ეროვნული ვალუტა ლარი

საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა

60
(განახლებულია 16:59 11.12.2019)
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ინფლაციის ზრდის გამო, რეფინანსირების განაკვეთის 9 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9.0 პროცენტამდე გაზარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის>>

წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 7% შეადგინა, მაშინ, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო. ფასებმა სურსათზე 13,4%-ით მოიმატა. ექსპერტები ამას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ნახევარ წელიწადში ლარი აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.

„მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს", – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

60
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (506)