ლევან დავითაშვილი

დავითაშვილი: მოსახლეობა სურსათს შეუფერხებლად მიიღებს

60
(განახლებულია 12:35 21.03.2020)
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყანაში მომარაგების კუთხით შეფერხება არ მოხდეს და განსაზღვრულ ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა და  ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.

მინისტრმა ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს გააცნო ის მექანიზმი, რომელითაც სახელმწიფო ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასებს დააზღვევს.

დავითაშვილის განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, შემოსავლების სამსახურთან ერთად.

„ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით მოახდენს ცხრა ძირითადი პროდუქტის შესყიდვას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს“, - აღნიშნულია  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 ადამიანია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ.

მთავრობამ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები. გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 

60
თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (734)