ჟინვალის წყალსაცავი

საქართველო ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპს ზრდის

93
(განახლებულია 14:46 06.12.2019)
წლის დასაწყისიდან საქართველოში 11 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა, რაც 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციაა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ შევძელით ინვესტორებსა და მოსახლეობას შორის ბალანსის მიღწევა და ვაშენებთ ჰესებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

რეფორმა ენერგეტიკის სფეროში და ინვესტორების ვალდებულება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში პანკისის ხეობაში ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უთანხმოება მოხდა. 

„ჩვენ ვიპოვეთ სწორი ბალანსი, რომელიც მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის უნდა იყოს, რათა ჰესები აშენდეს. შეიძლება ჩვენ ისეთ ტემპებით ვერ ვვითარდებით, რომელიც ენერგეტიკოსებს გაახარებს და აუცილებელია ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ ტემპები იზრდება“, – განაცხადა თურნავამ.

მისი სიტყვებით, მიმდინარე წელს საქართველოში 11 ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა.

„ბოლო 11 თვის განმავლობაში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ დადგმული სიმძლავრე“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობამ უკვე დაამტკიცა კონტრაქტი მდინარე რიონზე მსხვილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი ითვალისწინებს კასკადის მშენებლობას, რომელიც გააერთიანებს ორ ახალ ჰესს – „ნამახვანიჰესსა“ და „ტვიშს“.  

„ნამახვანის ისტორიული კონტრაქტი წლებია მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს და ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იქნება მშენებლობის ნებართვა აღებული და მშენებლობა დაიწყება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის სიტყვებით, მთავრობა ასევე გააგრძელებს ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარებას, მათ შორის, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ჩქარი ტემპებით იზრდება, მიმდინარე წელს ქვეყანას მოუწია ელექტროენერგიის შესყიდვა არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულშიც კი.

2016–2018 წლებში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, ადგილობრივი წარმოება კი მხოლოდ 5%-ით, შედეგად მეზობელ ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სამჯერ გაიზარდა.

93
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (76)