რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო

როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

41
(განახლებულია 13:16 27.03.2020)
ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2020 წლის თებერვალში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 6,7%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 7%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 12,6%-ით და სამთო მომპოვებელ მრეწველობაში – 19,7%-ით.

იანვართან შედარებით, თებერვალში ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,3%-ით შემცირდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები თებერვალში, 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 4,3%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში – 14,8%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 4,7%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 7,6%-ით.

პირველადი მოხმარების ცხრა პროდუქტზე ფასების შესანარჩუნებლად 10 მლნ ლარი გამოიყოფა>>

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი თებერვალში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, 10,5%-ით გაიზარდა.

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 29,4%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 8%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე – 18,7%-ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე – 5,6%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 7,3%-ით გაიზარდა. ამავდროულად გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 7,9%-ით, კვების პროდუქტები – 9,7%-ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ თებერვალში შეადგინა 6,4%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 3%. საკვებზე ფასები გაიზარდა 12,7%-ით. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ გაამკაცრა>>

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად – რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

41
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (499)