გრძელდება აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა

გამოწერა
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა ააშენოს 6,4 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა 11 ხიდითა და ხუთი გვირაბით.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს მონაკვეთი რიკოთის უღელტეხილზე არის ნაწილი „აღმოსავლეთი–დასავლეთის" ავტომაგისტრალის, ანუ ევროპული სატრანზიტო გზის Е-60. ის სიდიდით მეორე სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ყირგიზეთის ირკეშტამში მთავრდება. საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

მშენებლობა რიქოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები

ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ 27 თვეში უნდა ააშენოს 6,4 კილომეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა 11 ხიდითა და ხუთი გვირაბით. ამავე ვადაში ასევე უნდა ააშენოს მიწისქვეშა გადასასვლელები და სადრენაჟო სისტემა.

დეპარტამენტის მონაცემებით, გზა, რომელსაც აფინანსებს მსოფლიო ბანკი, წარმოადგენს შემოვლით გზას, რომელიც გვერდს აუვლის ხაშურს, სურამსა და ჩუმათელეთს და გავა რიკოთის უღელტეხილზე.

რიკოთის უღელტეხილზე სულ 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. გზის მშენებლობა 2022 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
ჩინური კომპანიები რიკოთის უღელტეხილზე გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს დააგებენ

რიკოთის უღელტეხილზე მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი - 11,7 კმ, ხევი-უბისის მონაკვეთი - 12,2 კმ, უბისა-შორაპნის მონაკვეთი - 13 კმ და შორაპანი-არგვეთის მონაკვეთი - 14,7 კმ. პროექტის განხორციელებაზე სულ ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალით ტვირთების 60%-ის გადაზიდვა ხდება. ამ მაგისტრალის გაუმჯობესება ძალზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაიქცეს. ეს ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობებს, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთთან, მეორე მხრივ კი - თურქეთთან და ევროპასთან.

ყველა ახალი ამბავი
0