ანაკლია

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

64
(განახლებულია 16:36 07.02.2020)
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო ახალი ფუნქციებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და საბოლოოდ გაწყვიტა საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რომელმაც 2019 წლის დეკემბერში მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

„იმისათვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიწყოს მუშაობა ანაკლიის პორტის პროექტის საინვესტიციო წინადადების შემუშავებაზე, მის ძირითად საქმიანობად, საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ნაცვლად,  განისაზღვრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განხორციელება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე, პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლებასა თუ ჩატარებაზე, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციასა და კანდიდატთა შერჩევაზე.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

„ანაკლიის პორტი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს მთავრობიდან არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა, რომ ფინანსურად, ქონებრივად – შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას", – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, სააგენტოს ახალი ფუნქციები დაკავშირებულია ხელისუფლების სურვილთან – განაახლოს პორტის მშენებლობა.

„ამ გადაწყვეტლების მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მოგეხსენებათ, თავის დროზე, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ დავიწყოთ ტენდერისთვის ხელახლა მომზადება", – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ორი პორტია – რა საჭიროა კიდევ ერთი?

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

 

64
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (42)