თბილისი

მსოფლიო ეკონომიკის კორონიზაცია და ჩვენებური ვარაუდები

1090
(განახლებულია 21:02 17.03.2020)
მსოფლიოს უმსხვილესი საფონდი ბირჟები პანიკამ მოიცვა, აქციებზე ფასები კატასტროფულად ეცემა, შემცირდა ნედლი ნავთობის ფასიც. მსოფლიო ეკონომიკაში გლობალური კრიზისია! როგორი იქნება გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა...

სამსონ ხონელი

ყველაზე უარესი ვარაუდები გამართლდა. ჯერ კიდევ თებერვლის ბოლო კვირაში პესიმისტური ეკონომიკური გათვლები კეთდებოდა. საამისო მიზეზიც იყო. მსოფლიოს უმსხვილესი საფონდო ბირჯები პანიკამ მოიცვა და ბოლო ათწლეულში აქციებზე ფასების სწრაფი ვარდნა დაფიქსირდა.

ვითარება კიდევ უფრო გართულდა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. ინდექსების ვარდნის გამო უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა...

იყო დამატებითი ფაქტორიც. კერძოდ, აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ევროპასთან მგზავრობის შეზღუდვაზე. ლონდონის FTSE ინდექსი 5 პროცენტით გაუფასურდა. ეს ინდექსი ასამდე უმსხვილესი ბრიტანული კომპანიის მაჩვენებლებს ასახავს. იგივე ბედი ეწია პარიზის საფონდო ბირჟის მთავარს ინდექსს CAC-40-ს. ხოლო ტოკიოსა და ჰონკონგის ბირჟის უმნიშვნელოვანესი ბირჟების ინდექსები, შესაბამისად, 4.4 და 3.7 პროცენტით დაეცა. უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც გაუფასურებას განაგრძობს BRENT-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი...

ერთი სიტყვით, მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. გასულ კვირაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევა გამოქვეყნდა. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს შესაძლოა გლობალური ეკონომიკური ზრდა განახევრდეს. ხოლო BLOOMBERG-ის დასკვნით, მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში წლის მიწურულს ეკონომიკური დანაკარგი 2.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 0-ს გაუტოლდება. „ჩვენ ჩვენი მკვდარი ვიტიროთო“ − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება.   

ლოგიკურია, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე გლობალურ ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შესაძლოა ბოლო წლების ყველაზე მწვავე გამოწვევად იქცეს. პირველი შედეგი სახეზეა. ახალი წლიდან გამყარებისკენ მიმავალ გზაზე შეყენებული ლარი დაღმართზე სწრაფი ტემპით დაგორდა. გასული კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა ერთი ამერიკული დოლარის მიმართ 17 თეთრით გაუფასურდა. ვეჭვობ, გაუფასურების ხარისხი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის დროული ჩარევა.

კობა გვენეტაძის უწყებამ მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა – სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. საბანკო სექტორის მარეგულირებელი ინსტიტუციის სავალუტო ინტერვენციის შედეგად ამერიკული დოლარის მიმართ ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილ ვითარებაში მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურება, რაც გაზრდის ისედაც მაღალ ინფლაციას. ასევე შემცირდება ეროვნული შემოსავალი, ეს განსაკუთრებით ეხება უცხოურ ვალუტას. სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც პროგნოზირებულ 5 პროცენტზე ნაკლები იქნება...

საინტერესოა, რატომ? − შესაძლოა, ჩამეძიოთ და რა გაეწყობა, ვეცდები თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.

თანმიმდევრულად მივყვეთ. ექსპერტების განმარტებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ჯამურად დაახლოებით 15 პროცენტი ტურიზმის სფეროსა და უცხოეთიდან ფულად გზავნილებს უჭირავს. გასულ წელს ამ სფეროებიდან ქვეყანამ თითქმის 5 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო.

არახალია, ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ტურიზმი თამაშობს. მეტიც, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის სექტორის წილით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა. დარგისთვის ეს წელიც წარმატებულად დაიწყო. გაიზარდა ტურისტებისა და ასევე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობაც. იანვარში ქვეყანამ ტურიზმიდან 193 მილიონი დოლარი მიიღო. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17 პროცენტით აღემატებოდა. მაგრამ კორონავირუსის უარყოფითი გავლენა თებერვალშივე გამოიკვეთა – ტურისტების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა კი შემცირდა. საბოლოო დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების არეალი თანდათან გაფართოვდა და ამ პროცესის ნეგატიური გავლენაც უფრო თვალსაჩინო გახდა. კერძოდ, თებერვლის თვეში 15 უმსხვილესი ტურისტული მიმართულებებიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა ქვეყნების მესამედში შემცირდა. მათ შორის: რუსეთიდან − 25 პროცენტით; სომხეთიდან − 18 პროცენტით; ირანიდან − 8.7 პროცენტით.  

მგზავრთა ნაკადი შემცირდა აეროპორტებში. მიმდინარე თვის პირველ ორ კვირაში დედაქალაქის აეროპორტებში კლება 49 პროცენტია, ფრენების რაოდენობა 21 პროცენტით შემცირდა. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ თებერვლის თვის დასაწყისში ვირუსის გავრცელების არეალი ბევრად მცირე იყო, ვიდრე დღეს. აქედან გამომდინარე, დარგის სპეციალისტებისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა შეფასებით, მომდევნო თვეებში ტურისტებისა და საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის შემცირება გაცილებით უფრო დიდი იქნება. რა მოცულობის იქნება ზარალი? ზუსტი კალკულაცია ამ დროისთვის შეუძლებელია, ეს მთლიანად დამოკიდებულია – როდის მოახერხებს მსოფლიო გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევას. შედარებისთვის შეგახსენებთ, გასული წლის ივლისში მხოლოდ რუსეთიდან და მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით ქვეყნის ეკონომიკამ 300 მილიონი ამერიკული დოლარი იზარალა. ამ დროისათვის რუსეთის გარდა საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია იტალიასთან, ჩინეთთან და ირანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკარგი ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. ტურიზმის სექტორში შემოსავლების შემცირება პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს დააზარალებს, მოსალოდნელია სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობის შემცირება. რა თქმა უნდა, დაზარალდებიან ტურიზმის ინდუსტრიის მომიჯნავე სფეროებიც – რესტორნები, საკვები ობიექტები, უძრავი ქონების გაქირავება და სხვ.

ეროვნული ვალუტის სტაბილურობის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხოეთიდან ფულადი გზავნილებია. არახალია, უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც საზღვარგარეთ მომუშავე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გამოგზავნილი თანხები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთ უმსხვილეს წყაროდ იქცა. ამ გზით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 6.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოვიდა. მზარდი დინამიკა დაფიქსირდა თებერვალშიც. კერძოდ, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით მეტია. ამ პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ანალიტიკოსები ფულადი გზავნილების კლებას პროგნოზირებენ. რატომ?

მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან ხორციელდება. არ არის გასაკვირი, ქვეყნის საზღვრებს მიღმა ყველაზე მეტი თანამემამულე სწორედ რუსეთში ცხოვრობს. ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იქ მაღალი არ არის, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა სხვა გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, გასული კვირის დასაწყისში ნავთობის საერთაშორისო ფასები 30 პროცენტით შემცირდა, ბოლო ოთხი წლის მინუმამდე გაუფასურდა რუბლი. მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები, სავარაუდოდ, საქართველოზე აისახება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია. საგულისხმოა, რომ იანვრის თვეში რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების რაოდენობა ისედაც 5 პროცენტით შემცირდა. ფულადი გზავნილების ჩამონათვალში ბოლო წლებში მეორე ადგილი იტალიას უკავია. ამ ქვეყნიდან ფულადი გზავნილების მოცულობა დინამიურად იზრდებოდა, თუმცა მარტივია ვივარაუდოთ, რომ სურათი მკვეთრად უარესობისკენ შეიცვლება. დღეს იტალია ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზეა. მთელი ქვეყანა წითელ ზონად გამოცხადდა. ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობა კი პრაქტიკულად განულებულია. ეს ვითარება იქ მომუშავე ჩვენს თანამოქალაქეებზეც და მათ მიერ სამშობლოში გადმორიცხულ თანხებზეც აისახება. ვფიქრობ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში შემცირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და დაიკლებს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელიც...

ერთი სიტყვით, მოსალოდნელია ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება და ეროვნულ ვალუტას დაარტყამს. არსებულ ვითარებაში მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა გამოაქვეყნა. ეკონომიკის სტიმულირების გეგმის ფარგლებში მთავრობამ კვლავ უარი თქვა გადასახადების შემცირებაზე, გეგმა ტურისტული სექტორისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის ოთხი თვით გადავადებას გულისხმობს. მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით კიდევ 300 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. გეგმით გათვალისწინებულია კომპანიებისთვის დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის გაორმაგება, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის გადახდა.

და, ბოლოს, ვეჭვობ, მკითხველთა უმრავლესობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყნის რამდენიმე ბანკმა ყველა ტიპის სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი გამოაცხადა.

რომელმა და რა პირობებით, შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მე კი მოგიწოდებთ, რომ გაითვალისწინოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მათ შორის, ნაკლები კონტაქტი ლარის ბანკნოტებთან, თუმცა რატომ მხოლოდ ლარის? ვეჭვობ, COVID-19 ვალუტას არ ანსხვავებს...

 

1090
ღვინის სექციაა

ცნობადობის გაზრდა: რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის ბაზრების ათვისებაზე

39
(განახლებულია 20:29 25.09.2020)
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ახალი საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ლარს ხარჯავს, ამასთან, არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, როდესაც მან 2012 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა, მარკეტინგული ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 1,5 მლნ ლარს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნა გამოყენებული. 

„ახალი ბაზრების ასათვისებლად დღეს ჩვენ დაახლოებით 9 მილიონ ლარს ვხარჯავთ. ეს არის სახელმწიფოს დანახარჯი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ემატება კერძო კომპანიების მარკეტინგული აქტივობა და არც ერთი თეთრი არ დახარჯულა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პრომოციაზე“, – განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

სტატისტიკური მონაცემებით, ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთში გადის – 2019 წელს ქართული ღვინის მთელი ექსპორტის 62,1%-ზე მეტი რუსეთში გავიდა.

„ყველა დანახარჯი რუსული ბაზრის მიღმაა, იმისთვის, რომ ქართული ღვინის ცნობადობა სხვა ქვეყნებშიც გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან მინისტრმა დასძინა, რომ დიდი პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

„არ მინდა საზოგადოებას შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი შედეგებით და ვამბობთ, რომ ყველაფერი კარგად არის. არც სოფლის მეურნეობაში და არც ერთი სხვა მიმართულებით არ ვართ კმაყოფილი და ძალიან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა, არ შეიძლება, პროგრესი არ დავინახოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მისი აზრით, სოფლის მეურნეობა განვითარების გზის დასაწყისშია და ეს მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

„ჩვენ ვსაუბრობთ განვითარების დინამიკაზე და არა იმაზე, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მაგალითად, ჩემი მოლოდინია, რომ ღვინო მილიარდის შემომტანი იყოს საქართველოსთვის. ამის პოტენციალი ამ ქვეყანას გააჩნია, თუმცა ამას მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანი

სოფლის მეურნეობის მინისტრის აზრით, მეღვინეობას ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავს, რადგან ღვინის ექსპორტი ქვეყნის საერთო ექსპორტის თითქმის 10%-ს შეადგენს და უამრავი ადამიანია დაკავშირებული და ჩართული ღვინის ინდუსტრიაში, რომელიც სწრაფად იზრდება.

მისი თქმით, ღვინო საქართველოს იდენტობის ნაწილია და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ სექტორის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ 2020 წელს კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, საქართველოში დააზარალა ღვინის სექტორი, რადგანაც ის გაყიდვის ძირითადი არხი, რომელიც უკავშირდებოდა სასტუმროებს, რესტორნებს, ბარებს, მთელი გაზაფხულის მანძილზე იყო დაკეტილი და თუ ყველა სხვა სექტორში ჩვენ გვაქვს ზრდა, მიუხედავად პრობლემებისა, ღვინის სექტორში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო“, – აღნიშნა მინისტრმა. 

მისი სიტყვებით, სახელმწიფოს ამიტომაც მოუწია დიდი თანხის გამოყოფა ქართული ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარის ასამაღლებლად. მათ შორის არის სახელმწიფო კომპანიაც, რომელიც ჭარბ მოსავალს იბარებს ბაზარზე ფერმერების მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

„თუ დარგს ზურგს შევაქცევთ, ერთ წელიწადში ისეთ ზიანს მივიღებთ, რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. ამიტომ დარგისთვის მდგრადობის შენარჩუნება არის აუცილებელი და მჯერა, რომ ღვინის სექტორი საქართველოს სოფლის მეურნეობის ფლაგმანია და იქნება მომავალში და ძალიან დიდ როლს შეასრულებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალს განიცდის. საქართველოდან ღვინის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,6%-ით დაეცა.

კორონავირუსამდე

საქართველოდან 2019 წელს ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა – მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ ბოთლი გავიდა, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ამავდროულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აცხადებდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. 

2019 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ დოლარს მიაღწია – 17%-ით მეტი 2018 წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს საზღვარგარეთ ღვინო 341-მა კომპანიამ გაიტანა.

2019 წელს ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ ასევე უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ნახევრადტკბილი „ქინძმარაულია“ – 2019 წელს საქართველოდან 17,4 მილიონი ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოების ხუთეულშია ასევე „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

39
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
რთველი

რთველი 2020: ფერმერებმა 170 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

88
(განახლებულია 19:57 25.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში „რთველი 2020“-ის ფარგლებში ამ დროისათვის დაახლოებით 170 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ დროისათვის 172 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 123 ათასი ტონა „რქაწითელი“, 39 ათასი ტონა „საფერავი“, 2,8 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია – 1 კგ „რქაწითელზე“ ან „კახურ მწვანეზე“ – 0,30 ლარი.

88
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

0
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020