ქარის ელექტროსადგურები

იმერეთში შესაძლოა ქარის ელექტროსადგურები აშენდეს

68
მომავალი 3 წლის განმავლობაში საქართველოს ელექტროსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და რამდენიმე ათეული ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება, ვარაუდობენ მთავრობაში

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ იმერეთის მხარეში სოფლების - ხვანის, ჭალოვანის, ნიგვზარას, ბერეთისა და კოლბოურის სიახლოვეს ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის კონცეფცია მოიწონა, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

„სამომავლოდ რეზერვების ზრდასთან ერთად, ქარის სადგურების მშენებლობა უფრო მეტი ინტენსივობით იქნება შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 330-350 მეგავატის ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კერძო კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ენერგოსისტემაში 2021 წლის ჩათვლით შესაძლებელია მხოლოდ 350 მგვტ-მდე სიმძლავრის ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში არსებული დღევანდელი რეზერვების გათვალისწინებით,  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქარის ენერგეტიკული პოტენციალი შეფასებულია დაახლოებით 1500 მგვტ, წლიური 5 მლრდ კვტ სთ გამომუშავებით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქარის ენერგეტიკის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ინვესტორებთან როგორც ჰიდრო, ასევე თბო ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

2018 – 2019 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 11 ჰესი, რომელთა დადგმულმა სიმძლავრემ დაახლოებით 100 მვტ - ი, ხოლო ინვესტიციების ჯამურმა მაჩვენებელმა 210,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსებით მოხდეს.

„ჩვენ საქართველოს ენერგოსექტორში დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების შესახებ მემორანდუმები გავაფორმეთ. ჩვენი ვარაუდით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენს სისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება და რამდენიმე ათეული ჰესი და სხვა ენერგოობიექტი აშენდება“, - დავით თვალაბეიშვილმა.

საქართველოში ერთადერთი ქარის ელექტროსადგური გაიყიდა >>

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 – 2019 წლებში საქართველოში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში უკვე 201 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. უკვე გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების ჯამური ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს. მიმდინარე წლის აპრილში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება საქართველოში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაზე. გარდა ამისა, 2020 წელს ექსპლუატაციაში შევა 230 მვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური გარდაბანში.

საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ქვეყანაში 2016-დან 2018 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 6%-ით გაიზარდა, გამომუშავება კი მხოლოდ 5%-ით. შედეგად საჭირო გახდა მეზობლებისგან სამჯერ მეტი ელექტროენერგიის შეძენა.

 

68
თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (76)