გაზმომპოვებელი საწარმო

თურნავა: საქართველო „გაზპრომს“ გაზის ახალ ფასზე შეუთანხმდა

83
(განახლებულია 21:03 26.05.2020)
მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნის გათვალისწინებით „გაზპრომთან“ უკვე არსებული კონტრაქტის გადახედვა ფასების შემცირებას ემსახურება, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. „გაზპრომთან“ კონტრაქტის გადახედვა ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასის შემცირებას ემსახურება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ქართულმა მხარემ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში გაზის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას 2019 წლის მარტში მოაწერა ხელი. მხარეებს შორის ტრანზიტთან დაკავშირებული ანგარიშსწორება მთლიანად მონეტიზებულია. ახალი შეთანხმებით ტრანზიტის ღირებულება გაიზარდა, ხოლო შესყიდვის ფასი, თუ საქართველოს შესყიდვა დასჭირდება, შემცირდა.

„გათვალისწინებით ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება „გაზპრომთან“ უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15 პროცენტით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გაზზე ფასების შემცირება გლობალურია.

„დღეს აღნიშნული ბაზარი სრულად კონკურენტულია. კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც „სოკარი“, ანუ აზერბაიჯანული გაზის შემომტანი, ასევე „გაზპრომი“ ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს. ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე“, – განაცხადა თურნავამ.

ბუნებრივი აირის ბალანსის თანახმად, საქართველოში 2020 წელს გაზის მოხმარება ნავარაუდევია 2,5 მილიარდი კუბომეტრის დონეზე. აქედან რუსეთიდან შემოვა 170 მლნ კუბომეტრი. დანარჩენის შემოტანა აზერბაიჯანიდან იგეგმება.

83
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (96)
ღამის თბილისი

როგორია საქართველოში ბიზნესის განწყობა ბიზნეს-ასოციაციამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა

18
(განახლებულია 19:19 21.10.2020)
BAG ინდექსი ყოველკვარტალურად მზადდება და ის საქართველოში ბიზნეს-კლიმატის შეფასების ინდიკატორს წარმოადგენს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ (BAG) ქვეყანაში ბიზნესის განწყობის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში ორგანიზაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა უარყოფითად, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.

BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს-კლიმატის შეფასების ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ყოველკვარტლურად აწარმოებს ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის IFO-ს მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

კვლევა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ესენია: BAG ბიზნეს-კლიმატი, BAG დასაქმების ბარომეტრი და შრომითი რესურსების საჭიროების კვლევა.

BAG ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი გამოითვლება BAG-ის წევრების გამოკითხვის საფუძველზე. BAG-ის წევრი კომპანიები აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს.

ბიზნეს-ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის III კვარტალში სექტორებს შორის BAG ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორისთვის დადებითია მომსახურების სექტორის გარდა.

  • „მომსახურების სექტორში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი მცირედ უარყოფითია, რაც მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითმა შეფასებამ განაპირობა. ამასთან, მომსახურების სექტორის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოპტიმისტურია“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ კვლევაში.

2020 წლის III კვარტალში ბიზნეს-საქმიანობისთვის ყველაზე მეტად ხელის შემშლელად შემდეგი ოთხი ფაქტორი დასახელდა: პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის მიმართ გაცვლით კურსთან დაკავშირებულ მოლოდინს, ის სრულ თანხვედრაშია იმ დინამიკასთან, რაც თავად გაცვლით კურსს აქვს. კერძოდ, 2020 წლის III კვარტალში, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების წილი, რომელთაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოლოდინი ჰქონდათ, გაიზარდა 41%-დან 67%-მდე. შესაბამისად, იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ არ შეიცვლება, შემცირდა 52%-დან 28%-მდე.

დოკუმენტში ასევე მოცემულია ის მოლოდინები, რომლებიც კომპანიებს მოკლევადიან პერიოდში გააჩნიათ.

მაგალითად, გამოკითხული კომპანიების 21.1% 2020 წლის IV კვარტალში, III კვარტალთან შედარებით, მოელის გაყიდვების ფასების ზრდას, მაშინ, როცა 64.9% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 14%-ის მოლოდინია, რომ ფასები დაიკლებს. გამოკითხული BAG-ის წევრების 12.3% ასევე მოელის დაქირავებულთა რაოდენობის გაზრდას, მაშინ, როცა 82.4% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 5.3% კლებას ვარაუდობს.

კვლევაში BAG დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის მისაღებად კომპანიები აფასებენ მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილებას.

2020 წლის III კვარტალში BAG-ის გამოკითხულმა წევრებმა დასაქმების ცვლილების მოლოდინი დადებითად შეაფასეს. სექტორების მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში BAG-ის გამოკითხული წევრების მიერ დასაქმებასთან მიმართებით ნეგატიური მოლოდინი მხოლოდ მომსახურების სექტორში დაფიქსირდა.

BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიები ასევე გამოიკითხა შრომითი რესურსების საჭიროებებთან დაკავშირებით.

  • გამოკითხვის უმთავრეს შედეგს წარმოადგენს ფაქტი, რომ გამოკითხულ კომპანიათა 75%-ზე მეტი სირთულეებს აწყდება საჭირო კადრების მოძიებისას. ამასთან, აღნიშნულ პრობლემას ყველაზე მწვავედ მომსახურებისა და მრეწველობის სექტორში განიცდიან, სადაც კომპანიათა 80%-ზე მეტი სირთულეებს აწყდება პერსონალის მოძიებისას.

სხვა სექტორებთან შედარებით, კადრების მოძიების სირთულე ყველაზე ნაკლებად მშენებლობის სექტორში იგრძნობა, თუმცა აქაც გამოკითხულთა 43% აღნიშნულ საკითხს პრობლემურად ასახელებს.

სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა>>

რაც შეეხება კონკრეტულ პროფესიებს, გამოკითხვის თანახმად, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ტექნიკური პერსონალის, ტექნოლოგების, დეველოპერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების, ინჟინრების, ოპერატორებისა და აგრონომების მოძიება.

18
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე

საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდამდე ლარს დახარჯავს

33
(განახლებულია 14:33 21.10.2020)
საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში 2021–2024 წლებში მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 20 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

„კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მაღალმთიანეთის სოფლებს, გაგრძელდება ქალაქების მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველყოფა. 2024 წლამდე განხორციელდება დამატებით 400 დასახლების გაზიფიცირება, შედეგად 1,4 მილიონამდე ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს, დამატებით 1000 დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ 500 ათას ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა რუსთავში „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცქიტიშვილის თქმით, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით გაგრძელდება დასახლებული პუნქტების კომპლექსური განახლების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას და განვითარებას.

2021-2024 წლებში დასრულდება აბასთუმნის განვითარების პროექტი, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ბაკურიანის ურბანული განახლება. მესტიაში ლაღამის დაბის რეკონსტრუქცია და უშგულის თემში კოშკების აღდგენა, თელავის და ველისციხის ცენტრის ურბანული განახლება, კობისა და თრუსოს ხეობის განვითარება და დუშეთის ურბანული განახლების პროექტები.

გზების მშენებლობა

საქართველოში 2024 წლისთვის აშენდება საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და სრულად გარემონტდება შიდა მნიშვნელობის გზების 85%, აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

„ქვეყანაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები სამჯერ გაიზარდა. 2013-2020 წლებში აშენდა 198 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი და ეს არის გზები, რომლითაც ვუკავშირდებით ჩვენი რეგიონის, ევროპულ და აზიის ბაზრებს, რაც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური როლი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მარტო 2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 70 კილომეტრი ჩქაროსნული მაგისტრალი.

„უკვე რეალიზებული პროექტების დასრულების შედეგად 2021-2024 წლებში საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის მოცულობა გაიზრდება 200 კილომეტრით, აშენდება 200-ზე მეტი ხიდი და 70 გვირაბი, ეტაპობრივად დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული და აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს თბილისიდან ბათუმში მგზავრობის დრო შევამციროთ 3,5 საათამდე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ავტომაგისტრალების მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზა, მომავალ წელს კი დავიწყებთ თბილისი–საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, ხოლო შემდეგ – ბაკურციხე-წნორის მიმართულებით. 2024 წლისთვის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის თვალსაზრისით ყველა სასაზღვრო პუნქტთან გვექნება ხელშესახები პროგრესი, მათ შორისაა ქვეშეთი–კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთი, საიდანაც 9 კილომეტრი უნიკალური გვირაბია“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი განმარტებით, მარტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში დღეისთვის ჩართულია 1200 ქართული კომპანია და 30 ათასზე მეტი ადამიანი.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგდება.

33
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

სპეცოპერაცია ზუგდიდში: ყველა მძევალი თავისუფალია - მედია

0
(განახლებულია 22:06 21.10.2020)
სპეცოპერაცია ზუგდიდში: „საქართველოს ბანკის“ ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გაათავისუფლეს - ტვ პირველი

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. იგივე ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში