თბილისი

რატომ ერჩის COVID-19 ლარს და მოუსწრებს თუ არა „ვაქცინა“ ეროვნულ ვალუტას?

1082
(განახლებულია 16:32 07.04.2020)
რა უფრო დააზარალებს ქვეყანას – კორონავირუსი, თუ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, გაუძლებს თუ არა ლარი კორონავირუსის შემოტევას, რატომ აკრიტიკებენ ეროვნულ ბანკს და რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან?..

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიას ჩვენი დროების აქტუალური მოწოდებით დავიწყებ: დარჩით სახლში! აი, შენღა გვაკლდი!.. − შესაძლოა, ბრძანოთ და მართალიც იქნებით, თუმცა, ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად შევახსენებთ ერთმანეთს, რომ ახლა შინ ყოფნა ჯობს, მით უკეთესი. აკი ამბობენ, რომ ეს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. რაც შეეხება სტატიის თემას, დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, თუ ყურადღებას ლარის ბოლო პერიოდის თავგადასავალზე გავამახვილებ.  

არახალია, რომ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური შოკები ეროვნულ ვალუტაზე მძიმედ აისახება. ფაქტია, მარტის თვიდან მოყოლებული ლარმა პოზიციები სწრაფი ტემპით დათმო და, იანვარი-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 22 პროცენტით გაუფასურდა. უნდა ითქვას, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოში გამოწვეული ფინანსური და ეკონომიკური რყევების ვითარებაში ქართული ლარის გაუფასურება მოულოდნელი არ იყო. მეტიც, ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ეს კანონზომიერი პროცესია. მოჰყავდათ შესაბამისი არგუმენტებიც...

ითქვა, რომ ტურისტული სეზონის ნაადრევად დახურვამ, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვამ და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრმა შემცირებამ სავალუტო ბაზარზე უარყოფითი მოლოდინი გააჩინა, რაც ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად აისახა. უნდა აღვნიშნოთ, პროგნოზებიც საკმაოდ ფრთხილი კეთდებოდა. ანალიტიკოსები მიგვანიშნებდნენ, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის სტაბილურობა მთლიანად ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე იქნებოდა დამოკიდებული. მოგვიანებით, მარტის თვის მესამე დეკადაში სპეციალისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების უკვე შიდა ფაქტორებზე ალაპარაკდნენ და ხელი სწორედ კობა გვენეტაძის უწყებისკენ გაიშვირეს.

„ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან ჯამში 100 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამავე პერიოდში „რეფინანსირების“ სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით თითქმის 2.5 მილიარდი ლარი გაუშვა. ამის შემდეგ გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რაც სავალუტო ბაზარზე ხდება... რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც მიმოქცევაში დამატებით უშვებ შვიდჯერ მეტ ლარს?! ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია!“ − წერს ანალიტიკოსი თემურ ბასილია. მისი თქმით, პრობლემა ისევ ფუნდამენტურია, კერძოდ, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ.

ქვეყნის პირველ ბანკირს მხოლოდ თემურ ბასილია როდი აკრიტიკებს. ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ლარის სავალალო მდგომარეობა ეროვნული ბანკისა და პირადად მისი პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ ახლო წარსულში გატარებული არაადეკვატური და მცდარი პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. მათი შეფასებით, შოკურ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციონირება არადამაჯერებელია, სამწუხაროდ, ვერ ახდენს საჭირო ეფექტს და ამძაფრებს განცდას, რომ ვითარების კონტროლი არ ან ვერ ხერხდება და პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული.

ასეა თუ ისე, ჩვენ კიდევ ერთ მოცემულობას უნდა გავუსწოროთ თვალი: კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. რატომ? „ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. ჩვენ მომსახურების ექსპორტი გვქონდა, რომელიც სრულად გაჩერდა, ამ დროისათვის ტურისტების რაოდენობა არის ნული. ტურისტებს შემოჰქონდათ 3 მილიარდი დოლარი. ეს რიცხვი განულდა... სამომავლოდ ქვეყანას მრავალწახნაგოვანი ეკონომიკა უნდა ჰქონდეს. პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესს ბიძგი მისცა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. არაფერს ვაწარმოებთ. საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელი ბიზნეს-კომპანიები უნდა შეიქმნას და მათ საქმიანობას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს“, − აცხადებს მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი და კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი. დეპუტატის მოსაზრებას, რომ „არაფერს ვაწარმოებთ“, ვერ გავიზიარებ, თუმცა ეკონომიკის დივერსიფიკაციის აუცილებლობის საკითხში უპირობოდ დავეთანხმები.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობს. ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა მასმედიას განუცხადა, რომ ბიზნეს-ასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს პირდაპირი ინტერვენციების ჰეჯირებით ჩანაცვლების გეგმა წარუდგინეს. მისი თქმით, მთავრობამ წინადადება მოიწონა და არ არის გამორიცხული, გეგმა ძალაში შევიდეს. „იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ლარს გაუფასურება აღარ ემუქრება. მთავრობამ ამ შეთავაზების შემდეგ დაინახა, რომ პირდაპირ ინტერვენციებს ჯობს ჰეჯირება მოხდეს. და უფრო ნაკლები ხარჯით გავიაროთ ეს მტკივნეული პერიოდი. ისინი დაგვეთანხმენ და მგონი მუშაობენ ამ საკითხზე“, − აღნიშნა „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა. სპეციალისტების განმარტებით, სავალუტო რისკების ჰეჯირების საუკეთესო საშუალებაა ე.წ. „ბუნებრივი ჰეჯირება“. ეს არის ბიზნეს-პროცესების ისეთი დაგეგმარება და წარმართვა, როცა კომპანიის ფულადი ნაკადების მოცულობა ვალუტების მიხედვით სრულად ან მაქსიმალურად სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ამგვარად აცილებულია ან მინიმუმამდეა დაყვანილი სავალუტო რისკი. ბუნებრივი ჰეჯირების უპირატესობა ის არის, რომ არ საჭიროებს დამატებით დანახარჯებს და პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ბიზნეს-პროცესებს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ყველა კომპანიას როდი აქვს საშუალება, ასეთი ქმედებით დაიცვას თავი სავალუტო რისკებისგან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კიდევ ერთი ინიციატივის თაობაზე მოგახსენებთ. ადრესატი სახელმწიფოა.

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საპენსიო სააგენტოში თანხების ჩარიცხვის დროებით შეჩერებას ითხოვს. ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე რადიო „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძრაობაც ახლა კერძო სექტორშია საჭირო. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა ფუფუნებაა, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს და სახელმწიფომ ფინანსები იმ სექტორისკენ უნდა მიმართოს, რომელსაც არსებულ სიტუაციაში ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.   

„რეფორმის ერთი წლით ან წლის ბოლომდე შეჩერება იგივეა, რომ ბიზნესს ფული ვასესხოთ. ეკონომიკურად პრობლემური პერიოდი ჩავლის შემდეგ განახლდეს. აქ სამივე მხრიდან თანხის გაცემაზეა საუბარი – თანამშრომელი, ბიზნესი და სახელმწიფო ერთნაირად იკლებს თანხებს. დღეს სამივეს უჭირს და როდესაც ყველას უჭირს, არ მესმის რატომ არ შეიძლება, რომ დროებით შეჩერდეს?“ − აცხადებს მიხეილ ჭელიძე. როგორც მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს წერილობით მიმართეს და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა წლის ბოლომდე საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადების გაუქმებასაც გულისხმობს.

საინტერესოა, რა ბედი ეწევა ინიციატივას, განსაკუთრებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის დროებით შეჩერების იდეას – გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ასოციაციის თხოვნას და თანხმობის შემთხვევაში კრიზისულ მენეჯმენტს მოხმარდება თუ არა საპენსიო ფონდში უკვე აკუმულირებული ასეულობით მილიონი ლარი? პასუხს დროსა და სივრცეში მივიღებთ. ახლა კი ერთსაც დავძენ: მიმდინარე სამუშაო კვირის დასაწყისი მაფიქრებინებს, რომ კორონავირუსი ჩვენში ებრძვის არა მხოლოდ ლარს, ის ქვეყნის მთავარ ბანკსაც უტევს. ინფიცირებულთა შორის არის ეროვნული ბანკის თექვსმეტი თანამშრომელი! სავარაუდოდ, ეს ჩვენში ყველაზე დიდი ე.წ. უწყებრივი კლასტერია. ასეთია რეალობა ახლა, როცა ხარების ბრწყინვალე დღესასწაული თავზე მათენდება და ეს სტრიქონები იწერება...

ბოდიში, ვერაფრით გაგახარეთ, მრავალ ხარებას დაგასწროთ ღმერთმა!..

 

1082
დოლარები

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან დოლარების გაყიდვას განაგრძობს

41
(განახლებულია 21:58 25.11.2020)
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 50 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ნაკლები იყო შეთავაზებაზე და მხოლოდ 46,5 მილიონი დოლარი გაიყიდა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა მორიგი სავალუტო აუქციონი, რომელზეც ლარის კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,3132 GEL/$1.

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გამოიტანა 50 მილიონი დოლარი, თუმცა მოთხოვნილება ვალუტაზე ჩამოუვარდებოდა შეთავაზებას და მხოლოდ 46,5 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნულმა ბანკმა უკვე 24 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც ჯამში 823,4 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის ანტირეკორდი 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა ნიშნულამდე 3,4842 GEL/$1.

26 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა ნიშნულზე 3.3138 GEL/$1.

როგორც ამას წინათ ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებსა და სააღრიცხვო განაკვეთებს.

სავალუტო აუქციონებთან ერთად ეროვნული ბანკი ზედმეტი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურად იყენებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსის რყევა დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი გარკვეულ თანხაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 1 ოქტომბრიდან ქართული სავალუტო ბაზარი Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.

41
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო

საქართველოდან ნიდერლანდებში მარნის ღვინის ნიმუშები გაგზავნეს

35
(განახლებულია 20:36 25.11.2020)
მცირე მარნებს პოტენციური იმპორტიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაში და დეგუსტაციების ორგანიზებაში ღვინის ეროვნული სააგენტო დაეხმარა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ნიდერლანდებში 9 მცირე მარნის ღვინის 47 ნიმუში გაიგზავნა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინის ტრანსპორტირება მათ მიერ მოძიებულ პოტენციურ იმპორტიორებთან ღვინის ეროვნულმა სააგენტომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად უზრუნველყო.

„აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ჰოლანდიაში გაიგზავნა 9 მცირე მარნის 47 ღვინის ნიმუში, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა ქართული ღვინის იმპორტიორის, ქალბატონ მანა ოტმერის ორგანიზებით ჩატარებულ დეგუსტაციებზე ნოემბრის თვეში“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს გვერდზე.

უწყების ცნობით, ნიდერლანდებში ჯამში სამი პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელთაც 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ევროპის ღვინის სექტორიდან.

აღსანიშნავია, რომ რთველი-2020-ის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ყურძენი 25 ათასამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. მათი შემოსავალი 310 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად სახელმწიფომ კახეთში 2020 წლის რთველის სუბსიდირება განახორციელა. რომლის პირობების შესაბამისად, მევენახე ფერმერებმა 1 კგ „რქაწითელისა“ და 1 კგ „კახური მწვანეს“ სანაცვლოდ მინიმუმ 80 თეთრი მიიღეს.

35
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში