ფოთის პორტი გაფართოების ნებართვის მოპოვებას კვლავ ცდილობს

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ეიპიემ ტერმინალსმა” ოფიციალურად განაახლა ნავსადგურის გაფართოების პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მიღების პროცესი.

 

კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის ასაშენებლად საჭირო ნებართვების მიღების პროცესი ხელახლა დაიწყო, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთში ნავსადგურის გაფართოების მცდელობა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის”  მხრიდან პირველი არ არის. გასული წლის მაისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მშენებლობა იგეგმებოდა. ინფორმაციის თანახმად, უნდა აშენებულიყო 1,6 ათასი მეტრი სიგრძის დამცავი მოლი და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომი. თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც მაშინ ქვეყანაში პირველ ღრმაწყლოვან ნავსადგურს აშენებდა, განგაში ატეხა. ამის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გაცემული დოკუმენტი მშენებლობის ნებართვა არ იყო და ეს იყო ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კაკაურიძემ მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების თანხმობის გარეშე გასცა. კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ანაკლია - Sputnik საქართველო
რამაზ გერლიანი: ანაკლიის პორტში წილს მოსახლეობაც უნდა ფლობდეს

გავრცელებულ მოსაზრებას, რომ  შესაძლოა ფოთის გაფართოებამ ხელი ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შეუშალოს, არ იზიარებს  „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ფოთის პორტი რაც არ უნდა გაფართოვდეს, ის ანაკლიის კონკურენტი ვერ გახდება.

„ფოთის პორტი ისედაც ღებულობს დღეში 400-500 ათას კონტეინერამდე ტვირთს, ხოლო მისი გაღრმავება არ იქნება ეკონომიკურად მაინცდამაინც ისეთი რენტაბელური, როგორც ანაკლიაში პორტის აშენების შემთხვევაში იქნებოდა, რადგან ანაკლიას სიღრმე ბუნებრივად აქვს, ხოლო ფოთში კი ზოგჯერ შემოსვლა იმ  მცირე გემებსაც უჭირთ, რომლებიც უნდა შემოდიოდნენ“, - მიაჩნია რამაზ გერლიანს. 

ეკონომისტის თქმით, თუ „ეიპიემ ტერმინალსმა” შეძლო ნაპირის გაღრმავება  ეს იქნება დროებითი და მას მუდმივად დასჭირდება მისი განახლება. სწორედ ამიტომაც ის ვერ იქნება წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ანაკლიის კონკურენტი. 

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
ვისთან ექნება საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა 2020 წელს

„თუმცა ფოთის პორტს გააჩნია თავისი ფუნქციაც , ის მცირე ზომის ტვირთებს ახლაც ღებულობს და შემდეგშიც მიიღებს და შეიძლება მაქსიმალურადაც იყოს დატვირთული, იმიტომ რომ ტვირთბრუნვა მზარდია და შესაბამისად სრულიად შესაძლებელია რომ ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის პორტებმა, ამ უკანასკნელის აშენების შემთხვევაში  ზე გადატვირთვის რეჟიმშიც იმუშაოს“ -  აღნიშნა რამაზ გერლიანმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ „ეიპიემ ტერმინალსი” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად საჭირო ნებართვას სავარაუდოდ მიიღებს.

„თუ კომპანიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაფართოვდეს, მას ამას წესით და რიგით ვერავინ დაუშლის“, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

ეკონომიკის ექსპერტის  გია ხუხაშვილის აზრით  კი ამ პროექტის გააქტიურება კიდევ უფრო დაამძიმებს დღეს ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

„რა თქმა უნდა  ფოთში ღრმაწყლოვანი პორტი იმ მასშტაბის ვერ იქნება რის შესაძლებლობასაც ანაკლია იძლევა, მაგრამ თეორიულად ყველაფერი  შესაძლებელია“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა Sputnik საქართველოსთან საუბრისას.

კომპანიის განცხადებით, 2020 წლის 11 თებერვალს  „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ისევ მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

როგორც „ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას  გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლები იზრდება

„მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას“ - განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.

ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკას სატრანზიტო დერეფნისთვის, რომელიც ევროპას მოკლე გზით აკავშირებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ფოთის პორტი უკავშირდება უკრაინის, ბულგარეთისა და რუსეთის პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.

ყველა ახალი ამბავი
0