გარდაბნის თბოელექტროსადგური

„გარდაბნის თბოსადგური 2“-მა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მიიღო

57
(განახლებულია 19:38 25.03.2020)
„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მისცა, ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გარდაბნის თბოსადგური 2“ საქართველოს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. 230 მეგავატი სიმძლავრის „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნა გარდაბანში მიმდინარე წლის იანვარში გაიმართა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1,2 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.

„კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა. ახალი თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარს, ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.

თბოელექტროსადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის „ჯენერალ ელექტრიკის“ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებითა და გენერატორებით. თბოსადგური შედგება რამდენიმე დანადგარისგან: აირის ტურბოგენერატორი „21“ – 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრით, აირის ტურბოგენერატორი „22“ 75 მგვტ ნომინალური სიმძლავრითა და ორთქლის ტურბოგენერატორი 80 მგვტ ნომინალური სიმძლავრით.

კომპანია „ჯენერალ ელექტრიკი“ გაზისა და ორთქლის თანამედროვე ტიპის ტურბინების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. 

57
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (96)
ცარიელი რესტორნები

შესაძლოა რესტორნებმა ღამის საათებში კვლავ განაგრძონ ფუნქციონირება

56
რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს. საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით პირობა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მთავრობის მეთაურისგან მიიღო.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ იუწყება.

ბურჯანაძის თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

 „კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით პრემიერთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც 300 000 ადამიანზე მეტს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

 „ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, რომელიც დღეს აღნიშნულ სფეროში არსებობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების გადარჩენა, აღნიშნული საკითხი კი პრემიერის მხრიდან სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დღგ-ს გადასახადზე და ბანკებთან ურთიერთობებზე.

ბურჯანაძის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ.

20 ოქტომბერს კი რესტორნების სამუშაო გრაფიკი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შეიზღუდა.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ქვეყანა ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 1941-ით იმატა და საერთო რაოდენობა 26503-ს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღის პირველ ნახევარში განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

56
თემები:
COVID-19 საქართველოში
ფოთის პორტი

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს

40
(განახლებულია 11:26 24.10.2020)
APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებაში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კომპანიამ APM Terminals Poti და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ“ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.

ინვესტიციების განხორციელება შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული.

ფოთის პორტის გაფართოება

ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.

APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების  და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება >>

კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.

40
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
წინასაარჩევნო აგიტაცია

ჩხუბი, შეხვედრები და კორონავირუსი: არჩევნების ბოლოსწინა კვირა საქართველოში

0
არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, პარტიებმა თავისი სიები წარადგინეს, ცესკომ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო და კორონავირუსის ყველა „სიურპრიზი“ გაითვალისწინა, ხოლო დამკვირვებლებმა წინასაარჩევნო კამპანიაზე ბოლო ანგარიშები გამოაქვეყნეს

გასულ კვირაში რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა, ასევე გარკვეულ განწყობას კორონავირუსის პანდემია ქმნის.

ცესკოს გადაწყვეტილებები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას უკვე საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. სულ 7 102 600 ბიულეტენი დაიბეჭდება.

თბილისის 7 სტამბაში 3 160 900 ბიულეტენი დაიბეჭდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 - საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 - საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 219 800, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - 584 000 ბიულეტენი.

გარდა ამისა, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნების ჩატარების შესახებ კორონავირუსით დაავადებულთათვის, რომლებიც საკარანტინე ზონებსა და კლინიკებში იმყოფებიან. ამისათვის 127 სპეცუბანი გაიხსნება, სადაც განსაკუთრებული წესები იმოქმედებს.

აგრეთვე ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად საუბნო საარჩევნო კომისიები წევრების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში არასრული შემადგენლობით სპეცჯგუფების სახით მაინც იფუნქციონირებენ.

ცნობილია საქართველოს ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობაც - 3 526 032 ადამიანი.

ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს >>

კორონავირუსი და არჩევნები

კორონავირუსს კი მწყობრიდან სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი გამოჰყავს. გასულ კვირაში ინფექცია არჩევნების ორ ცნობილ მონაწილეს დაუდგინდა.

დაავადდა ლიდერი პარტიისა „ლელო საქართველოსთვის“ მამუკა ხაზარაძე და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე.

ასევე კორონავირუსს უკავშირდება გასულ კვირას მომხდარი სკანდალი, როდესაც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ აქციაზე ბათუმში, შემდეგ კი ქუთაისში გამართულ აქციაზე ადამიანები არ იცავდნენ დისტანციას და პირბადეების გარეშე იყვნენ. ბლოკი მოსახლეობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

კვირის ინციდენტები

ამ კვირასაც არ ჩაუვლია ინციდენტების გარეშე. ორშაბათს საღამოს ბოლნისში მოხდა თავდასხმა „ძალა ერთობაშიას“ ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატზე, პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე კახა ოქრიაშვილზე.

ვინ იყო პიროვნება, რომელიც ავჭალაში ავტომობილში ჩაცხრილეს >>

შტაბის წარმომადგენლები სოფელ ნიხიდურიდან ავტომობილით თბილისში მიემგზავრებოდნენ, როდესაც მათ სავარაუდოდ ბოლნისიდან ორი მანქანა აედევნა. ერთ-ერთმა გაუსწრო პოლიტიკოსებს, მეორე უკნიდან მიუახლოვდა. მათ გზა გადაუჭრეს შტაბის წარმომადგენლებს, აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა, რის გამოც პოლიტიკოსების მანქანა ხევში გადავარდა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერების მისამართით დაახლოებით ექვსჯერ ისროლეს.

ისმოდა სროლა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან დმანისში, სადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, დღემდე უცნობია.

ორივე შემთხვევას შსს იძიებს.

ანგარიშები არჩევნების წინ

ამასობაში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების მსვლელობის შეფასებას აგრძელებენ.

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა წინასაარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც აფასებს ცესკოს მუშაობას, საარჩევნო კამპანიების კუთხით მიმდინარე მდგომარეობას, გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიასა და დეზინფორმაციას, ასევე COVID-19-ის ზემოქმედებას საარჩევნო პროცესებზე.

ბიულეტენი მოიცავს პერიოდს 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე და აქცენტს აკეთებს რამდენიმე ძირითად დასკვნაზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა: ძალადობა და მუქარები ჟურნალისტების მიმართ ბოლნისსა და მარნეულში, საპროტესტო აქცია პანკისში, რომლის გამო პანკისის საზოგადოებრივმა რადიომ დროებით მაუწყებლობა შეწყვიტა; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა უარი მონაწილეობა მიიღოს დებატებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიებში; ანონიმური გვერდები სოციალურ ქსელებში, რომლებიც როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ახდენენ.

ორგანიზაცია ურჩევს საარჩევნო სუბიექტებს თავი შეიკავოს ისეთი თემების განხილვისგან, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს საზოგადოებრივი დაპირისპირების და განხეთქილების რისკებს.

საკუთარი ანგარიში წარმოადგინა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED). დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე და მასში მითითებულია ყველა გამოვლენილი დარღვევა, მათ შორის: პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ცხრა სავარაუდო შემთხვევა; სავარაუდო პოლიტიკური ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის ორი ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი ფაქტი; ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ათი ფაქტი; შესაძლო პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან დათხოვნის სამი ფაქტი და ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების 18 ფაქტი.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020