თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

გამოწერა
მინისტრის განცხადებით, საქართველომ ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით რეაგირება უკვე მოახდინა და ყოველდღიურად აქტიური კონტაქტი აქვს ბიზნესთან.

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესისთვის ქართული ბაზრის შეთავაზებას გეგმავს - როგორც ალტერნატიული პლატფორმის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს

მისი განმარტებით, პოსტკრიზისულ სამყაროში წარმოების ალტერნატიულ პლატფორმებზე კონკურენციის გამძაფრებაა მოსალოდნელი.

„შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ გლობალური კომპანიები ფიქრობენ გარკვეული ბიზნესების სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გადატანას, რათა უფრო მეტად იყოს დაცული და დივერსიფიცირებული ნებისმიერი ბიზნესი. ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ასეთ ბიზნესებს შევთავაზოთ საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის“, - განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

მან აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ეკონომიკის ცვლილებას გამოიწვევს.

„ტრადიციული ინდუსტრიული რეგიონული ჰაბები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყო ჩამოყალიბებული, იქნება ეს ჩინეთი თუ სხვა რეგიონები, შეიცვლება. შექმნილმა ვითარებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი საწარმოების კონცენტრაცია, შუალედური წარმოებაც კი ერთ რეგიონში რისკებს ქმნის და მოულოდნელმა პრობლემამ პრობლემები მსოფლიო ეკონომიკაში შექმნა. ამაზე საქართველომ რეაგირება უკვე მოახდინა და ყოველდღიურად აქტიური კონტაქტი აქვს ბიზნესთან, მათ შორის, გლობალურ კომპანიებთან“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველო Doing Business-2020-ის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, მეშვიდე ადგილზე, ევროპაში კი მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, მათ შორის ევროკავშირთან და ჩინეთთან, ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი შეასრულოს.

ყველა ახალი ამბავი
0