მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს შემოიღებს

285
(განახლებულია 16:05 13.03.2020)
ტურისტულ ბიზნესზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად სახელმწიფო და ბანკები აქტიურად გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის ფისკალური სტიმულირებისა და საგადასახადო შეღავათების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 0,7%-ით შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, კლება მარტშიც გაგრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და მსოფლიოში საშიში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის“, – ნათქვამია საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო და ბანკები აქტიურად გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს ბიზნესზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

„საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობის მზადყოფნა დააფიქსირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, გააცნო მათ წინადადებები და პირობა მისცა, რომ შექმნილი ვითარების დაძლევის საკითხზე მსჯელობისას მათ აზრს გაითვალისწინებენ.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ტურისტული სექტორისთვის კრედიტების შესაძლო რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა.

კრიზისი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და 12 მარტისთვის 25-ს მიაღწია. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს. 

კორონავირუსის გამო ქვეყანაში უკვე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, სახელმწიფო უწყებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა საერთაშორისო ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები, იკეტება რესტორნები, სასტუმროები და ღამის კლუბები.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთათვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ადამიანებმა 14 დღე უნდა გაატარონ კარანტინში, ან წარმოადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი. ქვეყანაში ყველა შემომსვლელი ექვემდებარება საფუძვლიან შემოწმებას და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.

შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებით ასახვა ჰპოვა ტურიზმის სფეროზე. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მარტის ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა, რაც მათ სეზიოზულ ზარალს აყენებს.

კორონავირუსის გავრცელებისა და ნავთობის ფასებთან დაკავშირებული მსოფლიო კრიზისის ფონზე ამ კვირაში ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო – ორშაბათიდან პარასკევის პერიოდში ლარი 6,3%-ით გაუფასურდა.

285
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (597)
გიორგი გახარია

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო–საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

15
(განახლებულია 13:30 04.06.2020)
საქართველოს მთავრობა მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამების ბიუჯეტს 40 მილიონამდე ზრდის, მინიმალური საგრანტო თანხა 20–დან 30 ათასამდე იქნება

 

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik.  ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%–ის საბანკო–საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აქვთ აღებული სესხი არსებულ პროექტებში, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.

 „დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო–საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ–ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად - როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.

მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20–დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა მან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.

 „ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში, საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად,  იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.

15
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (597)
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

64
(განახლებულია 13:06 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს-პროცესების შენელებამ და, გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს... რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია 11,9 მლრდ კვტ/სთ. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარის სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

64
თემები:
COVID-19 საქართველოში
კაფეების რიგი აღმაშენებლის კვარტალში

კაფეები და რესტორნები: უსაფრთხოების წესები

0
(განახლებულია 14:33 04.06.2020)
შიდაიზოლაციის დროს ალბათ ძალიან გენატრებოდათ საყვარელ ადამიანთან ერთად კაფეში, ან რესტორანში დაჯდომა. ეს ყველაფერი 1 ივნისიდან უკვე შესაძლებელია ღია კაფეებსა და რესტორნებში, ხოლო რაც შეეხება დახურულ რესტორნებს, აქ ვიზიტი 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში, ქვეყანაში  ღია რესტორნებმა და კაფეებმა მუშაობა უკვე  განაახლეს. თუმცა კაფეში მოსახვედრად მოქალაქეებს კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

გაგაცნობთ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელთა დაცვაც კაფეში შესვლამდე მოგეთხოვებათ:

პირველ რიგში აუცილებელია სოციალური დისტანცია. კაფის შესასვლელში დაგხვდებათ სპეციალური მაგიდა, სადაც მოთავსებული იქნება სადეზინფექციო ხსნარი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაიმუშაოთ ხელები. რაც მთავარია, კაფეში ვერ მოხვდებით, თუ არ გაივლით თერმოსკრინინგს.

ასევე, თუ მოგიწევთ დახურულ სივრცეში შესვლა, მაგალითად საპირფარეშოში, შესასვლელში დაგხვდებათ პირბადე, ხელთათმანი, რომელთა გარეშეც დახურულ სივრცეში შესვლას ვერ შეძლებთ.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ აღნიშნა, რესტორნებმა და კაფეებმა გახსნამდე არა ერთი სამუშაო ჩაატარეს.

„რეგულაციების მიღებაში ჩვენმა ასოციაციამ მიიღო აქტიური მონაწილეობა, რამაც ხელი შეუწყო ასოციაციის 200 წევრს, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ისინი უკვე კვირეების განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ. ბოლოს მცირე ცვილებები იყო შეტანილი რეგულაციებში, თუმცა ძირითადი ჩონჩხი უცვლელი იყო. მაგალითად, ეს არის შემოსასვლელში თერმომეტრით სიცხის გაზომვა, პერსონალის მუშაობის წესები, სამზარეულოს მუშაობის წესები, დისტანციები მაგიდებს შორის და ა.შ.“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისივე ინფორმაცით, მნიშვნელოვანია მაგიდასთან, სკამებს შორის იყოს დაშორება, რომელიც ერთ მეტრს უნდა შეადგენდეს. როგორც გაბრიჩიძემ აღნიშნა, დისტანციის დაცვის მიზნით,  კაფეებს მოუხდათ გარკვეული რაოდენობის მაგიდების გაუქმება.

რეკომადიის თანახმად, კონკრეტული მითითებები უნდა გაითვალისწინოს მომსახურე პერსონალმაც. მაგალითად, კაფეში მისვლისთანავე, ყოველ დილით უნდა გაიარონ  თერმოსკრინინგი. მუდმივად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი  დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით: სპეცტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე, ფარი ან სათვალე. ობიექტის ხელმძღვანელობამ ასევე უნდა გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება.

გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა დაიდგას დახურული კონტეინერები. ხშირად უნდა გაირეცხოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს პროდუქტების დასამუშავებლად განკუთვნილ ზედაპირებს. 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა  იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში წესები კიდევ უფრო გამარტივდება.

„ბიზნესში ვინც ვიწყებთ მუშაობას ვართ ოპტიმისტები. ეს ოპტიმიზმი, რომ არ გვქონდეს რთული იქნებოდა ბიზნესის დაწყება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მოხდება უფრო ლმობიერ წესებზე გადასვლა. დღესდღეობით აი, ასეთი მოცემულობით ვიწყებთ. იმას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორ თვე ნახევარი საერთოდ დაკეტილები ვიყავით, ამ რეგულაციებით მუშაობის დაწყება დამაბრკოლებელი აღარ არის“, -  აღნიშნა გაბრიჩიძემ.

რაც შეეხება შიდა სივრცეების გახსნას, ასეთი ტიპის რესტორნები და კაფეები როგორც უკვე აღვნიშნეთ 8 ივნისიდან გაიხსნებიან.

ღია კაფეების მსგავსად, დახურულ კაფეში შესვლამდე აუცილიბელია თერმოსკრინინგი, ხელის დამუშავება სპეციალური ხსნარით, დეზობარიერის გავლა.

რეკომენდაციის ერთი პუნქტი გულისხმობს ჭურჭლის რეცხვის განსაკუთრებულ წესს. 8 ივნისს თუ თქვენ მიბრძანდებით რესტორანში, თქვენს მიერ გამოყენებულ ჭურჭელს რამდენჯერმე გარეცხავენ. ჭურჭელი უნდა გაირეცხოს 40 გრადუსზე, გარეცხვის შემდეგ ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65 რადუსიან ცხელ წყალში. ეს არის რეკომენდაციების ერთი ნაწილი, თუმცა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.

სურსათის ეროვნულომა სააგენტომ კვების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი უკვე მისცა და მონიტორინგსაც გაუწევს.

„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მომდინარეობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით არის შემუშავებული. ეკონომიკის შეჩერების პროცესამდე, თბილისში ჩვენი მონაცემებით მუშაობდა 3 000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტი და დღეს, როდესაც უკვე დადგა საკითხი ამ ობიექტების ამუშავების, სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში, სისტემატიურად ახორციელებს, როგორც ამ რეკომენდაციების გაცემას, ისე მონიტორინგს, თუ რამდენად სწორად ასრულებს ესა თუ ის ბიზნესოპერატორი ამ მოთხოვნებს“, - განაცხადა სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორმა ვასილ კვერნაძემ.

თუ თქვენ დახურულ რესტორანს ესტუმრებით,  ერთ მაგიდასთან  ექვს ადამიანზე მეტი ვერ მოთავსდებით, თქვენს შორის დისტანცია კი ერთი მეტრი უნდა იყოს. ისე, როგორც ღია კაფეებში, დახურულ სივრცეშიც სავალდებულოა მაგიდებს შორის ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორ მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. თუმცა,  დამცავი ბარიერების გამოყენება დაუშვებელია 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში.

ობიექტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭონ ვენტილაციას. სააგენტოს რეკომენდაციით, დახურული სივრცეები  უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, გამოიყენებული უნდა იქნას ხელოვნური ვენტილაცია.

დახურულ ობიექტებში, საპირფარეშოებში, დერეფნებსა და ლიფტებში გამკაცრდება დასუფთავების და დეზინფექციის ზომები. დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, მაგალითად სახელურებს, ლიფტის ღილაკებს, ჩამრთველებს და ა.შ. დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს კი დამატებით ჩაუტარდებათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, რაც გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

0