გიორგი გახარია

პრემიერმა ფასების ზრდის შეჩერების განკარგულება გასცა

103
(განახლებულია 16:37 21.11.2019)
მთავრობის მეთაურმა ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფასების დასტაბილურებისთვის ეროვნულ ბანკს ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა, ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ მოსალოდნელი 3%-ის ნაცვლად 6,9% შეადგინა. სურსათზე ფასები უკვე 13,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.

„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისა და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად", – განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, პრემიერმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, დაკრედიტების პოლიტიკის საკითხების გადახედვით დაკავდეს. იანვრიდან საქართველოში გამკაცრდა კრედიტების გაცემის ნორმები, მათ შორის, აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის ოდენობის სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა.

„ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველყოფის მიზნით მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, გადახედოს და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის შემზღუდავი ელემენტი ჩამოვწიოთ 100 000 ლარამდე", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 200 ათას ლარამდე სესხის აღება მიმდინარე წლის იანვრიდან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. 2019 წლამდე აკრძალვა 100 ათას ლარამდე გაცემულ სესხებზე მოქმედებდა.

103
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)
ვაშლი ხის ტოტზე

სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს

59
საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰა-მდე ფართობს შეადგენს

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანია „აგროქართლი“ 2020 წელს 200 ტონამდე ვაშლის მოსავალს ელოდება, მათ უკვე 30 ტონაზე მეტი ვაშლის ექსპორტი მოახდინეს. კომპანიამ, რომელიც  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში  ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა,  ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100 ათას ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „აგროქართლი“ სეზონურად 60-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გაეცნენ.

„ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში მისმა მეპატრონეებმა უკვე მიიღეს მოსავალი, რომელიც ექსპორტზე გავიდა მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის, საქართველოდან უკვე 1 ათას ტონაზე მეტი ვაშლია ექსპორტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10 ათას ჰექტრამდე ფართობს შეადგენს. შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,4 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა.

გიორგი გახარია: 50 ათასი ტონა თხილის ექსპორტიდან რეგიონში შემოსავალი 100 მლნ დოლარი იქნება >>

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

59
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
რთველი კახეთში

რთველი 2020: ფერმერებმა უკვე 95 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს

52
(განახლებულია 11:05 20.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში დღეისათვის ჩაბარებულია 95 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 72 ათას ტონაზე მეტი „რქაწითელი”, 18 ათას ტონაზე მეტი „საფერავი”, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე” და 3 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.

ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს

 

52
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

0
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


0
თემები:
საეკლესიო კალენდარი