პრემიერი გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო

111
(განახლებულია 19:00 01.04.2020)
მთავრობის მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოხმარდება ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა გამოიწვია.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად 2 მილიარდი ლარი გამოყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს>>

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხის გამოყოფა იმიტომ გახდა საჭირო, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების გამო თითოეულმა მოქალაქემ პირდაპირი ეკონომიკური ზიანი მიიღო.

„ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას წლის დასაწყისში ჰქონდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა მაქსიმალურს გააკეთებს, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შეინარჩუნოს მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, მხარი დაუჭიროს და მისცეს საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ეკონომიკის სისტემურ დარგებს.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია, ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ საჭირო გახდეს ამ დახმარების გაზრდა.

გახარიას განცხადებით, გამოყოფილ 2 მილიარდ ლარში არ შედის ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმართული თანხა, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია ვირუსთან გამკლავება ისე, რომ საქართველოს ეკონომიკას დარჩეს სწრაფი ზრდის პოტენციალი და სამუშაო ადგილების დანაკარგი იყოს მინიმალური.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

საკარანტინო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში, ბუნებრივია, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა. პირველი დარტყმა მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებმა მიიღეს. ამ სფეროებში მომუშავე ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს მთავრობამ ბიზნესზე კორონავირუსის გამო ნეგატიური ეფექტის შერბილების მიზნით უკვე მიიღო გარკვეული ზომები.

კერძოდ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებს და ა.შ. მთავრობამ გადასახადები 1 ნოემბრამდე გადაუვადა. ამას გარდა, თბილისში რიგი კომპანიები ამ წლის განმავლობაში მიწის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

გახარია: ყველა ბიზნესმენს, ვინც ადგილობრივ წარმოებას შექმნის, გვერდში დავუდგებით>>

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 23, კარანტინში იმყოფება 5783 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პაციენტია.

111
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
გიორგი გახარია

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო–საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

57
(განახლებულია 13:30 04.06.2020)
საქართველოს მთავრობა მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ზრდის, მინიმალური საგრანტო თანხა 20–დან 30 ათასამდე იქნება

 

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik.  ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%–ის საბანკო–საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.

 „დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო–საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ–ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად - როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.

მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20–დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.

 „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად,  იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.

57
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

66
(განახლებულია 13:06 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს-პროცესების შენელებამ და, გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს... რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია 11,9 მლრდ კვტ/სთ. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარის სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

66
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიციის ლენტა

თბილისში პარტია „ლელოს“ ოფისი გატეხეს

0
(განახლებულია 16:12 04.06.2020)
ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეიჭრა პარტიის ოფისში და რა არის წაღებული. შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ოფისი ცოტნე დადიანის ქუჩაზე (ნაძალადევში) დღეს დილით გატეხეს, იუწყება „მთავარი არხი“.

ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ადგილი უკვე დაათვალიერა.

რა მიზნით შეიჭრნენ ოფისში უცნობი პირები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავად პარტიაში მომხდარში პოლიტიკურ მოტივებს არ გამორიცხავენ.

„არ შევსულვართ [ოფისში] ჯერ და არ ვიცით, არის თუ არა რამე წაღებული, მაგრამ კრიმინალები იქ არ ელოდებოდნენ ოქროს და ვერცხლს და შესაძლოა, ეს ჩვენს პოლიტიკური საქმიანობასაც უკავშირდებოდეს“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქურდობის მცდელობის მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, ჰყავს თუ არა ეჭვმტანილი ან დაკავებული საქმეზე.

პარტია „ლელო“ გასული წლის დეკემბერში ცნობილმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააარსა. პარტიის წევრები, ძირითადად, ბიზენს–წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.

პოლიტიკურ გაერთიანებაში „ლელო საქართველოსთვის“ შედიან მოძრაობა „ლელო“, პარტიები „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში