ეროვნული ვალუტა

ეროვნული ბანკის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ლარის ვარდნა შენელდა

154
(განახლებულია 20:16 25.03.2020)
ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 მარტისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4573 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ქართული ვალუტისთვის ახალი ისტორიული მინიმუმია. 

ლარის კურსმა ვარდნა 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა დაემატა. 25 მარტისთვის ლარი უკვე 24%-ით გაუფასურდა.

იმისათვის, რომ შეაჩეროს ლარის ვარდნა და მიმუმამდე დაიყვანოს კურსის გავლენა ინფლაციაზე, ეროვნულმა ბანკმა უკვე განახორციელა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამი ინტერვენცია.

ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რისი წყალობითაც ლარის ვარდნის ტემპი შენელდა.

რა დაემართა ლარს

საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა კრიტიკულ ვითარებაშია და ის არაპროგნოზირებადია. 

ამავე დროს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლარის კურსის სწრაფი ვარდნა პანიკასთან და ნეგატიურ მოლოდინებთან, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივ შეჩერებასთან არის დაკავშირებული.

ვალუტის ვარდნის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 18 მარტს გადაწყვიტა, რომ არ შეცვალოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 9%-ის დონეზე დატოვა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

154
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (851)
კორონავირუსის ეპიდემია

ინფლაციის დონე საქართველოში მესამე თვეა არ იცვლება - ახალი სტატისტიკა

17
(განახლებულია 12:26 04.12.2020)
საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ინფლაციის ბოლო თვეების დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე) მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში 3,8% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ამგვარად, ინფლაციის დონე უკვე მესამე თვეა, არ იცვლება.

საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება>>

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,9%, ოქტომბერში კი - 0,8% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში ყველაზე მეტად - 0,1%-ით - განათლების ფასები შემცირდა. ყველაზე მეტად გაძვირდა სურსათი - 1,8%-ით, ტრანსპორტი - 1,1%-ით და ავეჯი - 0,8%-ით.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტალური პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ამ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-იდან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს - 2019 წლის დეკემბერში.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო - იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში - 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი 8%-მდე.

ამის მიუხედავად, ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათის ფასი 6%-ით გაიზარდა, თუმცა ხილის ფასი 5,3%-ით შემცირდა, რძე, ყველა და კვერცხი 8%-ით გაძვირდა, მზესუმზირის ზეთი - 23,2%-ით, ყავა - 7,6%-ით, პურპროდუქტები - 7,1%-ით, ხორცი - 3,7%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 8,8%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

როგორ შეიცვლება ინფლაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ინფლაციის ბოლო თვეების დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე პროგნოზის თანახმად, სხვა თანაბარი პირობების არსებობისას, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია შენარჩუნდება და 2021 წელს მიუახლოვდება მიზნობრივ ინფლაციას (3%-ს).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკა განპირობებულია სუსტი ჯამური მოთხოვნილებით და მოსალოდნელია, რომ ეს გავლენა მომავალშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა გარეშე მოთხოვნილების შემცირებაც.

17
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (851)
თბილისი

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ივენთ კომპანიების განაცხადების მიღებას იწყებს

17
(განახლებულია 11:50 04.12.2020)
ივენთ კომპანიები სესხის პროცენტის სუბსიდიების პროგრამაში ადრეც იყვნენ ჩართული,  ახლა სახელმწიფო მათი ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებასაც მოახდენს, ვინაიდან ამ კომპანიებს გარკვეული ინვენტარი აქვთ ლიზინგით შეძენილი

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ ფარგლებში 4 დეკემბრიდან განაცხადების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ჰპირდება სახელმწიფო ბიზნესს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სანაცვლოდ>>

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

„პროგრამის მიზანია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით.

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების დასაფარად.

კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში.

პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი და საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვეოდეს, რომ იგი ახორციელებს ღონისძიებების /შეკრებების /გამოფენების /კინოთეატრებში, კინო კლუბებში, ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების/შეხვედრების/წვეულებების ორგანიზებას; აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე.

კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან კი  გაფორმებული უნდა ჰქონდეს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან სხვადასხვა შეზღუდვა ამოქმედდა, მათ შორის, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტების (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობა, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა აგრარული ბაზრებისა), სასწავლო დაწესებულებები მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.

17
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (851)
დათოვლილი თბილისი

სინოპტიკოსების პროგნოზი: როგორი ზამთარი იქნება საქართველოში

0
(განახლებულია 14:48 04.12.2020)
ბოლო წლებში ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში 2011 წელს იყო. ამჯერად უფრო თბილი ზამთარი გველოდება.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ზამთარში ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ერთი გრადუსით მეტი იქნება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაბლობში პლუს 5–7 გრადუსია, მთაში – 0 – მინუს 2, ხოლო მაღალ მთაში – მინუს 4–2. აღმოსავლეთ საქართველოში კი საშუალო ტემპერატურა დაბლობში არის – 0–პლუს 2, მთაში – მინუს 2–0, მაღალ მთაში მინუს 5–3.

„სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ატმოსფერული ნალექის რაოდენობა ამ ზამთარს ნორმის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება ნალექის ნორმას, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზამთარში მისი დონე 500–700 მილიმეტრს შეადგენს, მთაში – 300–450–ს, ხოლო მაღალ მთაში – 200–400–ს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ნალექის საშუალო ნორმაა 70–120 მილიმეტრი, მთაში – 80–15, ხოლო მაღალ მთაში – 70–150.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო წლებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 3-4 გრადუსს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში — 0-1 გრადუსს.

ბოლო დროს თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2014 წელს დაფიქსირდა — მინუს 13,9 გრადუსი, ხოლო 1883 წელს — მინუს 24 გრადუსი.

0
თემები:
ამინდი საქართველოში