თბილისის ხედი

Galt & Taggart: საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკას აღარ გაამკაცრებს

43
(განახლებულია 11:14 09.11.2019)
კომპანიის ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2020 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 4,7% -ს მიაღწიოს, თუმცა, თუ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას შეინარჩუნებს და საპარლამენტო არჩევნების გავლენა ნეგატიური იქნება, ზრდა შეიძლება 4% -მდე შენელდეს

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს, ნათქვამია კომპანიის მიმოხილვაში.

საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას >>

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე მიაღწია 2,9770 GEL/$1. შედეგად, წლიური ინფლაცია ოქტომბერში 6,9%-ს შეადგენდა.

ლარზე ზეწოლის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ბოლო თვეებში გაყიდა 72,8 მილიონი აშშ დოლარი, გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე და შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები უცხოურ ვალუტაში 5 პროცენტული პუნქტით, მაგრამ ლარი მეტწილად გაუფასურებულია.

„იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, ინფლაცია, სავარაუდოდ, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, ჩვენ ვერ ვხედავთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი გაზრდის საჭიროებას“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Galt & Taggart- ის შეფასებით, წლიური ინფლაცია სავარაუდოდ წლის ბოლომდე მაღალ, 7%-იან დონეზე დარჩება, ხოლო ფასების ზრდის შენელება მოსალოდნელია 2020 წლის მეორე კვარტლიდან. ეს, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს 2020 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1-1,5 პროცენტული პუნქტით შეამციროს.

„მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა, 2019 წლისთვის ჩვენ უცვლელად ვტოვებთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4,5%-ის დონეზე, მაგრამ 2020 წელს ჩვენ ველოდებით ეკონომიკაზე ზეწოლის შენარჩუნებას”, - აღნიშნავენ კომპანიის ანალიტიკოსები.

კომპანია ელოდება, რომ 2020 წელს საგარეო მოთხოვნისა და ინვესტიციების ხარჯზე საქართველოს ეკონომიკა 4,7%-ით გაიზრდება. მიუხედავად ამისა, თუ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შემცირდება და საპარლამენტო არჩევნები გააუარესებს ბიზნესის განწყობებს, 2020 წელს ზრდა, სავარაუდოდ, 4%-მდე შენელდება.

მეორეს მხრივ, Galt & Taggart-ის თვალსაზრისით, თუ რუსეთი გააუქმებს აკრძალვას პირდაპირ ფრენებზე, ეს დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.

43
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
კაფე

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

55
(განახლებულია 20:49 16.07.2020)
მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის იმ მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. უცხოეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებული არიან და შეუძლიათ საკუთარი ბიზნესის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართვა, ე.წ. „ფრილანსერებს“ შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში განსაკუთრებული რეჟიმით შემოვიდნენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

შესაბამისი გადაწყვეტილება, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად.

პროექტი გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან „ფრილანსერები“, მუშაობენ დისტანციურად, ან შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

„ჩვენ ამ მიზნობრივ აუდიტორიას ვიწვევთ საქართველოში და სპეციალური პირობებით ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას ვთავაზობთ. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენება გვინდა – საუბარია საზღვრის გახსნაზე ისე, რომ, ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველოში შემოვუშვათ უკლებლივ ყველა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზემოხსენებულ კატეგორიას მიეკუთვნება", – განაცხადა ნათია თურნავამ.

პროექტის თანახმად, მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ექვსი თვით ცხოვრების უფლება ექნება.

საქართველოში გრძელვადიანი პერიოდით ყოფნის მსურველებისთვის შემუშავდა განაცხადების მიღების ელექტრონული პლატფორმა.

გრძელვადიანი პერიოდით ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. განცხადებაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტრაქტორის შესახებ, წინასწარ დასტურს სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და ა.შ.

ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიან კარანტინს კომერციული ტარიფით, საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება ექვსთვიანი სამოგზაურო დაზღვევის არსებობა.

თურნავას თქმით, ინიციატივის წყალობით საქართველოში ფინანსურად უფრო შეძლებული ვიზიტორები შეძლებენ ჩამოსვლას.

„ეს ადამიანები საქართველოში დიდი ხნით იცხოვრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავეხმარებით ბინის გაქირავების ბიზნესსაც, რომელიც პანდემიამ ძალიან დააზარალა, ასევე სასტუმროების სექტორს კარანტინის დროს, სარესტორნო ბიზნესს და სხვ. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე ტურისტულ კომპანიებს, ტრანსპორტისა და გიდების სერვისების აქტიურად გამოყენებას, რადგან გრძელვადიანი ვიზიტორები ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტები იქნებიან", – განაცხადა თურნავამ.

პროექტი საჯარო განხილვაზე უახლოეს დღეებში გავა, რათა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, დაიწყონ აპლიკაციების შევსება, იმოგზაურონ საქართველოში და საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა აქედან აწარმოონ.

55
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: სახელმწიფო გააგრძელებს შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას

115
(განახლებულია 18:42 16.07.2020)
პრემიერი, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდება ქვეყნის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და როგორ გამოდის კრიზისიდან.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მთავრობა მოიზიდავს საჭირო ფინანსურ რესურსებს, რათა კიდევ ერთხელ დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს.

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთვლის სუბსიდირებას გეგმავს>>

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების პაკეტებით ამ დროისთვის უკვე ისარგებლა 721 ათასმა მოქალაქემ. ფულად კომპენსაციებს, მათ შორის, იღებენ თვითდასაქმებულები, ასევე ის დასაქმებულები, რომლებმაც შემოსავალი ან სამუშაო პანდემიის დროს დაკარგეს. გარდა ამისა, ერთჯერად დახმარებას იღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურად მუშაობდნენ.

„მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს დაავალა, გადახედოს იმ მოქალაქეების სიას, რომლებსაც სახელმწიფო სოციალურ მიზნობრივ დახმარებას უწევს და იფიქროს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით მათთვის.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დახმარების პროგრამით უკვე 70 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრს რთვლისა და თხილის მოსავლის აღების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ამ სფეროებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაავალა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გუშინ თელავისა და ყვარლის რაიონებში სეტყვისგან რამდენიმე სოფელი დაზარალდა და პირობა დადო, რომ მთავრობა ფერმერებზე იზრუნებს.

ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ველოდებოდით

მიუხედავად ნეგატიური მოლოდინებისა, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნება, ასევე აშკარად იზრდება აქტიურობა ტურისტული სექტორის მიღმა. დადებითი მაჩვენებლებია ფინანსურ სექტორში როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს საკითხები გამოყო პრემიერმა.

„უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც პირველ რიგში აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი, ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად გაიზარდა აქტიურობა. მაგალითად, სამშენებლო სექტორში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების გაყიდვები.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანამ მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და კიდევ ახერხებს კორონავირუსის ეფექტურ მართვას და ეს „არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური სწრაფი და ეფექტური აღდგენის“.

115
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (649)
მონღოლი ბიჭი

ბუბონურმა ჭირმა მონღოლეთს მიაღწია - ექიმების პასუხი

0
ეს მონღოლეთში ბუბონური ჭირით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ადრე ამავე პროვინციაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. მონღოლეთის ექიმებმა განაცხადეს ბუბონური ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ - საუბარია ქვეყნის დასავლეთით მდებარე გოვ-ალტაის პროვინციის მკვიდრ 16 წლის მოზარდზე, რომელიც უკვე იზოლაციაში მოათავსეს, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„16 წლის ბიჭმა ერდენეს სომონიდან (უმცირესი ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში) იზოლაციაშია ადგილობრივ საავადმყოფოში. ოთხშაბათს მას მაღალი სიცხე ჰქონდა“, - იუწყება მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ 14 ივლისს ბიჭმა ვირზაზუნას ხორცი შეჭამა. ეს მღრღნელი ხშირად არის ბუბონური ჭირის გადამტანი. ექიმები მოქალაქეებს არ ურჩევენ მის ჭამას.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე პროვინციაში (გოვ-ალტაი) ბუბონური ჭირით ინფიცირების შედეგად 15 წლის მოზარდი დაინფიცირდა. მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მან მეგობრებთან ერთად ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. გარდაცვლილი მოზარდის ორი მეგობარი და კიდევ 15 პირი კარანტინში მოათავსეს და მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჭირი - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ძალიან გადამდებია. ბუნებრივ კერებში ინფექციის - ჭირის ჩხირის - წყაროებია ძირითად მღრღნელები: ვირზაზუნა, თრია, ციყვი, ვირთხები, ხოლო გადამტანები რწყილები არიან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს