საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ინფლაცია იზრდება

გამოწერა
ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ინფლაცია საქართველოში საგანგაშო არ არის და ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება მაჩვენებლის ზრდაზე, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა, ამასთან ფასებმა სურსათზე 13,5%-ით მოიმატა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის – ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

ეროვნული ბანკის ზომები

ნახევარ წელიწადში ლარი აშშ დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად დადგენილი ლარის კურსი დოლარის მიმართ იყო 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან 2,9770 GEL/$1-ს მიაღწია.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირდება: ეროვნული ბანკის პროგნოზი

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რომლის მიზანი გაცვლითი კურსის გაუარესების შემდეგ ინფლაციური ზეწოლის ნეიტრალიზება იყო.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 4 სექტემბერს გაზარდა (6,5%-დან 7%-მდე), მეორედ – 25 სექტემბერს (7,5%-მდე). ხოლო 27 სექტემბერს, როდესაც ლარმა ახალ ანტირეკორდს მიაღწია (2,9808 GEL/$1), ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვებიდან 40 მლნ დოლარი გაყიდა. საქართველოს მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ მიმართულ ამ ზომებს მხარი დაუჭირა, მაგრამ ამან მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი გამოიღო.

რატომ გაამკაცრა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა>>

შედეგად ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი 8,5%-მდე გაზარდა. შედეგად ლარის კურსი დასტაბილურდა ნიშნულზე 2,96 GEL/$1.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი

ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ მდგრადია, მაგრამ ლარის კურსის დაცემამ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6,9%-მდე გაზარდა.

„ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, როდესაც შემცირდება ცალკეული ფაქტორების გავლენა ფასებზე, ხოლო ფულად-საკრედიტო პოლიტიკა აუცილებლობის მიხედვით შეიცვლება. ეკონომიკურ პერსპექტივებს ნეგატიური რისკები აქვს, რაც, ძირითადად, საგარეო ვითარებას უკავშირდება", – განაცხადა ვერა-მარტინმა.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულებას.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან (მონეტარული) პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება", – განაცხადა ვერა-მარტინმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს>>

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა", – განაცხადა მაჭავარიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0