კორონავირუსმა საქართველოს წიგნის გამომცემლობებს დაარტყა: ზარალი ყოველდღიურად იზრდება

© photo: Sputnikწიგნის დღეები
წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგამომცემლო სფეროსა და მთლიანობაში ქართული წიგნების გადარჩენის მიზნით წიგნის გამომცემლობები მთავრობას 9-პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობენ, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპეციალურ ფინანსურ შეღავათებს, ისე კონკრეტულ პროექტებს.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების პირობებში წიგნის გამომცემლობების ზარალი ყოველდღიურად იზრდება – ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აღნიშნული სფეროსთვის მიყენებულმა ზარალმა 6 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს მთავრობისადმი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიმართვაში.

საქართველოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეიქმნა, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერას, ისე შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის დაბრუნებას.

მიმართვაში ნათქვამია, რომ საგამომცემლო საქმიანობის აღდგენა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზეა გათვალისწინებული, შესაბამისად, ახალი წიგნების გამოცემა ერთ თვეზე მეტი დროით გადაიწევს. ამ პერიოდში კი, როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, ზარალი ორჯერ გაიზრდება და 12 მილიონ ლარს მიაღწევს. 

წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში გაიმართება

„შექმნილი ვითარება ქართული საგამომცემლო ინდუსტრიისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, თუ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებები და ფინანსური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასოციაცია, საგამომცემლო სფეროსა და მთლიანობაში ქართული წიგნების გადარჩენის მიზნით, მთავრობას 9-პუნქტიან ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს, რომელიც ითვალისწინებს როგორც სპეციალურ ფინანსურ შეღავათებს, ისე კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც „წიგნის ინდუსტრიის გადასარჩენად დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. 

„იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმა გათვალისწინებული იქნება ქართული კულტურის გადარჩენის იმ საერთო სტრატეგიაში, რომელზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ალბათ ამჟამად მუშაობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს: ექვსი თვის მანძილზე გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა სრულ გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან; სახელმწიფოს შუამდგომლობას საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებისთვის გრძელვადიან, უპროცენტო სესხებზე; პატარა გამომცემლობებისთვის 2000–5000 ლარის ფარგლებში მცირე გრანტების დაწესებას; სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელთა მხარდაჭერას და სხვა შეღავათებსა და პროექტებს.

ყველა ახალი ამბავი
0