ბიტკოინის ლოგოტიპიანი სასუვენირო მონეტა

როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია კრიპტოვალუტის ბაზარზე და რა ელის ბიტკოინს

350
(განახლებულია 19:17 06.04.2020)
ახალი კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები მსოფლიო ეკონომიკის ბევრ სფეროს შეუქმნა და გამონაკლისი ამ მხრივ არც კრიპტოვალუტის ბაზარი აღმოჩნდა.

შესაბამისად შემცირდა იმ ადამიანების შემოსავალიც, რომელთა საქმიანობაც კრიპტოვალუტის მოპოვებასთან/მაინინგთან და ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის – საქართველოშიც.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა – ბიტკოინი BTC ბოლო ერთ თვეში აშშ დოლარის მიმართ 41%-ით გაუფასურდა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციით იყო განპირობებული, განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელმა ალექსანდრე სუდაძემ „Sputnik-საქართველოს“.

ალექსანდრე სუდაძე
ალექსანდრე სუდაძე
„ბოლო ერთი თვეა, პიონერი და დომინანტი კრიპტოვალუტა Bitcoin-ის ფასმა USD-ს მიმართ 41%-იანი ვარდნა განიცადა, რაც ახალი წლის მერე არ მომხდარა, თუმცა თითქმის ყველა ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ უკვე დაიწყო ამ ვირტუალური ფულის აღმავლობის პერიოდი“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.

თუმცა, მისი თქმით, ბევრი სხვა ფასიანი ქაღალდებისა თუ აქციების ფასებთან შედარებით ბიტკოინი უკვე სტაბილურად მიიწევს ზევით. საერთაშორისო ბირჟებზე ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6 500 აშშ დოლარია.

ის, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა შემცირდებოდა, მოსალოდნელი იყო, რადგან მკვეთრი ვარდნა ყველა საფონდო თუ სასაქონლო ბირჟამ განიცადა.

„ეს მოვლენა გამოწვეულია უფრო ხელოვნური პანიკით, ვიდრე რეალური მოთხოვნის შემცირებით. წინა კვირაში აქციებზე ფასები წუთებში ეცემოდა 10-20%-ით. ანალოგური სიტუაციაა კრიპტოვალუტის ბაზარზეც. აქ ვაჭრობის მოცულობა ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.  

ბიტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს – 20 000 აშშ დოლარს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია. ზუსტად ერთი წლის თავზე კი მისი ღირებულება უკვე 5000 დოლარი იყო. შემდეგ ამ ვირტუალურ ფულზე მოთხოვნამ ზრდა ისევ დაიწყო და 2019 წლის ბოლოსთვის 1 ბიტკოინი დაახლოებით 7 400 დოლარი ღირდა.

„ძალიან საინტერესოა ბიტკოინის ფასზე დაკვირვება ყოველ 4 წელიწადში ერთხელ. მაგალითად, 2016 წლის მაისის ბოლოს იგი 12-ჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე დღეს, ანუ სადღაც $540-ის ფარგლებში“, – აღნიშნა სუდაძემ.

ბიტკოინის წარმოება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელსაც შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერული მოწყობილობები (მაინერები) და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გააჩნია. მაინინგის პროცესში კომპიუტერები კრიპტოგრაფიული ალგორითმის გამოთვლით და ტრანზაქციების ვალიდურობის დადასტურებაში მონაწილეობით მოიპოვებენ „მონეტებს".

„კრიპტოვალუტა, ამ შემთხვევაში – ბიტკოინი დეცენტრალიზებულ სისტემაში არსებული ფინანსური ერთეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არავის საკუთრება არაა და ვერც ვერავინ მიისაკუთრებს. აქედან გამომდინარე, მასზე ფასწარმოქმნა ხდება თავისუფალი ბაზრის წესებით, მოთხოვნა/მიწოდების კანონებით“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.

ბიტკოინზე მოთხოვნის შესახებ საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც, რასაც შეზღუდული ემისია ჰქვია და რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში მაინერების მიერ იწარმოება მხოლოდ 1800 ბიტკოინი BTC, ისიც მაისის ბოლომდე. შემდეგ მოხდება მოპოვების განახევრება ე.წ. Halving და დღე-ღამეში მოხდება მხოლოდ 900 Bitcoin-ის მოპოვება, ეს კი მისი ფასის ზრდის მთავარი ფაქტორია, რადგან ბაზარზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას.

ეს ფაქტორი თავიდანვე იყო ჩადებული მაინინგის ალგორითმში და 2008 წლიდან ე.წ. Halving უკვე მესამედ ხდება, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ამიტომაც ბოლო ბიტკოინის გამოთვლის პერიოდი იქნება 2139 წლის ბოლოს.

ბიტკოინის ფასზე საუბრისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია ამ კრიპტოვალუტის ორი მთავარი შემადგენელი – როგორც გადახდის საშუალება და როგორც სპეკულაციური ინსტრუმენტი.  

ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებას მხოლოდ იაპონიაში წარმოადგენს. თუმცა ამ ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება არცთუ იშვიათად სხვა ქვეყნებშიც ხდება. ეს არის ერთგვარი ბარტერი, ისევე, როგორც, მაგალითად, ოქროს ან სხვა არამატერიალური აქტივის შემთხვევაში. 

„ბიტკოინი, როგორც ანგარიშსწორების საშუალება, სულ უფრო პოპულარული ხდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ფიატური/სახელმწიფო ვალუტები მკვეთრ ვარდნას განიცდის და უფრო ნაკლებადაა შესაძლებელი მათი გამოყენება უცხო ქვეყნებში“, – აღნიშნა სუდაძემ.

მეორე ფაქტორი არის სპეკულაციური ინსტრუმენტი, ე.წ. „ტრეიდერემა“, რაც ბირჟებზე და სხვადასხვა გაცვლით პლატფორმებზე ყიდვა-გაყიდვის შედეგად მოგების მიღებას გულისხმობს.  

„ეს ინსტრუმენტი კაცობრიობის ისტორიის ბოლო საუკუნის მანძილზე ძალიან დაიხვეწა და XXI საუკუნის დასაწყისში სპეკულაციის ყველაზე ტრენდულ მიმართულებას წარმოადგენს. თუმცა ამ სფეროში კრიპტოვალუტა სულ რამდენიმე პროცენტით არის წარმოდგენილი, მაგრამ მაინც ძალიან მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა ბოლო 2-3 წლის მანძილზე“, – თქვა ალექსანდრე სუდაძემ.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ე.წ. OTC (Over The Counter) გარიგებებიც, სადაც ვაჭრობა ხორციელდება პირდაპირ გარიგებაში მონაწილე ორ მხარეს შორის.

„ეს არის არა საბირჟო, არამედ კერძო გადაცვლა – Bitcoin to Cash, რაც შეიძლება იმაზე მეტი იყოს მოცულობით, ვიდრე დიდ ბირჟებზე ივაჭრება ყოველდღე და ხშირად საკმაოდ დიდი თანხებითაცაა, დოლარის ეკვივალენტში რამდენიმე ასეულ მილიონს   უტოლდება“, – აღნიშნა სუდაძემ

ასევე ძალიან საყურადღებოა არბიტრაჟული ვაჭრობაც, რაც ერთი და იმავე წყვილის, მაგალითად, BTC/USD სხვადასხვა ბირჟებზე ერთდროულ შედარებას და სხვაობის მოგებად მიღებას გულისხმობს.  

„მარტივად რომ ვთქვათ, თუ, პირობითად, ბირჟა A-ზე ბიტკოინი იყიდება $5000-ად, ხოლო ბირჟა B-ზე – $5200-ად, ვინც მოასწრებს, ის იყიდის A-ბირჟაზე, გადარიცხავს B-ბირჟაზე და იქ გაყიდის $5200-ად, შესაბამისად, $200 მოგება დარჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირჟების რაოდენობა 200-ზე მეტია და ყოველთვე მატულობს, ზოგ შემთხევაში სულაც არაა ურიგო საქმე. თუმცა ამასაც აქვს თავისი პრობლემები და რისკები. უნდა ითქვას, რომ ზუსტად ამ ტიპის ვაჭრობის წყალობით ბირჟები ინარჩუნებენ ბიტკოინზე შედარებით ერთნაირ ფასს და მათ შორის სხვაობა იშვიათად შეადგენს 5%-ზე მეტს“, – აღნიშნა ალექსანდრე სუდაძემ.

კრიპოტოვალუტის ფასზე მოქმედებს ასევე მაინერების მიერ 1 ბიტკოინის წარმოებაზე დახარჯული ფინანსური მაჩვენებელიც, რაც ძირითადად მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების და აპარატურის შესყიდვაზე დანახარჯების ჯამის ტოლფასია. ეს მაჩვენებელი, ანუ 1 ბიტკოინის წარმოების თვითღირებულება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება და $3800-დან $5500-მდე მერყეობს, თუმცა ეს რიცხვი სულაც არ ნიშნავს ფასს. ფასი შეიძლება რამდენჯერმე მეტიც იყოს ამ ვირტუალური ფულის თვითღირებულებაზე.

მართალია, ბიტკოინის ფასმა ბოლო დროს აშშ დოლარის მიმართ ვარდნა განიცადა, მაგრამ ალექსანდრე სუდაძეს სამომავლოდ მაინც პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩემი პროგნოზით, სექტემბრის თვეში უკვე მოსალოდნელია, რომ 1 ბიკტოინის ფასმა 9 500 აშშ დოლარი შეადგინოს. წლის ბოლომდე კი შესაძლოა მისი ღირებულება სამჯერ აღემატებოდეს დღევანდელ ფასს – 6 500 დოლარს. თუმცა მაისამდე ფასის მკვეთრი ზრდა არაა მოსალოდნელი. მაისის ბოლოს კი საინტერესო მოვლენები მოხდება ფინანსურ სამყაროში და ახალ რეალობებთან და გამოწვევებთან მოგვიწევს გამკლავება“, – განაცხადა ალექსანდრე სუდაძემ.

ნატა პატარაია

 

350
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსახლეობის საყურადღებოდ: 8 ივნისიდან სავალუტო ჯიხურები იხსნება

69
(განახლებულია 13:45 03.06.2020)
მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობა ვალუტის ყიდვას ან გადაცვლას ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შეძლებენ

 

თბილისი, 3 ივნისი  - Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, რომლებმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩერეს, საქმიანობას 8 ივნისიდან განაახლებენ, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა 31 მარტს შეაჩერეს. ამ ეტაპზე მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ.

 „ერთობლივი ქმედებებით ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 23 მაისამდე მოქმედებდა. მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დაჩქარებულ ტემპში მოხსნის პროცესს აგრძელებს.

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსეტაპიანია და მისი განხორციელება ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის უნდა იყოს გაუქმებული. მანამდე კი ქვეყანაში დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

ასმილიონიანი შეთანხმება: საქართველო კრიზისთან ბრძოლისთვის თანხას მიიღებს

49
(განახლებულია 14:02 03.06.2020)
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხები საშუალებას იძლევა, შემსუბუქდეს კრიზისის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე და გამოიყოს თანხები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას აზიის განვითარების ბანკთან (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების თაობაზე, რომელიც მიიმართება კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გადასაწყვეტად, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა.

მაჭავარიანის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მასთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ADB-ს ფინანსური დახმარება მიმართული იქნება პროგრამის CARES (ხარჯვითი დახმარება) მხარდაჭერაზე. დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას; ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

აქტიური რეაგირება და ხარჯვითი დახმარება

პროგრამა CARES (ხარჯვითი დახმარება) საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს გადასახადების გადავადებას 4 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული საწარმოსთვის, ასევე კრედიტების სუბსიდირებას მინიმუმ 2 ათასი მცირე და საშუალო სასტუმროსთვის.

კრედიტი ასევე მოხმარდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს. დროებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, 250 ათასი თვითდასაქმებული მოქალაქე, აგრეთვე მოხმარდება 1,2 მილიონი მოქალაქის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას. ამას გარდა, ნახევარი წლის განმავლობაში ცხრა ძირითად პროდუქტზე იქნება ფიქსირებული ფასები.

აზიის განვითარების ბანკის პაკეტი შემუშავდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოში COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული სამუშაოების ფარგლებში.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებული, მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ის განაგრძობს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. ორგანიზაცია, რომელიც 1966 წელს დაარსდა, აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.

ნიკა შენგელია: ემიგრანტები საქართველოში სულ უფრო ნაკლებს გადმორიცხავენ>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარს 2007 წლიდან უჭერს და მისი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის დღემდე გამოყოფილი ვალების საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

49
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

0
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში