თელავი

საქართველოს ქალაქური გარემოს გასაუმჯობესებლად თანხა გამოუყვეს

35
(განახლებულია 15:03 04.12.2019)
სახსრები ქვეყნის პროვინციული ქალაქების ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებას მოხმარდება, რათა გაიზარდოს მიმზიდველობა, მათ შორის, ტურისტული.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ქალაქური გარემოს გაუმჯობესების მიზნით აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ქვეყნისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

აღნიშნული თანხა მოხმარდება მოსამზადებელ და საპროექტო სამუშაოებს, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებში ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესება იქნება.

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეკრება 2021 წელს საქართველოში გაიმართება>>

აზიის განვითარების ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა არცთუ თანაბრად მიმდინარეობდა, რამაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის თბილისში მიგრაცია გამოიწვია. ამჟამად ეროვნული შიდა პროდუქტის 70% სწორედ თბილისზე მოდის, დედაქალაქში ცხოვრობს ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

ეს კრედიტი საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, დაგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩაატაროს სხვა საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ADB-ს პროგრამისთვის „ინვესტირება საქართველოს ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის", რომლის დაწყება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

პროგრამის მთავარი მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მდგრადი განვითარება, განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის.

პროგრამის მიზანია ასევე საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა. კერძოდ, დაგეგმილია ინვესტირება ზუგდიდში, მესტია-უშგულში, თელავში, გურჯაანსა და ახმეტაში ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

„ქალაქების მდგრადი განვითარება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ასევე დაეხმარება ქვეყანას, სრულად გამოიყენოს თავისი უნიკალური ტურისტული პოტენციალი", – განაცხადა ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის ურბანისტული განვითარების სპეციალისტმა რამოლა ნაიკ სინგრუმ.

მისი თქმით, ეს სესხი მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს უმნიშვნელოვანესი სამუშაოები მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციისთვის, განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი და აამაღლოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი.

აზიის ბანკი საქართველოს სოფლის მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას დაეხმარება>>

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან უჭერს მხარს და ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ამ პერიოდში საქართველოზე გაცემული სესხის საერთო რაოდენობა 2,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

35
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (688)
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართელოს დამაკავშირებელი ცენტრალური ტრასა

როდის გაიხსნება ხაშურის შემოვლითი გზა

57
(განახლებულია 20:08 12.08.2020)
გზის მშენებლობა 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოს მეორე ნახევარში ხაშურს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება.

„ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტრაქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება ორზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი ორ ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი ოთხზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან შეუერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები აქვს.

ხაშურის შემოვლითი გზა ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის ნაწილია და ორივე მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მივა. ამ გზით გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს და ჩუმათელეთს. პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში აშენდება ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები. 

რაც შეეხება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის – 6.4 კმ-იანი გზის მშენებლობას, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და შემცირდება მგზავრობის დრო, აცხადებენ სამინისტროში.

57
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
პრემიერი გიორგი გახარია

გიორგი გახარია: საქმიანი ვიზიტები ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანია

83
(განახლებულია 16:12 12.08.2020)
საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითაც ისინი ქვეყანაში ჩამოსვლას გეგმავენ.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ბიზნეს–ვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ქვეყანაში ეკონომიკა არ „გაცივდეს“ და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე.

საქმიანი ვიზიტით საქართველოში: სურვილი 2,7 ათასმა უცხოელმა გამოთქვა>>

პრემიერის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში ბიზნეს–ვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ამჟამად საქართველოში იმყოფება, მაგრამ მათი ვიზიტები ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. 

„იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ, ამისთვის ბიზნეს–ვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც საქართველოს მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა და შტაბმა, შესაბამისად, ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს.

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას>>

„ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღევანდელი მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ ბიზნეს–ვიზიტორების პლატფორმა სრულფასოვნად ამოქმედდა.

საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა და აღნიშნონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითაც ისინი გეგმავენ ქვეყანაში ჩამოსვლას. საქართველოში მივლინებით ჩამოსულმა პირებმა ყოველ 72 საათში კორონავირუსზე PCR–ტესტი უნდა გაიკეთონ ან სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი გაიარონ საკუთარი ხარჯებით. ეს პირობა არ ეხება ევროკავშირის წევრ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველომ უპირობოდ გახსნა საზღვრები.

მალე საქართველოში ხანგრძლივი ვადით ჩამოსვლას შეძლებენ ის უცხოელი ვიზიტორებიც, რომლებსაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი ექნებათ.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის უკვე შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

83
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (688)
თბილისის მეტრო

ახალი ფასადი და ვესტიბიული: თბილისში მეტროს სადგურები განახლდება

0
„ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების პროექტირება ამა წლის ნოემბერში დასრულდება, ქალაქის ხელისუფლება ეტაპობრივად დანარჩენი სადგურების განახლებასაც გეგმავს

თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. თბილისის მეტროსადგურების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს „გოცირიძის“, „ვარკეთილის“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურებზე, იგეგმება ასევე სხვა სადგურების მასშტაბური განახლება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია... გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის თავის სიტყვებით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება თბილისის კიდევ ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული - ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 57 კმ-ია, ძირითადი ხაზის სიგრძე - 40 კილომეტრია, მეორე ხაზისა - 17 კმ.

0
თემები:
თბილისი დღეს