მაია ცქიტიშვილი: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

© Sputnik / Asatur Yesayantsმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია – დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მდგრადობა.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ხელისუფლების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის თაობაზე დეკრეტით განსაზღვრული შეზღუდვები, არ ზღუდავს ეკონომიკურ საქმიანობას, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დავძლიოთ კორონავირუსი, მაგრამ ამასთან ერთად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მდგრადობა.

„ჩვენ შევზღუდეთ მოქალაქეთა ფიზიკური მომსახურება ბევრ სავაჭრო ობიექტზე, მაგრამ ამასთან ერთად დავუშვით დისტანციური მომსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩვენი ეკონომიკური სუბიექტი, ბიზნესი ფუნქციონირებდეს დისტანციურად. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების საერთო მოცულობა 2020 წელს 2.5 მილიარდ ლარს აღემატება.

დაცარიელებული დადიანის ქუჩა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამას ამზადებს

„სამი თვის განმავლობაში, ამ კვარტლის ჭრილში ჩვენ 400 მილიონამდე პროექტის დაფინანსება შევძელით და, დღევანდელი მდგომარეობით, ყველა ეს პროექტი ძალიან კარგი ტემპით და დინამიკით მიმდინარეობს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც ამ პროექტებზე არიან დასაქმებული და, რა თქმა უნდა, ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჯანდაცვის სპეციალისტებისგან, სრულდება ამ ობიექტებზეც“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ეცდება გააგრძელოს როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე იმ ეკონომიკური და ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობა, რომლებიც დღეს საქართველოში არიან.

საქართველოში პროდუქტებს პანიკურად აღარ ყიდულობენ>>

„ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში 50 ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული სხვადასხვა პროექტზე და დაახლოებით 1200 ქართული კომპანია მუშაობდა ამ სფეროში. ახლა ინფრასტრუქტურული პროექტი არის არა მხოლოდ ახალი გზა ან ახალი სკოლა, არამედ ეს არის ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები არსად გაჩერებულა, რაც საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, განვითარდნენ და შეინარჩუნონ სამუშაო ძალა.

მგზავრის შემოწმება საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე - Sputnik საქართველო
საქართველოს საბაჟო პუნქტები კორონავირუსის გამო მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდნენ

„საკმაოდ რთული ვითარებაა და მსოფლიოს უძლიერეს ეკონომისტებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც უჭირთ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება, თუმცა, დღეის მდგომარეობით პანიკის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. ვნახეთ, რომ იყო უსაფუძვლო აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანი ცდილობდა მოემარაგებინა საკვები. მალე დავრწმუნდით, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები სავსეა. ასეთივე ტიპის ემოციები არ უნდა გვქონდეს ვალუტასთან მიმართებითაც, რადგან დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ბევრად კარგია, ვიდრე ზოგიერთ საკმაოდ ძლიერი ეკონომიკისა და ჯანდაცვის ქვეყანაში“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდში სამ დღეში 12,5 მლნ ლარი შეგროვდა>>

მინისტრის თქმით, დღეს ხელისუფლების ამოცანაა ბალანსის პოვნა დაავადების გავრცელების შენელებასა და ეკონომიკის მუშაობას შორის.

„რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ზიანი, არ გაგვიჩერებია სრულად ეკონომიკა და მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობა, სადაც არ არის საფრთხე დასაქმებული ადამიანებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის სახით ეკონომიკაში 600 მილიონი ლარის დაბრუნება და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ჩადება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ყველა მასტიმულირებელი ღონისძიება, რაც ხელისუფლებამ სხვადასხვა პროფილის ბიზნესს უკვე შესთავაზა და რასაც მომავალში შესთავაზებს, ერთობლივად იგეგმება. ამ პროცესში კი ჩართული არიან მთავრობა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტები.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 247 პაციენტია. დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაავადებისგან უკვე 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

ყველა ახალი ამბავი
0