ვენახები ყვარელში

კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

105
(განახლებულია 14:12 23.05.2020)
იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს,  დაიწყო სპეციალური აგრობარათების დარიგება - 1 ჰექტარზე 200 ლარის გათვლით.

თბილისი, 23 მაისი- Sputnik. კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გახარია: საქართველომ საჭირო რაოდენობის პროდუქტი უნდა აწარმოოს >>

სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს შეხვდა და დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.

„იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რეგიონის მასშტაბით კუთვნილი ფასდაკლების ბარათი 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო.

საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.

20 მაისიდან იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს,  დაიწყო სპეციალური აგრობარათების დარიგება - 1 ჰექტარზე 200 ლარის გათვლით.

ამასთან, აგრობარათებზე დაერიცხებათ როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

მთავრობის ახალი პროგრამის თანახმად, ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება.

ერთი წლის განმავლობაში ფერმერები SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებიდან დიზელის 0,2 ლარით, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათების საშუალებით 0,16 ლარით იაფად შეძენას შეძლებენ.

აღნიშნული დახმარებით  200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.

 

105
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (79)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

69
(განახლებულია 19:59 03.06.2020)
მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ვალუტის ყიდვას ან გადაცვლას შეძლებს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8 ივნისიდან საქმიანობას განაახლებენ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.

„ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და ის 23 მაისამდე მოქმედებდა. ამჟამად მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ასმილიონიანი შეთანხმება: საქართველო კრიზისთან ბრძოლისთვის თანხას მიიღებს

50
(განახლებულია 14:02 03.06.2020)
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე, რომელიც მიიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

მაჭავარიანის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მასთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ADB-ს ფინანსური დახმარება მიმართული იქნება პროგრამის CARES (ხარჯვითი დახმარება) მხარდაჭერაზე. დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას; ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება

პროგრამა CARES (ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს გადასახადების გადავადებას 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული საწარმოსთვის, ასევე კრედიტების სუბსიდირებას მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის.

კრედიტი ასევე მოხმარდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს. დროებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქე, აგრეთვე მოხმარდება 1,2 მილიონი მოქალაქის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას. ამას გარდა, ნახევარი წლის განმავლობაში ცხრა ძირითად პროდუქტზე იქნება ფიქსირებული ფასები.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული სამუშაოების ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

50
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
პოლიცია აშშ-ის პროტესტების დროს

მოსაზრება: ამერიკას რასიზმსა და ანარქიას შორის არჩევანს სთავაზობენ

0
(განახლებულია 18:54 03.06.2020)
ეჭვგარეშეა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვა და შემდგომი პროტესტები, რომელიც ქაოსში გადაიზარდა, შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად გამოიყენებენ.

ირინა ალქსნისი

ვარაუდობენ, რომ მთავარ დარტყმას ტრამპს მიაყენებენ, რომელსაც მისი ოპონენტები რასიზმსა და თეთრი პოლიციელების სისასტიკეში ადანაშაულებენ. ამ უკანასკნელებმა კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს. რაც უფრო ვითარდება მოვლენები, მით უფრო ნათელი ხდება, რომ რეალობას კიდევ შეუძლია დემოკრატებს სიურპრიზი შესთავაზოს.

ამერიკის ლიდერმა ერთი სრულყოფილად დადგმული სპექტაკლი მოაწყო. ის მკაცრი სიტყვებით გამოვიდა, რომელშიც: ა) მან აჯანყებულებს ,,მეამბოხეები“ უწოდა, ბ) რამდენიმე შტატის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების კრიმინალებისაგან დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა, გ) დაჰპირდა ყველა ფედერალური რესურსის (არმიის ჩათვლით) მობილიზებას, რათა „ბოლო მოეღოს განადგურებასა და ცეცხლს“. 

ეს ყველაფერი თეთრი სახლის ვარდების ბაღში მოხდა, სადაც აღწევდა შუქბგერითი ყუმბარებისა და ცრემლსადენი გაზის ჭურვების აფეთქების ხმა. ეს პოლიცია ათავისუფლებდა ლაფაიეტის სკვერის მიდამოებს მომიტინგეებისგან კომენდანტის საათის დროს.

შემდეგ დონალდ ტრამპმა დატოვა რეზიდენცია და გაწმენდილი ტერიტორიის გავლით წმინდა იოანეს ეკლესიამდე მივიდა, რომელსაც წინა დღეს რადიკალებმა ცეცხლი წაუკიდეს. იქ მან ასწია ბიბლია და თქვა, რომ „შეერთებული შტატები უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში“, და სახელმწიფოებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაპირდა.

პრეზიდენტის „პერფომანსს“ რეაქცია მყისიერად მოჰყვა. კონგრესში დემოკრატების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ტრამპის ქმედებები დაახასიათეს, როგორც „მშიშარა, არაეფექტური და საშიში“.

არანაკლებ დრამატულად გამოვიდა რამდენიმე შტატის ლიდერი, დემოკრატიული პარტიის წარმოადგენლები, კერძოდ, ნიუ-იორკისა და ორეგონის გუბერნატორები. ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ლაფაიეტის სკვერში „უიარაღო მომიტინგეების“ დარბევას სირცხვილი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალურმა ( და არა ადგილობრივმა — ეს ძალზე მნიშვნელოვანია!) პოლიციამ თეთრი სახლის წინ მომიტინგეთა დარბევა კომენდანტის საათის დაწყებამდე 25 წუთით ადრე დაიწყო. შემდეგ მერმა ამაღელვებლად დასძინა: „ვაშინგტონის მცხოვრებლებო, სახლში წადით. იყავით უსაფრთხოდ!“ 

                                                                 რუსული სტანდარტებით, ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ერთი მხრივ, აშკარაა, რომ ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები ხშირად აშკარად არ არის საკმარისი ვაკჰანალიის შესაჩერებლად. მედია სავსეა მტკიცებულებებით, თუ როგორ უბრალოდ ადევნებს თვალს პოლიცია ქალაქის კვარტლებში ქაოსსა და მაღაზიების ძარცვას. მეორე მხრივ, პრეზიდენტი სულ უფრო მეტად იმუქრება და დაპირებას იძლევა, მაგრამ ვითარების სტაბილიზაციისთვის არსებითად არაფერს აკეთებს.

ეს თავსატეხი მოიცავს როგორც ამერიკის სახელმწიფო სისტემის მახასიათებლებს, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების სიმკაცრეს.

შეერთებულ შტატებში ფედერალურ ცენტრსა და შტატებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის საკმაოდ რთული სისტემა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში რეგიონალური ხელისუფლება სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც ხდება მათ ტერიტორიაზე. ეს ეხება სამართალდამცავ სფეროსაც, რის წყალობითაც შტატებში სამართალდამცავი ორგანოების ძალზე რთული სტრუქტურაა.

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ არეულობებში, პირველ რიგში, უშუალოდ რასობრივი ნიშნით, ამერიკისთვის განსაკუთრებული არაფერია. ის რეგულარულად იფეთქებს ხოლმე. ყველაზე ცნობილი, ალბათ, 1992 წლის ლოს-ანჯელესის ბუნტია, მაგრამ ბევრს კარგად ახსოვს 2014 წელში ფერგიუსონში მიმდინარე მღელვარება.

ფედერალები ერევიან მხოლოდ შტატის ხელისუფლების თხოვნით, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ თავად ვერ გაუმკლავდებიან. პრეზიდენტს ასევე აქვს უფლებამოსილება, გუბერნატორის გარეშე გამოიყენოს ძალა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა. 

აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო პროტესტებმა მოიცვა შტატების უმეტესობა (დაახლოებით 45 შტატი 50-დან), მაგრამ თავდასხმების, ძალადობისა და მოროდიორობის კერები ძირითადად დემოკრატიული პარტიის „მამულებში“ გვხვდება. ეს ის რეგიონებია, სადაც ტრამპს გამარჯვების მცირედი შანსიც კი არ აქვს.

ყველაზე ნათელი მაგალითი, უდავოდ, ნიუ-იორკია. მრავალეროვნული, ტოლერანტული და ხაზგასმით ლიბერალური მეგაპოლისი აგრძელებს განადგურებას, ქალაქისა და შტატის ხელმძღვანელობა გაურკვევლად ლუღლუღებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ დანაშაული, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ აჯანყებულები „დემონსტრანტებს შეერივნენ“. როგორც ჩანს, მისი აზრით, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ არაფერი გააკეთონ.         დემოკრატი გუბერნატორების მხრიდან მკაცრი ზომების მიღების შეუძლებლობა მარტივად აიხსნება: ისინი ელექტორატს ეყრდნობიან, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამს მოროდიორების წინააღმდეგაც კი ძალის გამოყენებას. უფრო მეტიც, დემოკრატიულმა პარტიამ ,,თეთრ რასისტ, შოვინისტსა და ქალთმოძულე“ ტრამპთან ბრძოლაში ლიბერალური ტენდენცია  საკუთარი ხელებით გააძლიერა  ბოროტმოქმედებისა და კრიმინალების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებით, რომლებიც ,,დისკრიმინაციულ უმცირესობას“ მიეკუთვნებიან.

ამერიკაში სამოქალაქო-პოლიტიკური დაპირისპირების თითოეულმა მხარემ თავისი არჩევანი, ფსონი გააკეთა. 

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ მღელვარება თავისთავად  იფეთქებს  და დღის წესრიგში კვლავ შესაძლებელი გახდება მაქსიმალური კონცენტრირება თეთრი კონსერვატორების რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

პრეზიდენტი აშკარად ელის, რომ რესპუბლიკელ გუბერნატორთა შტატები სწრაფად აღადგენენ წესრიგს, არ დაუშვებს ძარცვა-გლეჯის გავრცელებას. მაგრამ დაზარალებული ქალაქების კადრები და დემოკრატ პოლიტიკოსების უუნარობა გაუმკლავდნენ სიტუაციას არა მხოლოდ აძლიერებს რესპუბლიკური შტატების კონსოლიდაციას, არამედ  მერყევი რეგიონების ქანქარას ტრამპის მხარეს არხევს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არავინ ცდილობს ორივე პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკითხი დააყენოს: სისტემური რასიზმი ამერიკის სამართალდამცავი სისტემების მიერ ძალადობის გადაჭარბებული გამოყენების ტენდენციის სახით, და ნებისმიერი არეულობის გადამწყვეტად ჩახშობის აუცილებლობა, რაც არ უნდა კეთილშობილურ ლოზუნგებს ეფარებოდნენ ისინი.

როგორც ჩანს, ამერიკისთვის ეს, როგორც წინა ათწლეულების განმავლობაში, კვლავაც გადაულახავ ამოცანად რჩება. 

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0