ევგენი ხარაძის დაარსებული აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

აბასთუმნის ობსერვატორია ახალ ფუნქციებს შეიძენს

92
(განახლებულია 21:01 03.02.2020)
1932 წელს ევგენი ხარაძის მიერ დაარსებულ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სარემონტო სამუშაოები თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ევგენი ხარაძის სახელობის საქართველოს ყველაზე დიდმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ აბასთუმანში ახალი სიცოცხლე შეიძინა, სარემონტო სამუშაოები მთლიანად დასრულდა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ობსერვატორიას ახალი ფუნქცია დაემატება: მასში განთავსდება საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებისთვის და კაფე. ასევე გაჩნდება საგამოფენო და სამუშაო სივრცე, აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად კეთილმოწყობილია. ობსერვატორიას ყოველწლიურად 10 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის მდგრადობის და დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენების შესწავლა.

სარემონტო სამუშაოები ობსერვატორიაში 2018 წლის ივნისში დაიწყო. ობსერვატორიას აქვს 14 ტელესკოპი, რომელთაც განახლება სჭირდებოდა.

92
თემები:
ტურიზმი საქართველოში (232)
გიორგი გახარია

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო-საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

61
(განახლებულია 17:39 04.06.2020)
საქართველოს მთავრობა მიკროგრანტებისა და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტს 40 მილიონ ლარამდე ზრდის, მინიმალური საგრანტო თანხა 20-დან 30 ათასამდე იქნება.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ადგილობრივი კომპანიები ახალი პროექტების განხორციელების შემთხვევაში სახელმწიფოსგან 90%-იან საბანკო-საკრედიტო გარანტიას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

 

ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც არსებული პროექტებისთვის უკვე აქვთ აღებული სესხი, სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით.

პრემიერის სიტყვებით, ეს ამ კომპანიების მდგრადობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობაა.

„დღეს ჩვენ რამდენიმე საკითხი გამოგვაქვს – პირველ რიგში, ეს ეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებებს. ეს ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომლითაც ჩვენ ადგილობრივ კომპანიებს ვეხმარებით“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა ბიზნესს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უკეთ მოერგება ახალ მოთხოვნებს, ხელისუფლება გაზრდის დაკრედიტების მოცულობას, პროცენტი კი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით დაკორექტირდება.

კერძოდ, პრემიერის სიტყვებით, კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა არანაკლებ 300 მილიონი ლარი იქნება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაფინანსება გაიზრდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი წარმოადგენს საგარანტიო ფონდს, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების დაბრუნების გარანტად გამოდის. უფრო მარტივად – როდესაც ბიზნესი კრედიტს იღებს, მთავრობა ხდება მისი თავმდები და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შექმნილი ფონდი სესხს ბიუჯეტის ფულით დაფარავს.

მიკროგრანტებისა და მცირე საწარმოების დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზრდება, მინიმალური საგრანტო თანხა კი 20-დან 30 ათას ლარამდე იქნება, განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის იმ მოქალაქეების პირდაპირი დახმარება, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ ახალი ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი თავიანთ თავზე და წარმატების შემთხვევაში დაასაქმონ სხვებიც.

„ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური დატვირთვა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკურიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და სარგებლობის შესაძლებლობა უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების მეშვეობით ექნებათ. ყველა პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, ადგილობრივი წარმოებისა და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს 100 ადგილობრივ სტრუქტურაში იქნება განთავსებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად ფერმერებსა და მეწარმეებს თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. ყველა პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მათ რაიონებში, აღნიშნა გახარიამ.

61
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ქარის ელექტროსადგური

რატომ შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება პანდემიის დროს: მინისტრის განმარტება

66
(განახლებულია 13:06 04.06.2020)
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, სავარაუდოდ, მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით შემცირებას პროგნოზირებს.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკური აქტიურობის შენელების გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში და მსოფლიოში ამ დარგზეც აისახა.

„კორონავირუსის დროს გლობალურმა პანდემიამ და, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკურმა კრიზისმა, ასევე ბიზნეს-პროცესების შენელებამ და, გარკვეულწილად, საერთოდ შეჩერებამ, რადგან საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებოდით, გარდაუვლად გამოიწვია ისიც, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში მთავრობა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიას დაეხმარა.

„ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ სამი თვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება მოსახლეობისთვის, რამაც მდგრადი გახადა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ამ რთულ პერიოდში და ირიბად დაეხმარა, მათ შორის, ენერგეტიკულ კომპანიებს... რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ შარშანდელ დონეზე გვქონდეს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოში ორ წელიწადში ორ ახალ ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ>>

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებულია 13,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, ხოლო გამომუშავებულია 11,9 მლრდ კვტ/სთ. გამომუშავებული ელეტროენერგიის დიდი წილი ჰიდროსადგურებზე მოდის – 8,9 მლრდ კვტ/სთ, თბოსადგურებმა გამოიმუშავეს 2,4 მლრდ კვტ/სთ, ხოლო ქარის სადგურმა „ქართლი“ – 84,7 მლნ კვტ/სთ.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია, 2020 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება, ეკონომიკის სამინისტრო წელს საერთო მოხმარების 0,8%-ით, ანუ 12,7 მლრდ კვტ/სთ-მდე შემცირებას პროგნოზირებს.

66
თემები:
COVID-19 საქართველოში
მაია ცქიტიშვილი

მარნეულში შვიდი ახალი სკოლა შენდება

0
(განახლებულია 15:53 04.06.2020)
სკოლები სწორედ იმ მუნიციპალიტეტში შენდება, სადაც სულ ახლახანს მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებდა.

 

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში შვიდ ახალ სკოლას აშენებენ და ახლო მომავალში  რიგით მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

უწყების პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და მშენებლობის პროცესსა და ასევე ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების სამზადისს  ადგილზე გაეცნო.

 „განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროს ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდი  მარნეულში შვიდ სკოლას აშენებს და მალე მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მშენებარე სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობენ – საკლასო ოთახების გარდა, იქნება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული დარბაზები და მოედნები, სასადილოები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს  ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა. წელს, სკოლების სამშენებლო–სარემონტო სამუშაოებისთვის 400 მლნ ლარია გამოყოფილი.

0