ბახმარო

ხელისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროექტების დაფინანსებას განაგრძობს

50
(განახლებულია 10:24 19.01.2020)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. 2020 წელს, საქართველოში, ისევე როგორც 2019 წელს, სოფლების მხარდაჭერის ბიუჯეტმა 40 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2009 წელს წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო და 2016 წლამდე მოქმედებდა. პროგრამა, საშუალოდ, აფინანსებდა წელიწადში 100 – მდე პროექტს, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევდა. პროგრამის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიტიკოსები არაერთხელ ითხოვდნენ მის განახლებას, რადგანაც სოფლების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები უყურადღებოდ დარჩა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ორიენტირებული იყო ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, 2019 წელს პროგრამის აღდგენა გადაწყვიტა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას - სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის შექმნას, სანიაღვრე არხებს, ნაპირსამაგრ სამუშაოებს, გზის მშენებლობას, გარე განათების შექმნას, სკოლების მიმდებარე ლანდშაფტის, სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და ა.შ.

წელს ამ ჩამონათვალს ტრანსპორტის გაჩერებები დაემატა.

პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს 4,8 ათასამდე პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სამი ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა,  სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად აირჩია, რომელი პროექტებისთვის უნდა დაეხარჯათ ბიუჯეტის თანხები.

ასე მაგალითად, 2019 წელს გურიაში განხორციელდა 376 პროექტი, იმერეთში -1042, კახეთში - 366, მცხეთა-მთიანეთში - 536, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 275, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1061, სამცხე-ჯავახეთში - 309, ქვემო ქართლში - 399 და შიდა ქართლში - 447.

მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს >>

თითოეული პროექტის განსახორციელებლად 10-დან 20 ათას ლარამდე იყო გამოყოფილი, სოფლის სიდიდის მიხედვით.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გარდა, გასულ წელს პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. თანხები განაწილდა საგზაო რემონტისთვის, ქუჩის განათებისთვის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, წყლის სისტემების გამართვისთვის, სასაფლაოების მოწყობისა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდისთვის.

50
თემები:
საქართველოს რეგიონები (179)