ხმები „ლარის გარდაცვალებაზე“ ნაადრევია? ანუ მძიმე რეალობა და ბუნდოვანი პერსპექტივა...

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის ქუჩა
თბილისის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მზარდი ინფლაცია, გაძვირებული ცხოვრება – ასეთია რეალობა. როგორია ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, სად გადის ოცნების შესაძლებლობის ზღვარი?

სამსონ ხონელი

ეს ის შემთხვევაა, როცა დაბალი სჯობს მაღალს... თუმცა ეს ერთადერთი გამონაკლისი როდია. რას გულისხმობ? − უსათუოდ ჩამეძიება მკითხველი და მართალიც იქნება, ეპილოგი ბუნდოვანია და ნათქვამი აშკარად დაზუსტებას საჭიროებს. რა გაეწყობა, რეპლიკას გავითვალისწინებ. სხვისი არ ვიცი, მე კი აგერ უკვე ერთი კვირაა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების შუქფარზე ციფრების თამაშს ვაკვირდები და არ დავმალავ, გულს უხარია... თვალი არ ეცეს, რამდენიმე დღეა, რაც ლარი ისტორიულ მაქსიმუმს ჩამოსცდა. ერთი ამერიკული დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა 2.94-2.95-ის ფარგლებში მერყეობს. ეს კი ბევრით არა, მაგრამ იმაზე ნაკლებია, თუნდაც ათი დღის წინ რომ იყო. ერთი სიტყვით, ეროვნული ვალუტა უმნიშვნელოდ გამყარდა და გაჩნდა იმედი, რომ ხმები „ლარის გარდაცვალების“ თაობაზე ნაადრევია...

ღვინობისთვის მესამე დეკადაში გამოკვეთილი პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ – ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურების პირდაპირი შედეგია მზარდი ინფლაციაც, რაც, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება, პირველ რიგში, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასებზე. ნათქვამის დასტურად კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებს მოვიშველიებ. მიმდინარე წლის სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ საქართველოში 6.4 პროცენტი შეადგინა. ამ მოცულობის ინფლაცია ქვეყანაში არ ყოფილა 2017 წლის შემდეგ. ფასებმა კი მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მოიმატა...

თბილისი - Sputnik საქართველო
სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?... ანუ ეროვნული ბანკის ვერდიქტი...

ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელზე ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ვწერდი. მახსოვს, ფასების ზრდის დინამიკა ცალკეული ჯგუფების მიხედვით შემოგთავაზეთ და ვეჭვობ, დაკონკრეტება საჭირო იყოს. გაძვირების პარამეტრებით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია „საქსტატის“ ვებ-გვერდზე ოფიციალურ მონაცემებს გაეცნოს. მე კი თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ამავე უწყების კიდევ ერთ მონაცემზე, რომელიც დროის გაცილებით ხანგრძლივ მონაკვეთს მოიცავს.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, ანუ ქვეყანაში სახელისუფლებო გუნდის ცვლილებიდან დღემდე სურსათი 33 პროცენტით გაძვირდა. რასაც 2012 წლის სექტემბერში 300 ლარად იყიდდით, დღეს იგივე შენაძენისთვის 400 ლარი დაგჭირდებათ. აქვე საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტული პერიოდის მონაცემის ჩვენებით ხელისუფლების საქმიანობის შედეგს არ ვაფასებ და არც მის ავკარგიანობაზე მივანიშნებ. ფაქტის კონსტატაციაა მხოლოდ... მოკლედ, საკმარისია მარტივი არითმეტიკით დავკავდეთ, დავრწმუნდებით, რომ ბოლო ხანებში ფასების ზრდა მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. ოჯახის ხარჯები საშუალოდ 80-100 ლარით გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, იქ, სადაც ხარჯის გაზრდის რესურსი არსებობდა. შესაბამისად, გასაკვირი არ იყო, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევისას რესპონდენტებმა ეროვნული მნიშვნელობის პრობლემურ საკითხთა ჩამოთვლისას მეორე და მესამე პოზიციაზე ფასების ზრდა, ინფლაცია და სიღარიბე დაასახელეს, შესაბამისად, 34 და 33 პროცენტით. პირველი ადგილიც ეკონომიკის სფეროს განეკუთვნება, კერძოდ, სამუშაო ადგილები − 48 პროცენტით. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ მისი შემოსავალი ახლა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო... ანალიტიკოსებისა და ეკონომისტთა შეფასებით, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები მოულოდნელი არ არის. გასაკვირი იქნებოდა, სხვაგვარი მოცემულობა რომ ყოფილიყო. ხალხის განწყობაც ადეკვატურია და ადასტურებს იმ მძიმე სოციალურ ვითარებას, რაც ქვეყანაშია...

გიორგი გახარიას შეხვედრა ბიზნესმენებთან - Sputnik საქართველო
დახურულ კარს მიღმა... ანუ რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან?..

ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ინფლაციის დონის მატებისა და ფასების ზრდის შესაძლო მიზეზებზე ხშირად მისაუბრია. მოკლედ ვიტყვი, რომ მთავარი ეკონომიკის ზრდის დაბალი მაჩვენებელია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შედეგია. არ უნდა დავივიწყოთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიც, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე. არ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი საყრდენი მომსახურების სფერო, ანუ ტურიზმი იყოს. საგარეო ვაჭრობაში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა პოზიტიური პროცესია, თუმცა მხოლოდ მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობა არსებული გამოწვევების დასაძლევად საკმარისი არ არის. საჭიროა კომპლექსური მიდგომა და სისტემური რეფორმები. ანალიტიკოსები დიდი ხანია აცხადებენ, რომ საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა და მისი ეკონომიკა წარმოებაზე ორიენტირებული არ არის. ამ რეალობაში შეუძლებელია ქვეყანაში სხვა სოციალურ-ეკონომიკური მოცემულობა იყოს.

მკითხველი დამეთანხმება, ერთია რა არის და სხვაა რა შეიძლება მომავალში იყოს... ექსპერტთა ერთი ნაწილის შეფასებით, მომავალი წლის იანვრიდან ვითარება განსაკუთრებით დამძიმდება, რადგან სასურსათო და სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტის წილი გაიზრდება. საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა პერსპექტივა აქვს ლარს და როგორ წარიმართება ინფლაციური პროცესი?

ამ და ყველა სხვა შესაძლო კითხვებზე საპასუხოდ „თიბისი რისერჩის“ ანალიტიკოსთა მოსაზრებებს მოვიშველიებ. მათი შეფასებით, წლის ბოლომდე ინფლაცია 8 პროცენტამდე გაიზრდება. მზარდი ინფლაციის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა რამდენჯერმე უკვე გაამკაცრა, თუმცა თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, სავარაუდოდ, კვლავ მოსალოდნელია.

თბილისი - Sputnik საქართველო
საბანკო არითმეტიკა... პესიმისტური პროგნოზი და სარფიანი შედეგი...

ყველაზე სასურველი და მეტ-ნაკლებად რეალისტური პროგნოზის გამართლების შემთხვევაშიც კი ლარი ერთი ამერიკული დოლარის მიმართ შესაძლოა მხოლოდ 2.8-2.85 ფარგლებში გამყარდეს. მაგრამ ინფლაცია მაინც მაღალი იქნება. მნიშვნელოვანია ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს თუნდაც მომავალი წლის ბოლოს მიუახლოვდეს.

ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, არსებითია, როგორი იქნება საგარეო ფაქტორები. ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური ტენდენციებიც აღინიშნება. ბოლო პერიოდში თურქეთში ეკონომიკური სტაბილიზაციის ნიშნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამას თან დაერთო ამერიკის შეერთებული შტატების ათწლიანი სახელწიფო ფასიანი ქაღალდების სარგებლის კვლავ შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც პოზიტიურად მოქმედებს საქართველოს მსგავსი ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობაზე.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. აღნიშნავენ, რომ წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ეკონომიკის სტიმულირების ნაცვლად სოციალური პრობლემების შემსუბუქებაზეა ორიენტირებული. დავძენ, რომ მმართველი გუნდის ეს არჩევანი, სავარაუდოდ, მომავალი წლის პოლიტიკური ბატალიებით არის განპირობებული...

თბილისი - Sputnik საქართველო
სანდო ქვეყნის იმიჯი, პოზიტიური პროგნოზი და გაურკვეველი მოლოდინი...

და, ბოლოს, საკამათო არ არის, რომ გადამწყვეტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპი. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, „თიბისი რისერჩის“ კვლევების შეფასებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წლიური ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტის ფარგლებში იქნება. მთლიანად 2019 წელს 4.4-პროცენტიანი, ხოლო მომავალ წელს 4.2-პროცენტიანი ზრდაა ნავარაუდევი. ბევრია ეს თუ ცოტა? გააჩნია რისთვის. როგორც ანალიტიკური ჯგუფი აცხადებს, არსებულ გამოწვევათა დასაძლევად − არასაკმარისი. საკამათო არ არის, რომ მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიც არის რუსეთიდან ფრენების აღდგენა, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებში ჩართვა, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტისა და მსხვილი ჰესების მშენებლობის უფრო აქტიურ ფაზაში შესვლა და დაკრედიტების ზრდა, განსაკუთრებით, ბიზნეს-კრედიტების ნაწილში...

ერთი სიტყვით, რეალობა მძიმეა, პერსპექტივა ძნელად პროგნოზირებადი და ბუნდოვანი, მაგრამ მთავარია, რომ ჯერ კიდევ არის ვითარების რეალისტურად აღქმის უნარი. სხვა უკვე ოცნების საქმეა...   

 

ყველა ახალი ამბავი
0