კურორტები დაათვალიერეს, გეგმა შეიმუშავეს – მინისტრებმა პრემიერს ანგარიში ჩააბარეს

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის მნიშვნელობას.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის სფეროზე პასუხისმგებელმა მინისტრებმა და ჩინოვნიკებმა სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გახარია: ზამთრის სეზონისთვის მთის კურორტების მზადყოფნა ჩვენი ძირითადი ამოცანაა

გასულ კვირაში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, რომელშიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, ზამთრის კურორტებზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები.  

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. გახარიამ აღნიშნა, რომ საჭიროა გაიზარდოს საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და ჯანდაცვის სერვისები.

საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. საქართველოს მთის კურორტებზე ზამთრის სეზონი ძირითადად დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0