გიორგი გახარია

სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა

100
(განახლებულია 17:19 29.11.2019)
ობიექტების პრივატიზაციის შედეგად მთავრობა დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება 100 საინვესტიციო პროექტი, რომელსაც შემოგვთავაზებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად შეძლოს ოპერირება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე.

ფასები სამრეწველო პროდუქციაზე მკვეთრად გაიზარდა>>

მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების რაოდენობა, განათლება, უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად უნდა გვაძლევდეს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სხვათა შორის, ოქტომბერში, მიუხედავად ზოგიერთი კოლეგის „ხულიგნობისა", ეკონომიკური ზრდა გვქონდა 5,7%. 10 თვის მასშტაბით ჩვენ გვქონდა ზრდა 5,1%. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენს ეკონომიკას სჭირდება უფრო მეტად სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამიტომ გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ამიტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ის აქტივი, რომელიც სრულად არაა ჩართული ეკონომიკის ბრუნვაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაცოცხლდეს იმისთვის, რათა ბიზნესს უფრო ძლიერად ოპერირების საშუალება მიეცეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ძლიერი ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს", – აღნიშნა გახარიამ.

საპრივატიზაციო პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის, უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვ.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები. ობიექტების გაყიდვის შედეგად კი აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები.

„აუქციონზე ნახავთ, მაგალითად, ყოფილ „მიხაილოვის საავადმყოფოს“. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ – მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები", – განაცხადა ნათია თურნავამ.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში ბიზნესის იმედი აქვს>>

ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.

100
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)