ფოთის პორტი

საქართველო ვაჭრობას წარმატებით განაგრძობს: რას ვყიდით და რას ვყიდულობთ

64
(განახლებულია 11:40 21.03.2020)
ბოლო თვე კორონავირუსის პანდემიამდე - საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მათ შორის ექსპორტი

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-თებერვალში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6,1%-ით გაიზარდა და 1,85 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე), ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 4,5%-ით გაიზარდა - წლის დასაწყისიდან, ექსპორტზე 526.3 მილიონი დოლარის ქართული პროდუქციაა გატანილი.

ასევე გაიზარდა იმპორტი - 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა 1.3 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი, რაც 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 6.8%-ით მეტია.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2020 წლის იანვარში შეადგენდა 357.2 მილიონ აშშ დოლარს, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ს შეადგენს.

რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.

2020 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა 77,4%-ით, სპილენძის მადნისა და კონცენტრატების ექსპორტი - 13,9%-ით. ამავე დროს ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა 17.2%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინოების - 15%-ით, აზოტის სასუქების - 14,7%-ით, ხოლო მინერალური და სუფთა წყლების - 11.8% -ით.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

მითითებულ პერიოდში ავტომობილების იმპორტი გაიზარდა 44.8%-ით, ნავთობის გაზების და აირისებრი ნახშირწყალბადების - 18.1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების - 4.3% -ით, სპილენძის მადნების კი 4.9%-ით დაეცა. ამავე დროს, სამკურნალო საშუალებების იმპორტი 25.4%-ით დაეცა.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი — ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 675,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 36,4%-ია.

თურქეთთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 250,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,5%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 6,2%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2020 წლის დასაწყისიდან გავიდა 6,2 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 242,9 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 67 მსუბუქი ავტომობილი და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა 10,4 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 102,1 ტონა სამედიცინო პრეპარატი, 10,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და ა.შ.

მეორეზე ადგილზე აზერბაიჯანია

აზერბაიჯანმა გაუსწრო რუსეთს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მეორე ადგილზე იყო საქართველოს  სავაჭრო პარტნიორთა შორის. ხოლო ჩინეთი მიუხედავად მძვინვარე კორონავირუსისა, იანვარში მეორე ადგილზე გავიდა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან შეადგინა დაახლოებით 226 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 12,2% -ს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22.6% -ით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია დაახლოებით 689 ტონა გაყინული თევზი, 6574 მსუბუქი ავტომობილი, 340 სატვირთო ავტომობილი, 50.9 ტონა სამკურნალო საშუალებები და ა.შ.

აზერბაიჯანიდან შემოტანილია 517.3 ათასი ტონა ნავთობის გაზი და აირისებრი ნახშირწყალბადები, 13.8 ათასი ტონაზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 5.5 ათას ტონაზე მეტი ნახშირბადოვანი ფოლადი და ა.შ.

მესამეზე - რუსეთია

2020 წლის დასაწყისიდან, საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1% -ით და შეადგინა 199 მილიონ დოლარზე მეტი - საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 10.7%.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია 17,6 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 5,7 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 10.9 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი, დაახლოებით 5.2 ათასი ტონა ციტრუსი, 896.3 ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ.

რუსეთი რჩება საქართველოს ყველაზე მსხვილ საწვავის მიმწოდებლად - წლის დასაწყისიდან, რუსეთიდან შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა საერთო წონა დაახლოებით 46 ათასი ტონაა.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს 46.4 ათასი ტონა ხორბალი, დაახლოებით 52.1 ათასი ტონა ნავთობის გაზები, 4.6 ტონა ტელეფონის აპარატები, დაახლოებით 13.1 მილიონი დოლარის  ელექტროენერგია და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედის: ჩინეთი - დაახლოებით 197.2 მილიონი დოლარი, აშშ - დაახლოებით 92,5 მილიონი დოლარი, უკრაინა - დაახლოებით 86,7 მილიონი დოლარი, სომხეთი - 86.1 მილიონ დოლარზე მეტი, გერმანია - დაახლოებით 71.1 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - დაახლოებით 70,7 მილიონი დოლარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - დაახლოებით 35.1 მილიონი დოლარი.

გასაღების ბაზრები

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან.

მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან და აშშ-თან.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს წმინდა ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ქვეყნებზე მოდიოდა.

64
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (501)