თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. აჭარაში წელს 55 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.
„ბოლო წლებში სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ქართული ციტრუსის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. წელს ტრადიციულ ქვეყნებს გასაღების ბაზარი კიდევ დაემატა, მოთხოვნილება არის ქართულ მანდარინზე, შესაბამისად, ფასებიც წელს უფრო მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შიდა ბაზარზე რეალიზების პარალელურად საქართველოდან მანდარინი გადის რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
წელს ტრადიციულ საექსპორტო ქვეყნებს კიდევ 12 ქვეყანა დაემატა. მათ შორისაა ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი, სლოვენია.
წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს.