ცარიელი რკინიგზის ვაგზალი

ივანე მაჭავარიანი: ასეთი პრობლემები ეკონომიკაში 100 წელიწადში ერთხელ ხდება

38
(განახლებულია 13:23 21.03.2020)
არ შეიძლება ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომლებიც გლობალურად მიმდინარეობს, მიიჩნევს მინისტრი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ჩვენ ვართ ისეთ კრიზისთან ახლოს, რომელიც ძალიან იშვიათად დგება და ახლა რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ გაუფასურება ორშაბათს, 9 მარტს დაიწყო, როდესაც კორონავირუსის გავრცელების გამო გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა დაემთხვა. 20 მარტისათვის ლარი 15%-ით გაიაფდა.

„ლარის კურსი ყოველთვის ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს; დღესაც ასეა. ამ შემთხვევაში ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება. ეს არის გლობალური შენელება, ფასები, პრაქტიკულად კოლაფსი მოხდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებშიც ეროვნული ვალუტების მკვეთრი გაუფასურებაა.

„დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს. ახლა გვმართებს რაც შეიძლება მალე მოვძებნოთ გამოსავალი და გასაღები ამ გამოსავლის დევს ეპიდემიის ლოკალიზებაში და მის მინიმიზაციაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით დაავადების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების ფაზაში გადავიდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება. ყველა საჯარო დაწესებულება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

დაიკეტა კაფეები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები. არ მუშაობს სამარშრუტო ტაქსები

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

38
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (510)