იუსტიციის სახლი

ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიცენზიების გაცემას წყვეტს

79
(განახლებულია 14:49 24.03.2020)
აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკში.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზირებისა და რეგისტრაციის პროცესს ორი თვის ვადით აჩერებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც, გარკვეულწილად ბანკებისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ოფისების მუშაობის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ორი თვით წყდება მიკროსაფინანსო კომპანიებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, სესხის გამცემი სუბიექტებიდან და ფილიალებიდან, საფონდო ბირჟებიდან, საბროკერო კომპანიებიდან დოკუმენტაციების მიღება.

ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების თანახმად.

„მიუხედავად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და ცალკეულ მუნიციპალიტეტში საკარანტინო ღონისძიებების მიმდინარეობისა, საფინანსო სექტორი ყოველგვარი შეფერხებების გარეშე განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის – ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ-გადახდის სერვისები, რათა ქვეყანამ ეფექტურად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის-ცენტრებში მომსახურე პერსონალსა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი, უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.

საქართველოში ამ დროისთვის 15 კომერციული ბანკი, 45 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთი საკრედიტო კავშირი, 199 სესხის გამცემი ორგანიზაცია არსებობს, ასევე დარეგისტრირებულია ვალუტის გადამცვლელი 800 პუნქტი.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 66-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 9, კარანტინში იმყოფება 3320 მოქალაქე, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.

79
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (787)