„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე

რა ბედი ელის ანაკლიის პორტს: კონსორციუმი კვლავ ვერ ეტევა ვადებში

48
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ინვესტორების შეცვლას გადაწყვეტს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, დროულად ვერ დახურავს ფინანსურ გარიგებას და ამისათვის როგორც მინიმუმ ექვს თვეს ითხოვს, განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).თუმცა Conti group-მა კონსორციუმი უკვე დატოვა და ის მთავარი ინვესტორის  გარეშე დარჩა.

ამასთან, 16 დეკემბრამდე ძალაში უნდა შევიდეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც საჭიროა პირველი ფაზის ფინანსური დახურვისთვის, ხოლო 17 დეკემბრამდე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უნდა წარმოადგინოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ ვალდებულებების შესრულებას. წლის ბოლომდე კი კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება და ასევე კრედიტორებისგან დაფინანსების მიღების შესახებ დოკუმენტი. ფინანსური გარიგების დახურვა უკვე ექსჯერ არის გადავადებული.

ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მიღებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან - EBRD EIB OPIC-სა და NDB-გან, მაგრამ ისინი გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვენ და მათში ყველაზე მთავარია სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის განრიგის მიხედვით დაფარვის დაზღვევა. დათქმული პირობებით, მთავრობამ ეს სახსრები უნდა გადასცეს კონსორციუმს, რომელმაც, თავის მხრივ ისინი ბანკებს უნდა ჩაურიცხოს.

ამ პირობას კატეგორიულად არ ეთანხმება ხელისუფლება და ამ საკითხში დათმობებზე წასვლას არ აპირებენ.

„წლის ბოლომდე არსებული ვადა ჩვენთვის, კონსორციუმისთვის სრულიად არაადეკვატურია. ზოგადად ვადაზე საუბარი არის არაკონსტრუქციული. იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ ეტაპზე გადასაჭრელია, მინიმუმ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც ბანკები, ოპერატორი და ინვესტორები აყენებენ. მინიმუმ ხომ უნდა დავიბაროთ ეს ხალხი, გავმართოთ მათთან შეხვედრა? ორი თვის მანძილზე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არარეალისტურია“, - აცხადებს ახვლედიანი.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ამჟამად კონსორციუმს აქვს სამი მოთხოვნა. პირველი - სახელმწიფოს მიერ პორტის ინვესტორების მხარდაჭერა, მეორე - ტვირთების გარანტიის უზრუნველყოფა და მესამე - ამერიკული კომპანია SSA Marine-ს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება საქართველოში სხვა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში არ ჩაერთვება.

ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს >>

„თუ იმ სამ საკითხზე, რომელზეც ვისაუბრე, შევთანხმდებით და მთავრობა წამოგვყვება, ჩემი გადმოსახედიდან, დღეს სადაც დგას პროექტი, საჭირო იქნება კიდევ 6 თვე, რომ ყველა მოლაპარაკება დაიხუროს და ამ 6 თვის თავზე ბარი იყოს დარტყმული და მშენებლობა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, კონსორციუმის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ მთავრობა შეთანხმებას გაწყვეტს, კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

„თუ ვერ შევთანხმდებით, აქციონერები, სამწუხაროდ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა დაიწყონ და იქ გაეცემა პასუხი, ვინ შეასრულა ან არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები“, - განაცხადა ახვლედიანმა.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად და „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩასართავად, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს.

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს - ბათუმსა და ფოთში, ამასთან დღეისათვის ძირითადი ტვირთნაკადი ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი მისი სიღრმეა - დღეისათვის პორტს 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება არ შეუძლია. ანაკლიის პორტმა კი პირველი ფაზის დასრულებისთანავე 10 ათასი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება უნდა შეძლოს.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები. თუმცა, ამაზე ყველაფერი შეჩერდა. ამჟამად პორტის მშენებლობა შეჩერებულია.

პორტის განვითარება ცხრა ფაზად უნდა განხორციელდეს.

პირველი ფაზა, რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, გულისხმობს სატვირთო გემებისთვის პორტის მშენებლობას, კონტეინერების ტერმინალს, ტალღების მჭრელს და ეზოს ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვებისთვის.

დაგვიანებული „საუკუნის პროექტი", ახალი შანსი და „აბრეშუმის გზის" ქვეყნების მოლოდინები >>

პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მლნ დოლარია.

48
თემები:
საქართველოს ეკონომიკა (311)