რატი აბულაძე

რა კავშირშია საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბესთან

123
(განახლებულია 19:08 21.05.2020)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დააზარალა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საგარეო ვაჭრობა აღმოჩნდა.

2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 11,8%-ით შემცირდა  და დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. რატომ არის  საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი ასე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკისთვის და როგორ აისახება ის  თითოეული მოქალაქის  ჯიბეზე, Sputnik საქართველოსთან ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ ისაუბრა.

- თქვენი აზრით რამ განაპირობა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის შემცირება?

- ვფიქრობ, ამის მიზეზი გახდა ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული საყოველთაო კარანტინი, თითოეულ ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, შეფერხებები გადაზიდვებში, მსყიდველობითუნარიანობის დაცემა.

covid-19 მიერ გამოწვეული კრიზისის გამო მკვეთრად შემცირდა მოთხოვნა, შეფერხდა ლოგისტიკა, შემცირდა წარმოება,  გაჩერდა საინვესტიციო აქტივობა, დაეცა საერთაშორისო ვაჭრობის ტემპი, შეფერხდა მოქალაქეების გადაადგილება და სამომხმარებლო აქტივობა.

ყოველთვის, როდესაც კრიზისი იწყება (სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე), მოსახლეობა ძირითადად იძენს მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს : საკვებს, სასმელსა და სამედიცინო პროდუქტებს.  დანარჩენი სახის პროდუქტის მოხმარება მკვეთრად იკლებს. მცირდება მაგალითად,  ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ელექტროტექნიკით, ავეჯით და  მანქანებით ვაჭრობა.

საქართველოში, მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავლები  ისედაც მხოლოდ საკვებს, კომუნალურებისა და ბანკის გადასახდებს სწვდება. ამიტომ  შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდას და ეკონომიკურად წელში გამართვას მთავრობის ხელშეწყობა სჭირდება.

- როგორ  აისახება საგარეო ვაჭრობის კლება მოსახლეობის იმ ნაწილზეც, რომელთა საქმიანობაც  ვაჭრობის სფეროსთან არ არის დაკავშირებული? 

- საგარეო ვაჭრობის შემცირება პრაქტიკულად ყველა სეგმენტს შეეხება. საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების შემცირება გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის დაცემას. თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნა, გამოწვევების წინაშე დადგება, როგორც  ბიზნეს სექტორი, ისე მოქალაქეები  და მთავრობა.

ბიზნეს სექტორი თუ პროდუქტს ვერ გაყიდის, იძულებული გახდება შეამციროს წარმოება და  გაანთავისუფლოს თანამშრომლები. ვაჭრობის დაცემის გამო, კომპანია გადასახადებს ვეღარ გადაიხდის და არც თანხა შევა ბიუჯეტში. ექსპორტის შემცირების გამო, ქვეყანაში არც უცხოური ვალუტა შემოვა და სავალუტო სექტორიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რაც თავის თავად იმოქმედებს ლარის კურსზეც, ბიზნეს სექტორი აღარ ისარგებლებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებით, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ფინანსურ სექტორზეც.

აქვე ისიც ხაზგასასმელია, რომ სავაჭრო და საწარმოო აქტივობის დაცემა იწვევს, როგორც ბიზნეს სექტორის ისე მოქალაქეების უკმაყოფილების ზრდას. ეს კი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს.

აღსანიშნავია, რომ კრიზისის პერიოდში იზრდება მოქალაქეების ლეგიტიმური მოთხოვნები  პოლიტიკური და მმართველობითი გარემოს, ეკონომიკური პროგრამების, ანტიკრიზისული გეგმების, განვითარების სტრატეგიების, პრევენციის ღონისძიებების, მმართველობითი უნარების, პოლიტიკის როლისა და ეფექტიანობის მიმართულებით.

- როგორია თქვენი სამომავლო პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ?

- საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს ვაჭრობის შემცირება იქნება 9%-32%-ის დიაპაზონში, კრიზისის სიღრმიდან გამომდინარე. აღსანიშნია ვაჭრობის დაცემის დიდი მასშტაბები  რეგიონულ დონეზე. კვლევის შედეგებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება გადააჭარბებს 285 მლრდ ევროს, ხოლო იმპორტის დაცემის მასშტაბი აღემატება 245 მლრდ ევროს.

შემცირების ტენდენციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს საგარეო სავაჭრო გარემოც. მიმდინარე წლის 4 თვეში, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წელთან შედარებით უკვე შემცირდა 11.8%-ით. სადაც ექსპორტი შემცირდა 11.9%-ით, ხოლო იმპორტი - 11.8%-ით.

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ჩაცხრობის მიუხედავად, საერთაშორისო ვაჭრობის დაცემა და შეფერხებები მხოლოდ დასაწყისია. მართალია ნელ-ნელა ცოცხლდება გლობალური ბაზარი,  მაგრამ  ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობის გამოცოცხლება ოჯახისა და ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზეა დამოკიდებული. კრიზისის გავლენის შედეგად, ქართული ოჯახების ეკონომიკური პროფილი კი აჩვენებს:  დაცარიელებულ საფულეს, გამოცარიელებულ რეზერვებს,  მთავრობის შერჩევითი დახმარების მოლოდინს,  პოლიტიკურ ცვლილებებზე დამოკიდებულებას და მღელვარებას.

- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ შექმნილ ვითარებაში?

მთავრობა პასუხისმგებელია თითოეული კომპანიის და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ბედზე. ამიტომ, ვალდებულია იცოდეს თითოეული კომპანიის პრობლემები, მათთან ერთად შემუშავებული ჰქონდეს პრობლემების გადაჭრის გეგმა და თითოეულ კომპანიას დახმარება გაუწიოს გლობალური ბაზრების შესაძლებლობების მორგებაში. რადგან  სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის შესაძლებლობებია. 

საკმარისი არ არის მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობის სურვილი ან მარკეტინგული კამპანიები. სავაჭრო  და სამომხმარებლო აქტივობის აღდგენას სჭირდება არ მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ  პოლიტიკური ნება და მუშა ეკონომიკური პროგრამები. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში, პოლიტიკა უნდა გახდეს გლობალური ბიზნეს აქტივობის ძირითადი ლოკომოტივი. პრაქტიკულად, საგარეო ვაჭრობის ზრდას გლობალური პოლიტიკის წარმოება სჭირდება.  გლობალური პოლიტიკის შექმნაზე კი  დამოკიდებულია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

 

ნატა პატარაია

 

123
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

69
(განახლებულია 13:45 03.06.2020)
მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობა ვალუტის ყიდვას ან გადაცვლას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შეძლებენ

 

თბილისი, 3 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, საქმიანობას 8 ივნისიდან განაახლებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.

 „ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ასმილიონიანი შეთანხმება: საქართველო კრიზისთან ბრძოლისთვის თანხას მიიღებს

49
(განახლებულია 14:02 03.06.2020)
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე, რომელიც მიიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

მაჭავარიანის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მასთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ADB-ს ფინანსური დახმარება მიმართული იქნება პროგრამის CARES (ხარჯვითი დახმარება) მხარდაჭერაზე. დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას; ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება

პროგრამა CARES (ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს გადასახადების გადავადებას 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული საწარმოსთვის, ასევე კრედიტების სუბსიდირებას მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის.

კრედიტი ასევე მოხმარდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს. დროებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქე, აგრეთვე მოხმარდება 1,2 მილიონი მოქალაქის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას. ამას გარდა, ნახევარი წლის განმავლობაში ცხრა ძირითად პროდუქტზე იქნება ფიქსირებული ფასები.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული სამუშაოების ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

0
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში