ვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან ვალუტის გაყიდვას აგრძელებს

81
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, სამი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე ხუთი აუქციონი გამართა და 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. ხუთშაბათს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და დოლარის მიმართ ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა შეადგინა 3,1915 GEL/$1.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა დაემატა. მარტის ბოლოსთვის ლარი თითქმის 20%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზი: როდის შეწყდება საქართველოში ფასების მატება >>

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, სამი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე ხუთი აუქციონი გამართა და 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

რატომ გაყიდა ვალუტა ეროვნულმა ბანკმა

ინტერვენციების მეშვეობით რეგულატორი ცდილობს შეამციროს ძლიერი რყევები სავალუტო ბაზარზე და ცალკეული მსხვილი გარიგებების საშუალებით ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედება აიცილოს.

„მიმდინარე წლის მაისში მოსალოდნელია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ობლიგაციის დაფარვის მიზნით, რომელიც სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციამ უარყოფითად არ იმოქმედოს გაცვლით კურსზე და, შედეგად, ინფლაციის მოლოდინებზე, ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით მიაწვდის“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ეროვნული ბანკი აგროვებდა საერთაშორისო რეზერვებს და ამ პოლიტიკის უპირატესობები დღეს აშკარად შესამჩნევია.

„მიმდინარე წელს უფრო აქტიური ინტერვენციების საშუალებას ეროვნულ ბანკს გასული წლების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკის განხორციელება აძლევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ჩაერთვება.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 22 მაისისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1920 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0092 ლარით გამყარდა. 

რა ელის ლარს

საერთაშორისო პროგნოზისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაცია ახლა მოსალოდნელი არ არის.

რატომ იზრდება ფასები საქართველოში – ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ >>

 „ლარის კურსი უკვე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი 3,30-ის ნიშნულს არ გადააბიჯებს, რადგან ეროვნულ ბანკს ხელი “, - განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

ის ვარაუდობს, რომ გაცვლითი კურსის დიდი ნახტომი უკვე მოსალოდნელი არ არის და ლარის მერყეობა 3.1-3.3 GEL/$1 ფარგლებშია მოსალოდნელი.

81
თემები:
ლარის კურსი დღეს (395)
პარლამენტის სხდომა

დასახელდა პარლამენტში ბიუჯეტის ახალი ვერსიის წარდგენის ვადა

13
(განახლებულია 09:58 02.06.2020)
ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტში 5 ივნისს წარადგენს, განუცხადა ჟურნალისტებს  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

„წინასწარი ინფორმაციით, 5 ივნისს აპირებს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, რომ კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს. ბიუჯეტი განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება“, – განუცხადა კოვზანაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, დოკუმენტის განხილვის გრაფიკი მოამზადა, რაც საშუალება იძლევა საპარლამენტო  კომიტეტებში მისი განხილვა დაიწყოს.

ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში შეტანილია ყველა სახის დახმარება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, როგორც ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნიზირებენ, თუმცა, ამავდროულად,  აღნიშნავენ, რომ უკვე 2021 წლისთვის საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ -4%-მდე დაეცემა.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება>>

ამასთან, კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ როგორც კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, 3 მილიარდი ლარია საჭირო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარებას მიიღებს.

13
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
რთველი

კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება

27
(განახლებულია 09:14 02.06.2020)
ხელისუფლება მზადაა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგებს დაეხმაროს

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის პირობებში მეღვინეობის სფეროს დაეხმარება და ყურძნის მოსალოდნელი უხვი მოსავლისთვის მოემზადება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთვლეზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. ეს გადაწყვეტილება გახარიას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე განიხილეს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებით მეღვინეობის დარგში არსებული ვითარება და ზარალი, რომელიც დარგმა ტურიზმის შემცირების პირობებში მიიღო.

პრემიერის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა ყურძნის ჩაბარების პროცესში არ შეიქმნას პრობლემები და სახელმწიფოცა და კერძო სექტორიც რთვლის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

სოფლის მეურნეობა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტია

მთავრობამ უკვე განაცხადა იმპირტჩანაცვლების ამბიციური გეგმების შესახებ, ამიტომ სოფლის მეურნეობისა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტულია.

სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. დაიწყო ფერმერებისთვის აგრობარათების გაცემა. აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

კრიზისთან დაკავშირებით ასევე შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს.

სახელმწიფო სრულად გადაიხდის ერთწლოვანი კულტურების წარმოების გასავითარებლად აღებული 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტებს. სესხი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. არსებული წლიური 8 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11 პროცენტს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც - ნაცვლად არსებული 9 პროცენტისა, იქნება 12 პროცენტი.

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ>>

პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის გაცემული კრედიტების საერთო მოცულობა 2020 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა გაფართოვდა და ახლა ის მოიცავს მეღვინეობის დარგს, რომელიც მეღვინეობის კომპანიებს პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.

27
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ტესტი

პლუს 10: საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

0
(განახლებულია 10:20 02.06.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 634 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 634 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში