გაზქურა

როდის გააუქმებენ საქართველოში კომუნალურ გადასახადებს

677
(განახლებულია 16:24 28.03.2020)
კორონავირუსის აფეთქების შემდეგ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, თუმცა ხელისუფლებას კომუნალური გადასახადების შეღავათებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და მთავრობის წარმომადგენლები კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავენ.

დავითაშვილი: ფქვილის წარმოების პროცესში შეფერხება არ არსებობს, მარაგები საკმარისია >>

კორონავირუსის აფეთქების და საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ტურისტული ობიექტები, რესტორნები და ბუტიკები დაკეტილი და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

სანამ კომისია და მთავრობა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადაუხდელობის გამო 100 აბონენტს ბუნებრივი აირი გაუთიშეს, აქედან 50 - კომერციული ობიექტია, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ქვეყნის სხვა რეგიონებისა და დედაქალაქის მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში გაზისა და ელექტროენერგიის გათიშვის მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ წერენ, თუმცა ზუსტი სტატისტიკა ჯერ კიდევ უცნობია. ადამიანები სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ მთავრობამ პირველ რიგში უნდა იზრუნოს კომუნალური გადასახადების გადავადებაზე, და არა საბანკო შეღავათებზე.

„სამწუხაროდ, როდესაც გამოიცა საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება, იქ საუბარი არ ყოფილა საშეღავათო პერიოდზე, ამიტომ ვინც არ იხდის გადასახადს, მას, ძველებურად უთიშავენ ელექტროენერგიას, გაზსა თუ წყალს”, - განუცხადა „რეზონანსს“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენის თქმით, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების შემოღებაზე მოლაპარაკებების შესახებ, რადგან იგი ამ პროცესში ჩართული არ არის, მაგრამ თვლის, რომ შეღავათების დაწესება აუცილებელია, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი საკითხის გადაჭრის გზებს სთავაზობს.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ რა სახის რესურსები აქვთ კომპანიებს. როდესაც ასეთი არაორდინარული ვითარებაა, მათაც უნდა დათმონ. ახლა ქვეყანასა და მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ. ალბათ, მთავრობა ბიუჯეტიდან სუბსიდირებას მოახდენს, მაგრამ კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ნაწილობრივ უარი თქვან მოგებაზე. სანაცვლოდ, სახელმწიფოს შეუძლია ამ პერიოდისთვის ისინი გადასახადებისგან გაათავისუფლოს”, - განაცხადა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესდება, ვერანაირ ხარჯებს ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, რადგან საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკა გაჩერებულია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები დაკეტა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინი დაწესდა.

677
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
გიორგი გახარია

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო-საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

68
(განახლებულია 17:39 04.06.2020)
საქართველოს მთავრობა მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტს 40 მილიონ ლარამდე ზრდის, მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათასამდე იქნება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%-იან საბანკო-საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც არსებული პროექტებისთვის უკვე აქვთ აღებული სესხი, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.

„დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად – როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.

მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20-დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.

„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური დატვირთვა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკურიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სტრუქტურაში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.

68
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

69
(განახლებულია 13:06 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს-პროცესების შენელებამ და, გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს... რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია 11,9 მლრდ კვტ/სთ. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარის სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

69
თემები:
COVID-19 საქართველოში
მშრალი ხიდი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

0
(განახლებულია 16:37 04.06.2020)
მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და  საბანკო სესხების გადავადება

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი  ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ–მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

 „ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ.  ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

 „ამან მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte–ის ნიუ–იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.


0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა