალმებიან და ირწმუნებიან, რომ უფრო ნათლად გამოკვეთს სურათს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ დათვლის მეთოდის შეცვლის შემდეგ უმუშევრობის დონე ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

113
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (182)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 7 ივლისს

86
(განახლებულია 09:23 07.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0006 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0532 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0067 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 7 ივლისს
86
პიტერ სიიარტო

„ექსიმბანკი“ უნგრულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება

88
(განახლებულია 07:54 07.07.2020)
უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე.

თბილისი, 7 ივლისი  — Sputnik.  უნგრეთის ექსპორტ–იმპორტის ბანკმა „ექსიმბანკმა“  საკრედიტო ხაზი გამოყო იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გადაწყვეტენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი მაღალი რანგის სტუმარია საქართველოში. თურნავას თქმით, უნგრეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ქვეყნებს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი, ასევე მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა აქვთ.  


„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ. უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენს მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც სიიარტომ განაცხადა, უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს უნგრეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობამ 2,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს დაახლოებით 7,8 ათასი უნგრელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ დაახლოებით 45,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 5,6%–ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემთან შედარებით.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

88
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მეხანძრეები

სვანეთში ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან - ვიდეო

0
(განახლებულია 12:58 07.07.2020)
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები - როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. სვანეთში ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვები გამოიყვანეს.

„ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", -აღნიშნავენ უწყებაში.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ხანძრის კერებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო მე-3 ვერტმფრენი.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობენ. ადგილზე ასევე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

0
თემები:
დიდი ხანძრები საქართველოში