ნათია თურნავა

თურნავა: ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველო ეკონომიკურ რისკებს სწავლობს

81
(განახლებულია 19:08 09.01.2020)
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის აზრით, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერად არ აისახება.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება და აანალიზებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა სარაკეტო იერიში მიიტანა ბაღდადის აეროპორტთან არსებულ ტერიტორიაზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაური, ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი. ირანმა საპასუხოდ სარაკეტო დარტყმა განახორციელა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც აშშ-ის არმიის სამხედრო კონტინგენტი იმყოფებოდა. ვაშინგტონის მონაცემებით, ამ დროს არც ერთი ამერიკელი არ დაშავებულა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს საკუთარი სამხედრო ძალა გამოიყენოს და მხოლოდ ახალი სანქციების შემოღებით შემოიფარგლება.

„ვაკეთებთ მიმდინარე პროცესების ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც ვაკეთებთ შესაძლო საფრთხეების გაანალიზებას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მთლიანობაში საერთაშორისო თანამეგობრობაც მშვიდობიან გამოსავალს იპოვის და პროცესები დეესკალაციისკენ წავა", – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას სიტყვებით, აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერად არ აისახება.

„ამ ეტაპზე ეკონომიკური კუთხით ჯერჯერობით რაიმე სერიოზული ზეგავლენის ფაქტს ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა ვაგრძელებთ მონიტორინგს, ანალიზს. ამ კუთხით ძალიან დიდი ყურადღებით ვართ", – განაცხადა თურნავამ.

საქართველოსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები აქტიურად ვითარდება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, საქართველოსა და ირანს შორის ტვირთბრუნვა 2018 წელს 38,7%-ით გაიზარდა და 251,9 მლნ ლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2018 წელს ირანიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 291,1 ათასი შეადგინა. 2019 წლის 11 თვის განმავლობაში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 132,8 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება ერაყს, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 18 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. თანამშრომლობა ვითარდება ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ერაყიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობამ 2018 წელს 2,1 ათასი, 2019 წლის 11 თვეში კი 1,6 ათასი შეადგინა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა და 22,5 მლნ დოლარი შეადგინა.

81
თემები:
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები (14)
ცარიელი რესტორნები

შესაძლოა რესტორნებმა ღამის საათებში კვლავ განაგრძონ ფუნქციონირება

51
რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გადახედავს. საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით პირობა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა მთავრობის მეთაურისგან მიიღო.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პირობა, რომ რესტორნების 22:00 საათზე დახურვის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ იუწყება.

ბურჯანაძის თქმით, საუბარია რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ 22:00 საათის შემდეგ ისე, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მაქსიმალურად შემცირდეს.

 „კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათზე რესტორნების დახურვას ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შოთა ბურჯანაძის თქმით პრემიერთან შეხვედრაზე მთავრობის მეთაურს ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო სამასპინძლო ბიზნესზე დიდი დარტყმაა, რის გამოც 300 000 ადამიანზე მეტს სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

 „ჩვენი ასოციაციის სახელით მოთხოვნა იყო პრემიერთან შეხვედრა იმ პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ, რომელიც დღეს აღნიშნულ სფეროში არსებობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრობლემა ძალიან დიდია და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების გადარჩენა, აღნიშნული საკითხი კი პრემიერის მხრიდან სრულად და ადეკვატურად იქნა გაზიარებული.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დღგ-ს გადასახადზე და ბანკებთან ურთიერთობებზე.

ბურჯანაძის განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, 16 ოქტომბრიდან მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ – მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ 22:00 საათამდე შეუძლიათ.

20 ოქტომბერს კი რესტორნების სამუშაო გრაფიკი მცხეთის მუნიციპალიტეტშიც შეიზღუდა.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ძალიან გაიზარდა. ქვეყანა ფაქტობრივად უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმში, როდესაც ინფიცირებულთა ყოველი მომდევნო სტატისტიკა რეკორდულია.

ბოლო დღეებში საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვმა 1941-ით იმატა და საერთო რაოდენობა 26503-ს შეადგენს. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge დღის პირველ ნახევარში განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

51
თემები:
COVID-19 საქართველოში
ფოთის პორტი

ფოთის პორტი გაფართოვდება: ინვესტორებმა შეთანხმება უკვე გააფორმეს

39
(განახლებულია 11:26 24.10.2020)
APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერის დაღრმავებაში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. კომპანიამ APM Terminals Poti და „ფოთის ახალი ტერმინალების კორპორაციამ“ (PNTC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით მშრალი და ნაყარი ტვირთების ახალი ტერმინალის ერთობლივად განვითარებაზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, APM Terminals Poti მოახდენს ინვესტირებას 400 მეტრის სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობაში და 13.5 მეტრამდე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებში, ხოლო კორპორაცია განახორციელებს ინვესტიციას მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მოიცავს მასშტაბური საოპერაციო ზონის მოწყობას და სარკინიგზო ხაზთან კავშირის უზრუნველყოფას ფოთში.

ინვესტიციების განხორციელება შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაზეა დამოკიდებული.

ფოთის პორტის გაფართოება

ფოთის პორტის მფლობელმა კომპანია APM Terminals Poti-მ მიწათსარგებლობის ნებართვა მიიღო, რაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მოპოვების სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

კომპანიას ფოთის ნავსადგურის გაფართოება სურს, რათა საქართველოს გააჩნდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც Panamax-ის ტიპის გემებს მოემსახურება.

APM Terminals Poti პროექტის განხორციელებას 24-30 თვეში გეგმავს. ის ორი ფაზისგან შედგება.

პირველი ფაზა 1,7 ათასი მეტრი სიგრძის მოლის მშენებლობასა და ასევე 400 მ სიგრძისა და 13,5 მ სიღრმის მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ეს პორტს 9 ათას TEU–მდე წყალტევადობის ხომალდების მიღების  და დამატებით 150 ათას TEU-მდე მოცულობის ტვირთების გადამუშავების საშუალებას მისცემს.

მეორე ფაზა 300 მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას მოიაზრებს, სადაც სამი ამწე იქნება განთავსებული და რაც წლიურ ტვირგამტარობას 1 მლნ TEU–მდე გაზრდის.

ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი ანაკლიის აშენებამდე გახდება >>

კომპანია მშრალი ტვირთების ოპერირებას გეგმავს. ეს იქნება რკინის ჯართი მთელი რეგიონიდან, სასუქი, ასევე მარცვლეული აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან.

39
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
სპეცოპერაცია ზუგდიდში

„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 

0
ყოფილი მძევლები საგამოძიებო უწყებაში დღეს განმეორებით არ დაკითხულან. მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდასხმისას მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, იუწყება „პირველი არხი“.

არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დროისთვის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.

უწყებაში იკითხებიან ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც „საქართველოს ბანკზე“ ბანკზე მომხდარი თავდასხმისას მძარცველმა მძევლად აიყვანა.

საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა რამდენიმე მოწმემ. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დღეს განმეორებით არ დაკითხულან და მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა