დახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში

არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

1177
(განახლებულია 14:20 04.05.2020)
საბანკო რეგულაციებში ცვლილებებია. ბიუროკრატია გამარტივდა, იზრდება კომერციული ბანკების პასუხისმგებლობა. რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას დაკრედიტების პროცედურის ლიბერალიზაცია?

სამსონ ხონელი

დამიგვიანდა. მკითხველო, ვალი მაქვს თქვენი. უნდა გავისტუმრო. არ მკითხოთ, რამდენი მმართებს. არც ის იფიქროთ, კითხვაზე პასუხის გაცემას გავურბივარ. ხომ იცით, ავტორისთვის მკითხველის ერთგულება და ნდობა მონეტარულად არ იზომება. მას სხვაფვარად დაფასება და გაფრთხილება უნდა. ასე რომ, სულ სხვა ვალს ვგულისხმობ. ეს „სხვა“ რაღაა? − შესაძლოა, ჩამეძიოთ და ვეცები თქვენი ცნობისმოყვარეობა მომდევნო სტრიქონებით დავაკმაყოფილო. რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არ დამჭირდება, დანაპირებს შევასრულებ, წინამდებარე სტატიით საბანკო რეგულაციებში განხორციელებულ ცვლილებებზე გიამბობთ.

მკითხველს შევახსენებ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება დაისახეს. პირველი კონკრეტული ნაბიჯებიც მაშინვე გადაიდგა. შემდეგ კი, დროის მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, ყველა საფინანსო-საკრედიტო სტრუქტურისთვის სესხის გაცემის წესები რამდენჯერმე გამკაცრდა. 2019 წლის პირველივე დღიდან კი ეროვნული ბანკის კიდევ ერთი დებულება ამოქმედდა და ყველა საკრედიტო ორგანიზაციას სესხის გაცემამდე პოტენციური დებიტორის ფინანსური მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაევალა. კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებისას მხოლოდ მის თავისუფლად განკარგვად შემოსავალს ითვალისწინებდნენ. ასევე განისაზღვრა საკრედიტო ლიმიტები და დადგინდა სხვადასხვა ტიპის სესხის მაქსიმალური ვადები. ერთი სიტყვით, „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დოკუმენტით გასული ერთი წლის განმავლობაში საკრედიტო პროცედურები საგრძნობლად გართულდა.

საბანკო სექტორში დაკრედიტების პირობების გამკაცრებას ანალიტიკურ წრეებში იმთავითვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მეტწილად სკეპტიკური დამოკიდებულება სჭარბობდა. ფინანსისტები, ერთი მხრივ, საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის მკვეთრ შემცირებას, მეორე მხრივ კი საფინანსო ბაზარზე კერძო მევახშეების საკრედიტო რესურსის გაძვირებას პროგნოზირებდნენ. ეკონომისტები კი ვარაუდობდნენ, რომ საბანკო რეგულაციების შედეგად კომერციული ბანკები საგრძნობლად შეამცირებდნენ იპოთეკური, სამომხმარებლო სესხებისა და სწრაფი განვადების გაცემას. შესაბამისად, თუ არ განახევრდებოდა, მნიშვნელოვნად მაინც მოიკლებდა უძრავი ქონების, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გაყიდვების მოცულობა. ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა ზოგადად საშუალო თუ მცირე ბიზნესს. ექსპერტთა დიდი ნაწილი სპეციალისტების ვარაუდს დაკრედიტების მოცულობის შესაძლო შემცირების თაობაზე იზიარებდა, თუმცა იქვე მიუთითებდა, რომ ახალ ვითარებაში კომერციული ბანკები საკრედიტო პოლიტიკას გადახედავდნენ, გაცილებით მეტ რესურსს დაუთმობდნენ ბიზნესის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის ზრდას.

რაც შეეხება მედლის მეორე მხარეს - საფინანსო-საკრედიტო კომპანიების მომხმარებელთა უფლებების დაცვას, იყო მოსაზრება, რომ მოქალაქემ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ისესხოს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს, ამ საკითხში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.

ეს სენტენცია ნეოლიბერალებს ეკუთვნით. მათგან არავის განუმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, როდესაც საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოქალაქეებს უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვა ემუქრებათ და დახმარებისთვის სწორედ სახელმწიფოს მიმართავენ. ერთი სიტყვით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უარყოფითი შეფასებები კეთდებოდა, იყო ხელისუფლების დარწმუნების მცდელობაც, რომ ქვეყანას ეკონომიკური აპოკალიფსი ელოდა. შესაბამისად, დაწესებული რეგულაციების ლიბერალიზაციას ითხოვდა საბანკო სექტორი და ბიზნესის დიდი ნაწილი.

ამასობაში ერთ წელზე მეტი გავიდა და გაირკვა, რომ აპოკალიფსი არ შედგა. დეველოპერებმა და მშენებლებმა გაყიდვების მრავალწლიანი შიდა განვადების სქემა შეიმუშავეს, იმავე მეთოდს მიმართეს საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით მოვაჭრე კომპანიებმა. გაგიკვირდებათ და არც საბანკო სექტორი დაიქცა. მეტიც, როგორც ეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, გასული წლის ბოლოს საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელმა 32 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიური ზრდა 16.3 პროცენტი იყო. ციფრებით მკითხველს არ დავღლი, მას თავადაც შეუძლია გაეცნოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშს. მოკლედ მოგახსენებთ, შემცირდა მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპი და არა დაკრედიტება. თუმცა, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპი 15 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაიზარდა. ეს კი შემოსავლების უცვლელობის პირობებში მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპის კლების პარალელურად გაიზარდა ბიზნეს-სესხების დაკრედიტება. მოგეხსენებათ, ბიზნეს-სესხია ის საკრედიტო პროდუქტი, რომელიც, ყველა სხვა ტიპის კრედიტისგან განსხვავებით, ეკონომიკაზე გაცილებით უფრო დადებით გავლენას ახდენს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა არც ბანკები დააქცია, როგორც ამას ზოგიერთი ანალიტიკოსი თუ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი პროგნოზირებდა, და არც ეკონომიკას შეუქმნა რაიმე სახის პრობლემა. რეგულაციებმა საფინანსო სექტორში ახალი წესები შემოიტანა და ბოლო მოუღო წლების განმავლობაში არსებულ უპასუხისმგებლო დაკრედიტებას. გარდა ამისა, რეგულაციებმა საკრედიტო პროდუქტების დივერსიფიკაციასა და გაჯანსაღებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 

ამასობაში კი 15 აპრილიდან მოქალაქეებისთვის კრედიტების გაცემა გამარტივდა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება. რეგულაციები უფრო მოქნილი გახდება. კერძოდ, ამიერიდან ბანკები თავად დააწესებენ კლიენტის შემოწმების წესებს და ერთიანი სტანდარტით აღარ იხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა, მსესხებლის შემოსავლებიდან გამომდინარე, კრედიტის ოდენობისა და განაკვეთის განსაზღვრის მიზნით კატეგორიების რაოდენობა ოთხიდან ორამდე შეამცირა. კერძოდ, ერთ ჯგუფად გაერთიანდა 1000-დან 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე მსესხებლები და ცალკე ჯგუფად – 2000-დან 4000 ლარამდე შემოსავლის მქონეები. ასევე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების მომსახურების მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე გაიზარდა. საზღვარგარეთიდან შემოსავლის არსებობის და მისი დასაბუთების შემთხვევაში ბინის შეძენის დროს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა 60 პროცენტიდან 70 პროცენტამდე მსუბუქდება. თუმცა, ვადები უცვლელი დარჩა სხვა სახის კრედიტებზე. მაგალითად, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი გაიცემა არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლის ვადით, ხოლო სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლის ვადით. ანალიტიკოსთა შეფასებით, საბანკო რეგულაციების შერბილება, განსაკუთრებით, დღეს არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, დადებითად აისახება საბანკო სფეროზე და ეკონომიკურ აქტივობასაც გაზრდის.

„საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა გაცილებით მეტ ადამიანს ექნება... უკეთესი იყო, ეს კრიზისამდე გაკეთებულიყო, მაგრამ ზოგადად კარგია, რომ ახლა მაინც განხორციელდა. განხორციელებული ცვლილებები შემოსავლის გათვალისწინებით ყოველთვიური შენატანის განსაზღვრას გულისხმობს. იცვლება კოეფიციენტები, რაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და სასესხო პორტფელს შედარებით გაზრდას ხელს შეუწყობს. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ კი უკვე ბანკებზე იქნება იმის პასუხისმგებლობა, რომ უფრო კარგად შეისწავლონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და სესხი მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ. დღეს ეკონომიკაში არაორდინალური ვითარებაა და გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები. საბანკო რეგულაციების შერბილება ერთ-ერთია, რაც ჩვენს ეკონომიკას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება“, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი კეპულაძე.

ვნახოთ, დაველოდოთ, სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე წლის ბოლოს მეტ-ნაკლებად გაირკვევა, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია. თუმცა, შედეგების შეფასებისას მოგვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად მხოლოდ ივლისის პირველ ნახევარში მოიხსნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 იმ დროისთვის უკან დაიხევს. მანამდე კი რჩევის სახით - დარჩით სახლში და მაშინაც, როცა გარეთ გახვალთ, ისესხეთ იმდენი, რამდენის გასტუმრებასაც შეძლებთ!..  

 

1177
მოსავლის აღება

რამდენად აისახება საქართველოზე რუსეთიდან წიწიბურის ექსპორტის აკრძალვა: თურნავას განმარტება

61
(განახლებულია 22:59 05.05.2021)
რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რუსეთიდან წიწიბურის გატანაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა ქართულ ბაზარზე არ აისახება, განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება. მიზეზად დასახელდა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება. 

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს თავისუფალი ვაჭრობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, თუმცა, როგორ ჩანს, ამას თავისი შიდა მიზეზები აქვს. ჩვენს ბაზარზე ეს არ აისახება, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიო ბაზრების 2/3-თან, შესაბამისად, ძალიან მარტივად ჩანაცვლდება ეს დანაკლისი, თუ შეიქმნება, მაგრამ დღეს ეს დანაკლისი არ არის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რუსეთი საქართველოსთვის წიწიბურის ძირითადი მომწოდებელია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 701,7 ათასი დოლარის ღირებულების წიწიბურა შეიძინა, აქედან 701,4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია რუსეთიდან შემოვიდა.

ადრე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთში მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმდინარე მოცულობები მოსახლეობის მოთხოვნებს ძირითადი სახეობების ბურღულეულზე, მათ შორის წიწიბურაზე, სრულად უზრუნველყოფს. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან მსოფლიოში არსებული კონიუნქტურის ფონზე იმპორტიორ ქვეყნებში რუსული წიწიბურის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება.

რუსეთში წიწიბურის ფასი წლის დასაწყისიდან იზრდება. უწყვეტი ზრდა მარტიდან ფიქსირდება. 19 აპრილის მდგომარეობით 1 კგ წიწიბურა რუსეთში ღირდა 96 რუბლი, რაც დაახლოებით 4,4 ლარს უდრის.

საქართველოში 1 კგ წიწიბურის ფასი 3,5 ლარიდან იწყება.

 

61
ქუთაისი

ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

30
(განახლებულია 22:33 05.05.2021)
ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პირველი სხდომა ქუთაისში გამართა.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8,3 მილიონი ლარია. აუზის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

პროექტის თანახმად, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების ოლიმპიური აუზი აშენდება, რომლის სიგრძეც 50 მეტრი, სიგანე კი 25 მეტრი იქნება. 

სპორტკომპლექსში შესაძლებელი იქნება ასევე სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.

„ოლიმპიური აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს და ქუთაისში საწყლოსნო სპორტის სახეობების განვითარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

აუზის მშენებლობა ადგილზე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა კიდევ სამ ქალაქში – ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში დაიწყო.

ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პირველი სხდომა ქუთაისში გამართა.

იმერეთის შემდეგ სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.

ახალი პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს 160 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები დასავლეთ საქართველოს 34-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს. გამოცხადდა რვა ტენდერი და თითოეულის ღირებულება 20 მლნ ლარია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული ოთხწლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. 

 

30
ბათუმი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მაისი

0
(განახლებულია 11:34 05.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 6 მაისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.

ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, გვახსოვდეს დიპლომატიურობისა და ტოლერანტობის შესახებ. სამწუხაროდ, ნებისმიერ გაუფრთხილებელ სიტყვას ძალზე მწვავე რეაქციის გამოწვევა შეუძლია. გაძლიერდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სწრაფვა სამართლიანობის, დამოუკიდებლობისკენ და მოიმატებს „ფეთქებადობა“ და მოუთმენლობა. თუ კონფლიქტები არ გსურთ, მაშინ პატივი ეცით გარშემომყოფების გრძნობებს. სხვის უტაქტობას კი, ეცადეთ, რომ იუმორით უპასუხოთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს">>

ვერძი: დღეს დიდი ალბათობაა იმისა, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი საქმეებითაც კი თქვენ დაგტვირთონ და რაღაც საკითხებში საერთოდ ბოლო რიგებში გადაგწიონ. ისინი იგრძნობენ თქვენს დათრგუნულობასა და დამყოლობას და ამით უსირცხვილოდ სარგებლობას შეეცდებიან. ამ მდგომარეობის შეცვლა შეგიძლიათ, თუ კატეგორიულად დაიცავთ თქვენს პოზიციას და აღკვეთთ მსგავს მცდელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღე სხვისი საქმეების კეთებას მოუნდებით.

კურო: მთელი დღე, შესაძლოა, რაღაც ზეწოლა იგრძნოთ გარედან. ეს შეიძლება იყოს დროის დეფიციტი, ან გარემოებებმა და გარშემომყოფების მოთხოვნებმა გაიძულოთ სწრაფად მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში ზეწოლისგან გათავისუფლებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ, ამიტომ ამასთან შეგუება მოგიწევთ. ყველაზე უკეთესი გამოსავალია განმარტოება და საკუთარი საქმეების მშვიდად კეთება, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა გექნებათ.

ტყუპი: დღეს იშვიათი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ რამე საქმეში წინ გაიჭრათ. მთავარია, რომ საჭირო მომენტი ხელიდან არ გაუშვათ – როცა ამის დრო დადგება, მტკიცედ იმოქმედოთ. აქტიური და შემტევი ქმედებების წყალობით დიდი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ წინ. გამოიყენეთ ეს დღე იმისთვის, რომ „ჩაუსაფრდეთ“ საჭირო დროს და ახალი სიმაღლეები დაიპყრათ, კონკურენტები კი უკან ჩამოიტოვოთ.

კირჩხიბი: დღეს თქვენში სამართლიანობის გრძნობა განსაკუთრებულად გამძაფრდება. მზად ხართ, „მკერდით გადაეფაროთ“ საკუთარ თუ სხვის ინტერესებს, თუ ჩათვლით, რომ ვიღაც ამ ინტერესებს ავიწროებს. რას იზამთ, ხანდახან გვიწევს ინტერესების „არაკულტურულად“ დაცვა და მოშურნეებისა და მეტოქეების „ადგილზე მოსმა“. მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ – დღეს უფლებების დარღვევა შეიძლება იქაც კი მოგეჩვენოთ, სადაც ამას ადგილი ნამდვილად არა აქვს, ან მას მხოლოდ მიკროსკოპით თუ დაინახავთ.

ლომი: რისკავთ, რომ მთელი დღე შეიძლება ჭეშმარიტების ძიებაში გაატაროთ და ამავე დროს დარწმუნებული იყოთ, რომ ის სადღაც გვერდითაა. ამ სიმართლის ძებნა შეიძლება ეხებოდეს ყველაფერს – ურთიერთობებს გარშემომყოფებთან, სამუშაოს, პირად ცხოვრებას. თუმცა, რაც უნდა მოგეჩვენოთ, რომ სამართლიანობის გამარჯვების წუთი მოახლოვდა, ეს მხოლოდ თქვენი იმედი იქნება. შესაძლოა, გაკვირვებულმა აღმოაჩინოთ, რომ „წმინდა წყლის ჭეშმარიტება“ თითქმის უსარგებლო რამაა და ის არავის სჭირდება.

ქალწული: დღეს ვარსკვლავები მხოლოდ პირდაპირი გზით სიარულს გირჩევენ. საკუთარი თამაშის მცდელობა და მით უმეტეს, რამის დამალვა და დამახინჯება სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ასე რომ, თუ საჭირო შედეგის მიღება გსურთ, ღიად უნდა იმოქმედოთ. გარშემომყოფებიც დააფასებენ თქვენს პატიოსნებასა და პირდაპირობას, თუმცა ურთიერთობებში ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეთ – გულწრფელობასა და პირდაპირობასაც აქვს თავისი საზღვრები.

სასწორი: საჭირო შედეგის მისაღწევად რაღაც საკითხებში შეიძლება მოგიწიოთ იმის თქმა, რასაც თქვენგან ელოდებიან და არა იმის, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ; ან, შესაძლოა, საჭირო მომენტში თქვენს ეჭვებზე გაჩუმდეთ კიდეც. რას იზამთ, გულწრფელობა ყოველთვის არ „ჭრის“, ის ხანდახან უადგილოა და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი საუბრების დროს. ხვალ თუ სათქმელს პირდაპირ იტყვით, ამით შეიძლება საქმესაც ავნოთ და საკუთარ თავსაც. თუ კომენტარებისგან თავს შეიკავებთ, უფრო მოგებული დარჩებით.

მორიელი: დღეს მტკიცედ და საბრძოლველად ხართ განწყობილი. რა საჭიროა კვანძის გახსნა, თუ მისი გადაჭრა შეიძლება? საინტერესო ისაა, რომ რაღაც საკითხებში ასეთი რადიკალიზმი შეიძლება დაგეხმაროთ კიდეც, მაგრამ ყველაფერს ასეთი მეთოდით ვერ გადაწყვეტთ. აქედან გამომდინარე, ისეთ საკითხებს, რომლებიც დროსა და დელიკატურ დამოკიდებულებას საჭიროებს, სჯობს, დღეს სათოფეზეც არ გაეკაროთ, ან წინასწარ მოემზადოთ მათი ჩავარდნისთვის.

მშვილდოსანი: დღეს არეულ–დარეული საქმეების მოგვარება მოგიწევთ, თუნდაც ამას თქვენი გეგმები არ ითვალისწინებდეს. შესაძლოა, ეს „არეული საქმე“ თქვენი სამუშაო მაგიდა იყოს, ან საკუთარი საქმეებისა და გეგმების თანამიმდევრულად დაწყობა დაგჭირდეთ. სიზარმაცეს უნდა მოერიოთ, რადგან ამ პროცესის დროს გაქვთ შანსი, რომ იპოვოთ რაღაც მივიწყებული, რომელიც დღემდე აქტუალურია და საკმაოდ ღირებული რამაა.

თხის რქა: დღეს გარშემომყოფებთან და მათ შორის, საკმაოდ ახლობელ ადამიანებთანაც კი დისონანსში იქნებით. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები ძალიან მნიშვნელოვანი პერსონის ნიღაბს ირგებენ, ხოლო გარშემომყოფები უკმაყოფილო არიან თქვენი უზრუნველობით. კონფლიქტები არ გელოდებათ, მაგრამ ურთიერთობებში ბზარი რომ არ გაჩნდეს, სჯობს, ხშირად მოირგოთ სერიოზული და ჭკვიანური სახის ნიღაბი. ამან შეიძლება კარგად გაგართოთ კიდეც.

მერწყული: საქმიანობაში მზად ხართ მტკიცე და ხანდახან რადიკალური ზომები მიიღოთ, განსაკუთრებით ეს ფინანსების სფეროს ეხება. იმის ნაცვლად, რომ ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადაჭრათ, ასჯერვე გადაჭრა შეგიძლიათ. ერთი მხრივ, არის საშიშროება, რომ ფული ქარს გაატანოთ, მეორე მხრივ კი საბრძოლო განწყობა დაგეხმარებათ, გადადგათ ის ფინანსური ნაბიჯები, რომელთა გადაჭრის აუცილებლობა დიდი ხანია მომწიფდა.

თევზები: დღეს თქვენში დიდმა კრიტიკოსმა შეიძლება გაიღვიძოს. ამასთან კრიტიკულობა არა საკუთარი თავის, არამედ სხვების მიმართ იქნება მიმართული. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შენიშვნების გამო გარშემომყოფები დაირცხვენენ და შეცდომებს გამოასწორებენ, სინამდვილეში კი ეს სულაც არ იქნება ასე. თქვენი ბრძნული რჩევები წყალს გაჰყვება, ხოლო კრიტიკა კი წყენის საფუძველი შეიძლება გახდეს. თქვენი გადასაწყვეტია, ღირს თუ არა კრიტიკაზე ნერვებისა და ძალების დახარჯვა თან იმ დროს, როცა საჭირო შედეგის იმედი არ არის.

0