შანხაი

საქართველო ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე წარდგება

37
ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნება და 10 ნოემბერს დაიხურება

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს დელეგაცია  ჩინეთში,  შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo CIIE-2020) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გამოფენაში 150 ქვეყნისა და რეგიონის 3000 მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა ჩინეთის ეროვნულ საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება. გამოფენის პარალელურად ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრონ.

საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს გამოფენის პარალელურად მიმდინარე ბიზნეს ფორუმში, ასევე სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკას შეეხება. გარდა ამისა, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნულ საგამოფენო პავილიონს დაათვალიერებს, აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო და რეგიონალურ ლიდერებთან, აგრეთვე ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, აგრეთვე 30-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია საქართველოს ეროვნულ პავილიონზე განთავსდება.

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 5 ნოემბერს გაიხსნება და 10 ნოემბერს დაიხურება.

საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის.

საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

37
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (309)